რა უნდა შედიოდეს კაცების კვებით რაციონში ლიბიდოს შესანარჩუნებლად

მითი არაჟნის შესახებ

კაცებში ლიბიდოს დაქვეითება ხშირად მხოლოდ ასაკს ან ფსიქოლოგიურ ფაქტორებს არ უკავშირდება. სპეციალისტები და საერთაშორისო კვლევები მიუთითებენ, რომ კვებითი ჩვევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, მათ შორის — სექსუალური სურვილის დონეზეც.

ამ თემაზე წერს ავტორიტეტული სამედიცინო გამოცემა JAMA Network Open, რომელიც ამერიკის სამედიცინო ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალთა ქსელს ეკუთვნის და რეცენზირებულ, მაღალი სანდოობის კვლევებს აქვეყნებს.

რას ამბობს მეცნიერება

JAMA Network Open-ში გამოქვეყნებული ფართომასშტაბიანი კვლევის მიხედვით, სწორი კვებითი მოდელის დაცვა და შენარჩუნება ასოცირდება ერექციული პრობლემების უფრო დაბალ რისკთან. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საუბარია არა ერთ კონკრეტულ პროდუქტზე, არამედ საერთო კვებით სტილზე, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამართულ მუშაობას და ჰორმონალურ ბალანსს.

ამავე მიმართულებით, წამყვანი სამედიცინო ცენტრების მიერ ჩატარებული (რამდენიმე დამოუკიდებელ კვლევაზე დაფუძნებული) სამეცნიერო მიმოხილვა აჩვენებს, რომლის მიხედვითაც მცენარეულ და თევზის პროდუქტებზე ორიენტირებულ კვებით მოდელს სექსუალური ფუნქციის უკეთესი მაჩვენებლები აქვს.

რა უნდა იყოს კაცების კვებით რაციონში

ბოსტნეული და ხილი — ყოველდღიურად
ხილ-ბოსტნეულით მდიდარი რაციონი აუმჯობესებს სისხლძარღვთა ფუნქციას, რაც ლიბიდოსთვის გადამწყვეტი ფაქტორია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფლავონოიდებით მდიდარ პროდუქტებს — კენკრას, ციტრუსებს, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს.

თხილის პროდუქტი (კაკალი, ნუში, თხილი და სხვა)
კვლევების მიხედვით, მათი რეგულარული და ზომიერი მოხმარება სექსუალური პოტენციის ზრდასა და ენერგიის მატებას უწყობს ხელს.

პარკოსნები, მთლიანი მარცვლეული და ზეითუნის ზეთი
ეს პროდუქტები ხელს უწყობს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას.

თევზი და მცენარეული ცხიმები
საუბარია ცხიმოვან მჟავებზე, რომლებიც თევზში, ზეთებსა და თხილეულში გვხვდება. ისინი დადებითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც სექსუალური ფუნქციის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

რას სჯობს მოერიდონ

კვლევების მიხედვით, ლიბიდოს დაქვეითებასთან ყველაზე ხშირად ასოცირდება:

  • სწრაფი კვების პროდუქტები
  • ჭარბი შაქარი
  • ხელოვნურად დამუშავებული ცხიმები
  • ალკოჰოლის ხშირი და ჭარბი მოხმარება

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ასეთი პროდუქტები უარყოფითად მოქმედებს როგორც სისხლძარღვებზე, ისე ჰორმონალურ ბალანსზე.

გავრცელებული მითები საქართველოში — რას ამბობს მეცნიერება

საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, თითქოს არაჟანი ერექციისა და ლიბიდოს გასაუმჯობესებლად სასარგებლო პროდუქტია, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ინფორმაცია მცდარია და მეცნიერულ საფუძველს მოკლებული.

ისინი განმარტავენ, რომ არაჟანი ცხიმიანი რძის პროდუქტია და შეიცავს დიდი რაოდენობით გაჯერებულ ცხიმებს, რომელთა ჭარბი მოხმარება სისხლძარღვთა ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებს. სწორედ სისხლძარღვთა ჯანმრთელობაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ერექციისთვის, ამიტომ არაჟანი ვერ ჩაითვლება სექსუალური ფუნქციის გამაძლიერებელ საკვებად. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ზომიერად, როგორც ყოველდღიური კვების ნაწილი.

განსხვავებული ვითარებაა ასევე გავრცელებულ  ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ოისტერების მიღებას უკავშირდება. მეცნიერები ადასტურებენ, რომ ეს ზღვის პროდუქტები მდიდარია თუთიით, მინერალით, რომელიც მონაწილეობს მამაკაცის ჰორმონის — ტესტოსტერონის — გამომუშავებაში. თუთიის დეფიციტის შემთხვევაში, მისი შევსება, შესაძლოა, დადებითად აისახოს ლიბიდოზე, თუმცა სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ოისტერები  ერექციული პრობლემების მოსაგვარებლად არ წარმოადგენს „სასწაულებრივ საშუალებას“. ისინი შეიძლება იყოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ შედეგი დამოკიდებულია მთლიან კვებით რეჟიმსა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.

სპეციალისტები შეგვახსენებენ, რომ თუკი ლიბიდოს დაქვეითება ხანგრძლივ ხასიათს ატარებს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან მიზეზი, შესაძლოა ,ჰორმონალურ ან სხვა სამედიცინო პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები