რატომ აღარ განვიცდი არაფერს – გიორგი ჯაჯანიძე

ცმობილი ტელეწამყვანი ფეისბუქის მომხმარებლებს სიკეთესა და ბოროტებაზე საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს:

“რატომ ვარ ბედნიერი და რატომ აღარ განვიცდი არაფერს.

რატომ აღარ მიკვირს მოვლენები და რატომ აღარ მიმაქვს გულთან დარდი.

ბავშვობიდან ასე ვიყავი, სულ მიხაროდა და სიხარულს დავატარებდი გულით, არ ვიცოდი რა მიხაროდა, მაგრამ მიხაროდა. მხიარული ბავშვი არ ვიყავი, ყველას და ყველაფერს ვაკვირდებოდი, თუ ვინმე რამეს მიყვებოდა ძალიან ყურადღებით ვისმენდი და მერე სულ ამ მონაყოლზე ვფიქრობდი.

ძალიან პატარა ასაკში გავაანალიზე, რომ ადამიანთა მოდგმა ბოროტია, ვიდრე კეთილი. მე კიდე ის მაბედნიერებდა, ბორტი რომ არ ვიყავი.

ბევრი ადამიანი ვნახე ცხოვრების გზაზე.

ვნახე ადამიანები, ვისაც სხვისი ცუდი უხაროდა.

ვნახე ადამიანები, ვინც ზურგს უკან ახლობლებს ლანძღავდნენ და ჭორავდნენ.

ვნახე შურიანი, ბოღმიანი, შურისმაძიებელი, ცილისმწამებელი და ბოროტი ადამიანები.

ნელ-ნელა ყველას ვშორდებოდი, ვერიდებოდი და გაურბოდი, ან კონტაქტში არ შევდიოდი და მხოლოდ სალმით შემოვიფარგლებოდი.

ვნახე ადამიანები, რომლებმაც დამაპურეს და მერე წამომაძახეს.

ვნახე თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანი და მივხვდი, ასეთია ეს ცხოვრება, უნდა მიიღო, აკეთო სიკეთე და არაფერს არ უნდა ელოდო მათგან.

ვნახე უამრავი ნამდვილი, კეთილი ადამიანი, რომლებმაც შემიფარეს, სულიერი სიცოცხლე გამიხანგრძლივეს და დღემდე მათბობენ.

ნამდვილმა ადამინებმა გამიკეთეს სიკეთე და არავინ გამომკიდებია იმის სათქმელად, სიკეთე გაგიკეთეო.

მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს უნარი დავინახო კარგი და ცუდი. ვიგრძნო ნამდვილი და ყალბი. ამიტომ მე მივიღე ყველაფერი რაც ირგვლივ ხდება, მწამს ღმერთის და მჯერა ,,უფლის ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია”

დიდი გზა გავიარე, კომუნისტური ხანა, საბჭოთა ჯარი, მერე ეროვნული მოძრაობა, სამოქალაქო ომი, დაპირისპირება, სიძულვილი, ერთმანეთის შუღლი, რევოლუცია და ერის გახლეჩვა. გზა, რომელიც უნდა გაევლო საქართველოს, რომ სრული სურათი დაგვენახა დღეს.

ქართველებს ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთის ცუდი უხარათ და ერთმანეთს დედას აგინებენ.

ამაზე ცუდი რა უნდა იყოს.

ამასწინათ ორი უწყინარი ვიდეო დავდე, ისეთი ამბავი ატყდა, ისეთი კომენტარები დაწერეს, არა ერთხელ ვუყურე ვიდეოებს და ვიფიქრე, რა ბოროტი, გულღრძო და ღვთის პირიდან გავარდნილი უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთი შინაარსის ვიდეოზე, იგინებოდეს, ილანძღებოდეს და იწყევლებოდეს.

ზოგს ჩუმად უხაროდა, რომ მლანძღავდნენ და ზურგს უკან ამბობდნენ აბა მარტო ჩვენ უნდა გვლანძღონო?

,,კეთილისმსურველებმამა” და ,,გულშემატკივრებმა” გამაგებინეს.

არაუშავს, გულწრფელად ვიგებ ამ მოვლენას და ფენომენს, განგებამ დაუშვა ეს, მოავლინა დედამიწაზე, ადამიანები თავად აირჩევენ ვინ იქნება ბოროტი და ვინ კეთილი. ზოგიერთ ბოროტს ისიც არ ეცოდინება, რომ ბოროტია და სულ გაკვირვებული იქნება, რატომ მიდის მისი საქმე უბედურად.

ამ შემთხვევაში ამბავი მოგიყევით ჩემი გამოცდილებით. თან ჩემი დამოკიდებულებაც მოგახსენეთ.

ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ პაწია თითებს ვაწკაპუნებ, თქვენ გწერთ და გაგებინებთ, რომ ბედნიერი დავბერდი.

ნელ-ნელა ჩემი დრო მიდის და ამას მშვიდად ვხვდები, რატომ უნდა ვიდარდო დარჩენილი ცხოვრება, იკითხოს იმან, ვინც სხვის ლანძღვაში ათენ-აღამებს, ამან მიჩვევა იცის და ბალღამში არ დაბერდეთ.

შენ მოხვედი რათა იყო უღმერთო და სიმართლეს ამოფარებული, შენ მოხვედი იმისთვის, რომ ანთხიო სიძულვილი და ბოროტება. ალბათ ასეა საჭირო, როგორც სარეველა მცენარეა საჭირო მიწისთვის.

შენ მოხვედი რათა დაითმინო სიყვარულისთვის, შენი დედის, და-ძმის, შვილების და ნამდვილი მეგობრების კეთილდღეობისთვის.

დანარჩენი კონკრეტიკა ჩემს წიგნში იხილეთ, რომელიც მალე გამოვა. წაიკითხავთ კვლევას: როგორ დაამთავრეს და როგორ ამთავრებენ ცხოვრებას, ისინი, ვინც აგრესიაში ცხოვრობენ, ისინი, ვისაც უხაროდა სხვისი ცუდი და ისინი, ვინც სხვას დასცინოდნენ.

თუ დაინტერესდები რატომ ხარ ხელმოცარული და წარუმატებული, ან კარგად ხარ და გამჩენი არ გასვენებს, ჰკითხე საკუთარ თავს და სწორ პასუხს მიიღებ, თუ განგება შენ მხარესაა”, – წერს გიორგი ჯაჯანიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები