შობის ყველაზე უცნაური ტრადიციები — როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში

შობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რელიგიური, ოჯახური და კულტურული მნიშვნელობის დღესასწაულად აღიქმება, რომელიც ოჯახურ ერთიანობას, სიმშვიდესა და ტრადიციებს უკავშირდება, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ეს დღე სრულიად უჩვეულო წეს-ჩვეულებებით აღინიშნება. ზოგიერთი ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, ზოგი კი თანამედროვე კულტურის ნაწილად ჩამოყალიბდა, თუმცა ყველა მათგანი შობის მრავალფეროვან სახეს უსვამს ხაზს.

ავსტრიასა და გერმანიის გარკვეულ რეგიონებში დეკემბრის დასაწყისში „კრამპუსნახლტი“ იმართება — ღამეები, როდესაც ქუჩებში დემონური არსების, კრამპუსის კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები დადიან. კრამპუსი მითოლოგიური ფიგურაა, რომელიც ურჩ ბავშვებს აშინებს და ამ გზით „კარგი ქცევის“ სიმბოლოდ არის ქცეული, შობის მოახლოების პარალელურად კი ქალაქები თეატრალურ სანახაობად გარდაიქმნება.

ესპანეთის კატალონიაში შობის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ სიმბოლოდ „კაგა ტიო“ — ღიმილიანი მორი მიიჩნევა. ბავშვები მას დეკემბრის განმავლობაში „აჭმევენ“, ხოლო შობის დღეს ჯოხებს ურტყამენ, რათა „საჩუქრები გამოუშვას“. ტრადიცია იუმორს, ბავშვურ თამაშსა და ოჯახურ ერთიანობას ეფუძნება.

 

შვედეთის ქალაქ გევლეში ყოველწლიურად დგამენ გიგანტურ ჩალის თხას, რომელიც შობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაწვა არაოფიციალურ „ტრადიციად“ იქცა — უსაფრთხოების ზომებისკენ მოწოდების მიუხედავად, თხის “გადარჩენა” ყოველ წელს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ისლანდიაში შობას „იულის კატა“ ახლავს — ლეგენდარული არსება, რომელიც გადმოცემის მიხედვით იმ ადამიანებს სჯის, ვინც დღესასწაულისთვის ახალ ტანსაცმელს არ მიიღებს. სწორედ ამიტომ, აქ ახალი ტანსაცმლის ჩუქება შობის აუცილებელ ნაწილად არის ქცეული და ამ წესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

იაპონიაში შობა რელიგიურ დღესასწაულად არ აღიქმება, თუმცა ქვეყანაში სრულიად უცნაური  ტრადიცია ჩამოყალიბდა — შობის საღამოს ოჯახები და მეგობრები სწრაფი კვების ქსელ KFC-ში იკრიბებიან. შემწვარი ქათამი შობის მთავარ კერძად იქცა და სარესტორნო ქსელი მაგიდებისა და საკვების ჯავშანს ხშირად რამდენიმე კვირით ადრე იღებენ.

ჩეხეთში შობის ღამეს გაუთხოვარი გოგონები ფეხსაცმელს კარისკენ ისვრიან. თუ ფეხსაცმლის ცხვირი კარისკენ აღმოჩნდება, მიიჩნევა, რომ მომდევნო წელს ქორწილი ელით, ხოლო თუ უკუღმა დაეცა — ქორწინებას მომდევნო წლებში უნდა დაელოდონ.

ეს უჩვეულო ტრადიციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შობა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღინიშნება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იგი ადგილობრივ კულტურას, იუმორს, მითებსა და ყოველდღიურობას ერწყმის და დღესასწაულს განსხვავებულ, ხშირად კი მოულოდნელ სახეს ანიჭებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები