ქურდობა ელისეის სასახლეში – დაკავებულია პრეზიდენტის ყოფილი ხაზინდარი და ორი პირი

ელისეის სასახლე-დან ვერცხლისა და ფაიფურის ძვირად ღირებული ჭურჭლის ქურდობა 2024 წლიდან ხდებოდა და, გამოძიების მონაცემებით, სისტემატურ ხასიათს ატარებდა. დანაშაულში ჩართული იყო სასახლის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პრეზიდენტის რეზიდენციის ძვირადღირებული ჭურჭლის აღრიცხვასა და კონტროლზე პასუხისმგებელ ხაზინდრად მუშაობდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სწორედ 2024 წლიდან დაუკავშირდა იგი სოციალურ ქსელში ფაიფურის კოლექციონერს, რომელმაც ელისეის თანამშრომელი დაარწმუნა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციიდან ვერცხლის რამდენიმე ნივთი გაეტანა. მოგვიანებით, ხაზინდარმა დანაშაულში თავისი პარტნიორიც ჩართო — პირი, რომელიც ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობდა.

ამ დროიდან დაიწყო ელისეის სასახლიდან იმ ჭურჭლის გაქრობა, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვახშმებსა და მდიდრულ მიღებებზე გამოიყენებოდა — თეფშები, ჭიქები, ვერცხლისა და ფაიფურის სხვა ნივთები – ნაქურდალი ვერსალში მცხოვრებ კოლექციონერს გადაეცემოდა. გამოძიების მიხედვით, ნივთების ნაწილი საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობა იყო, ხოლო რამდენიმე მათგანი პრეზიდენტის მიერ 2018 წელს იყო შეკვეთილი და მათი ღირებულება ასობით ათას ევროდ ფასდება.

ქურდობა ეტაპობრივად ხორციელდებოდა. კოლექციონერმა, ნივთების მიღების შემდეგ, ინვენტარის მონაცემები გააყალბა, რათა დაკარგული საგნები ოფიციალურ აღრიცხვაში არ გამოჩენილიყო. სქემა მანამდე მოქმედებდა, ვიდრე გარკვეული ნივთების არარსებობა თვალსაჩინო გახდა, რის შემდეგაც ელისეის სასახლის თანამშრომლებმა სამართალდამცველებს ფაქტის შესახებ შეატყობინეს.

ამის შემდეგ საქმეში პარიზის საგამოძიებო ჯგუფი ჩაერთო. ელისეის თანამშრომელსა და კოლექციონერს შორის განხორციელებული საეჭვო კომუნიკაციის ანალიზმა გამომძიებლები ეჭვმიტანილებამდე მიიყვანა, რაც დეკემბრის შუა რიცხვებში სამი პირის დაკავებით დასრულდა.

Le Parisien-ის ცნობით, დაკავებას თან ახლდა კოლექციონერის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, სადაც მოპარული ნივთების დიდი ნაწილი ამოიღეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყველა მოპარული საგანი სახელმწიფოს დაუბრუნონ.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე პარიზის სისხლის სამართლის სასამართლოში 18 დეკემბერს უნდა განხილულიყო, პროცესი ახალი მოსმენისთვის 2026 წლის თებერვლამდე გადაიდო.

კომენტარები

სხვა სიახლეები