სააღდგომო სუფრა ძნელი წარმოსადგენია პასკის, შეღებილი კვერცხებისა და, რა თქმა უნდა, ხასხასა მწვანე ჯეჯილის გარეშე.
ძველი ქრისტიანული ჩვეულების თანახმად, ხორბლის მარცვლები ბზობის კვირას უნდა დაითესოს, რათა მალე მომწიფდეს და სააღდგომოდ აღმოცენდეს – ახალი სიცოცხლისა და ქრისტეს აღდგომის სიმბოლოდ.
ახალბედა დიასახლისებს ხორბლის უმოკლეს დროში აღმოცენების ძალიან მარტივ მეთოდს ვთავაზობთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასათესი ხორბლის მომზადება აღდგომამდე დაახლოებით ერთი-ორი კვირით ადრე უნდა დაიწყოთ.
მოამზადეთ 500 გრ ხორბალი, ჩაყარეთ თასში, დაასხით თბილი წყალი და დატოვეთ ღამით.
მეორე დილით გადაწურეთ წყალი და მარცვლები და მინის ქილაში მოათავსეთ. ქილა თბილ ადგილას დადეთ 24 საათის განმავლობაში.
მეორე დღეს მარცვლები სასურველ ჭურჭელზე დაყარეთ ისე, რომ დაახლოებით, 1,5 სმ სისქის ხორბლის ფენა წარმოიქმნას.
გირჩევთ ჭურჭელი გამათბობელთან ან ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ, სადაც მას პირდაპირი მზის სხივები მოხვდება, რადგან სიცხე ზრდას აჩქარებს. ამის შემდეგ ხორბლის მორწყვა არ არის საჭირო, საკმარისია დღეში ერთხელ სპრეის ბოთლიდან წყალი შეასხუროთ. ხორბლის გაღივების სხვა ხერხიც არსებობს: მარცვლების ქილაში ჩაყრის ნაცვლად, შეგიძლიათ ჭურჭელზე ნესტიანი ბამბა დააფინოთ, მარცვლები მოაყაროთ და ყოველდღე ასხუროთ წყალი, რომ ბამბა არ გამოშრეს. თუ ამ მეთოდს გამოიყენებთ, სასურველ შედეგს მიიღებთ – თქვენი ხორბლის ყლორტები მწვანეს აბიბინდება და სააღდგომო სუფრას დაამშვენებს.
სხვა სიახლეები