ყაზახმა ფერმერმა გედები ყინვისგან იხსნა (ვიდეო)

მამალმა განსაცდელში მეწყვილე არ მიატოვა

ყაზახეთში მკაცრი ზამთარი იცის. ძლიერი ყინვები, გამჭოლი ქარი და გაყინული წყალსატევები ხშირად მომაკვდინებელ საფრთხედ იქცევა ველური ბუნებისთვის.

2025 წლის 11 დეკემბერს, პავლოდარის ოლქის ბაიანაულის რაიონში, სწორედ ძლიერი ყინვების ფონზე, ბაურჟან ჟაკუპოვი მამასთან ერთად შინ ბრუნდებოდა. ისინი პირუტყვისთვის მარილის მოსატანად იყვნენ გასულები — ოჯახი მესაქონლეობით არის დაკავებული და ეს გზა მათთვის კარგად ნაცნობი იყო.

გაყინულ წყალსაცავთან გავლისას მათ თეთრი ლაქა შეამჩნიეს —ეს იყო  წყლის პირას დარჩენილი გედი. ბაურჟანმა მამას მანქანის გაჩერება სთხოვა. თავდაპირველად მხოლოდ ვიდეოს გადაღება ჰქონდა განზრახული, თუმცა ყინულზე გადასვლისას მიხვდა, რომ ფრინველს დახმარება სჭირდებოდა. ყინული ფეხქვეშ სკდებოდა, ხოლო გედი, რომელიც თითქოს აფრენას ცდილობდა, მხოლოდ ფრთას არხევდა და ადგილიდან ვერ იძვროდა. სწორედ მაშინ გახდა ნათელი, რომ ფრენა აღარ შეეძლო.

გედის მიტოვება ასეთ ყინვაში მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. მამა-შვილმა ფრინველი ფრთხილად აიყვანა — წინააღმდეგობა მას არც კი გაუწევია. ხელში აყვანისას გედი ფრთებით მჭიდროდ მიეკრა ადამიანს, თითქოს გრძნობდა, რომ საფრთხისგან იხსნიდნენ.

უკან დაბრუნებისას მათ მოშორებით კიდევ ერთი თეთრი ლაქა შენიშნეს. მეორე გედს, როგორც ჩანს, ბუმბული ყინულზე ჰქონდა მიყინული და გადაადგილებას ვერ ახერხებდა. ბაურჟანმა ხელებით დაიწყო ყინულის გათბობა, რათა ფრინველი ფრთხილად გაეთავისუფლებინა და ზიანი არ მიეყენებინა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დედალ გედს თათი ჰქონდა დაზიანებული, ხოლო მამრი სიცივისა და შიმშილისგან ძლიერ იყო დასუსტებული. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მამალ გედს პარტნიორი არ მიუტოვებია და მთელი ეს დრო მის გვერდით დარჩა, რაც მათი ერთგულების ნათელ მაგალითად იქცა.

გედები ბაურჟან ჟაკუპოვის სახლში გადაიყვანეს, სადაც ისინი დღემდე იმყოფებიან. მათი მდგომარეობა უკვე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. მამაკაცი ფრინველებს დღეში სამჯერ კვებავს — დაქუცმაცებული ხორბლით, შვრიითა და ქერით, განსაკუთრებულ ნუგბარად კი წიწიბურა ითვლება.

როგორც ბაურჟანი ამბობს, გედებს კარგი მადა აქვთ და მხოლოდ სუფთა წყალს სვამენ — დაბინძურებულს საერთოდ არ ეკარებიან. ის მათ ესაუბრება, გიტარაზე უკრავს და სიმღერებსაც უმღერის. ფრინველები მას შეეჩვივნენ, თუმცა მამრი ზოგჯერ უჟმური ხასიათით გამოირჩევა და ნისკარტით კბენასაც არ ერიდება.

გადარჩენილ გედებს ბაურჟანმა სიმბოლურად სახელები დაარქვა — მარადიული და სიყვარული.

კომენტარები

სხვა სიახლეები