ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იაპონიიდან ყველა გიგანტური პანდა სამშობლოში დააბრუნოს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავებას უკავშირდება. მედიის შეფასებით, 1973 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პანდების დაბრუნება საგარეო პოლიტიკური კონტექსტის ფონზე ხდება.
ცნობილია, რომ მსოფლიოში არსებული ყველა პანდა ჩინეთის საკუთრებად მიიჩნევა და სხვა ქვეყნებს ისინი მხოლოდ იჯარით გადაეცემათ. პანდების უცხოეთში ყოფნა ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების სიმბოლოდ ითვლება, ხოლო მათი დაბრუნება, როგორც წესი, ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე მიანიშნებს.
მედიის ცნობით, იაპონურ ზოოპარკებში პანდების ხილვა მხოლოდ იანვრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე ზოოპარკმა ბილეთების გაყიდვა ლატარიის პრინციპით დაიწყო.
დიპლომატიური დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება იაპონელი პოლიტიკოსის, სანაე ტაკაიჩი-ს განცხადებები ტაივანთან დაკავშირებით. კერძოდ, მან ტაივანი „იაპონიის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ტაივანის ირგვლივ ნებისმიერი კრიზისი პირდაპირ გავლენას მოახდენს იაპონიაზეც — განცხადება, პეკინმა შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა.
გიგანტური პანდების ე.წ. „პანდადიპლომატია“ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ რბილ ინსტრუმენტად ითვლება. მაგალითად, სხვა ქვეყნების ზოოპარკებში პანდების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი ჯდება, ხოლო შეთანხმებები ყოველთვის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზეა მიბმული.