2023 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი ასტროლოგისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური 2023 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს:
“I ნაწილი
2023 წლის განმავლობაში აღარ იქნება აქტიური სატურნისა და ურანის ის კვადრატული კავშირი, რომელიც 2021-22 წლების დომინანტური ასპექტი იყო. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სწორედ ეს ქმნიდა ფონს, რომელიც უკავშირდებოდა „ძველისა“ და „ახლის“ დაპირისპირებას, ცვლილებების აუცილებლობას (სატურნი – სისტემა, ძალაუფლება, წინაღობები, პრობლემები, ურანი – ცვლილება, რეფორმა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რევოლუცია). აქედან გამომდინარე, ის იდეური თუ ფიზიკური დაპირისპირება, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში ყველა რგოლში საგრძნობი იყო, 2023 წელს ნელ-ნელა დასრულებისკენ წავა. თუმცა ეს ერთი შეხედვით, რადგან ასტროლოგიური კუთხით, გლობალური პროცესები მომენტალურად არ მუხრუჭდება და მათი გავლენა დიდწილად გრძელდება (მსგავსად მანქანის დამუხრუჭებისა, რომელიც ინერციით მაინც აგრძელებს სვლას და შეიძლება შეჯახებაც კი მოხდეს).
2023 წლის დომინანტური ასპექტი იქნება იუპიტერი-პლუტონის და ასევე პლუტონ-მთვარის კვანძების კვადრატული კავშირი. პირველი მათგანი 20 აპრილიდან – 10 ივნისამდე გასტანს. მეორის გავლენა კი თითქმის მთელი 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ყოველივე მიანიშნებს, რომ ყველა ის გლობალური პროცესები, რომლებსაც გასულ წელს დაედო სათავე, ამ პერიოდში „ჩამოშლის“ წინაშე დადგება. ეს იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. ბუნებრივია, აქ რუსეთ-უკრაინის ომიც იგულისხმება. აქედან გამომდინარე, 20 აპრილიდან – 10 ივნისამდე მოსალოდნელია ომის აქტიური ფაზა გაჩერდეს ან დასრულდეს პირველი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ციკლი (თუმცა ამის აშკარა ნიშნები უკვე 2023 წლის იანვრის ბოლოდან გაჩნდება). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი რეალობა რუსეთისთვის სასიკეთო არაფრით არ იქნება.
2023 წლის ძირითადი ასტროლოგიური ტენდენციები:
პლუტონის ინგრესია მერწყულის ზოდიაქოში
ასტროლოგიაში პლუტონი „უნივერსალურ“ (ეპოქალურ) პლანეტათა ჯგუფს მიეკუთვნება. მისი ციკლი საკმაოდ ხანგრძლივია და გრძელდება 20-30 წლიდან – 250 წლამდე. ბოლოს, პლუტონმა ზოდიაქოს ნიშანი 2008 წელს შეიცვალა (ის მშვილდოსნიდან – თხის რქაში გადავიდა) და თუ გავიხსენებთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა პროცესებს დაედო საფუძველი, არ გაგვიჭირდება გავიაზროთ, თუ რა ტენდენციების განვითარება შეიძლება დაიწყოს 2023-24 წლებიდან.
2023 წელს პლუტონი მცირე ხნით შეიცვლის ნიშანს, როგორც უკვე ვთქვით, ის თხის რქიდან მერწყულში გადაინაცვლებს. ეს მოხდება 24 მარტს და შემდგომ რეტროგრადული მოძრაობით 10 ივნისს ისევ თხის რქაში დაბრუნდება. პლუტონი მერწყულში ხელახლა და ახლა უკვე საკმაოდ დიდი ხნით მხოლოდ 2024 წლის იანვარში გადავა. ასე რომ, 2023 წლის 24 მარტიდან – 10 ივნისის შუალედში დაიწყება ახალი მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობის ფორმირება. ეს იქნება ძველი ფორმების მტკივნეული ნგრევის დასაწყისი, რომელიც 2024-26 წლამდე გაგრძელდება. თუმცა 2023 წლის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი იქნება იმ ნიშნების გამოჩენა, თუ რისი ტრანსფორმაცია მოხდება შემდგომ მინიმუმ, სამწლიანი ციკლის დროს.
ეს იქნება მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადაწყობა და უპირველესად, ეს შეეხება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც პოლიტიკურად მყიფე მდგომარეობაში იმყოფებიან (იგივე, რუსეთი). 2023 წელს მთელ რიგ ქვეყნებში დაიწყება ახალი „თვითგამორკვევის“ ტალღა, რომელიც ბევრ ძველ ფორმას დაარღვევს და გარდაქმნის.
• მარსი
2023 წელს ყურადღებას ითხოვს მარსის ჯერ ლომის და შემდეგ უკვე მორიელის ნიშანში მოძრაობის პერიოდი. პირველი მათგანი იქნება 20 მაისიდან – 10 ივლისამდე და შემდეგ უკვე 12 ოქტომბრიდან – 24 ნოემბრამდე. ამ პერიოდებში ადამიანებში გაძლიერდება ენერგია, მიზანსწრაფვა და დინამიკა. ეს ერთი მხრივ, ბევრი ქვეყნის მხრიდან ახალი, ენერგიული ინიციატივების გამოვლენის და ახალი პროექტების დაწყების ძლიერი იმპულსი გახდება. თუმცა მეორე მხრივ, შექმნის დაძაბულ სიტუაციებს, რაც მოსალოდნელია გარკვეულ დაპირისპირებებში გადაიზარდოს. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს შემოდგომა (12 ოქტომბერი – 24 ნოემბერი). ბევრ ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე მოსალოდნელია ვიხილოთ პოლიტიკური დაპირისპირებები, გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები, სახელმწიფო გადატრიალებები და აჯანყებებიც კი. თუმცა 2023 წელი – წინა წელთან შედარებით ნაკლებად სახიფათო იქნება. უფრო მეტიც, შესაძლებელი გახდება 2022 წლის დაპირისპირებების შემცირება და შესაძლოა, სრულად შეწყვეტაც.
• იუპიტერი
გამარჯვების პლანეტა იუპიტერი 2023 წლის 16 მაისამდე ვერძის ზოდიაქოში იმოძრავებს. ამ დროს წარმატებას მოიტანს გაბედულების, ინიციატივის, მიზანსწრაფვის, აქტიურობის, ინდივიდუალიზმისა და ლიდერული თვისებების გამოვლენა. 16 მაისს იუპიტერი კუროს ნიშანში გადაინაცვლებს და იქ წლის ბოლომდე დარჩება. ამ პერიოდში სასიკეთო იქნება პრაქტიციზმისა და რეალიზმის გამოჩენა. თუ 16 მაისამდე აჩქარებულობა და მაღალი დინამიკა სასიკეთოა, 16 მაისის შემდგომ რეკომენდებულია მოვლენები დაბალ ტემპში, ოღონდ მაქსიმალური ორგანიზებით განვითარდეს. თუ წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური მდგომარეობა მერყევი და არასტაბილური იქნება, წლის მეორე ნახევარში მაღალი ალბათობით შედარებით დასტაბილურდება.
• სატურნი
2023 წელს პლანეტა სატურნი შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და 7 მარტს მერწყულიდან თევზების ნიშანში გადაინაცვლებს და იქ ორ წელზე ცოტა მეტი დროით დარჩება. სატურნის ეს ინგრესია ბევრი მიმართულებით გამოიწვევს ე. წ. „კარმული ვალების“ დაბრუნებას, რაც გულისხმობს წარსულში დაშვებული შეცდომებისა და განცდილი წარუმატებლობის სწორედ ამ პერიოდში გააქტიურებას. მარტიდან წარსულის ნეგატიური გავლენა საგრძნობი გახდება, რაც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ დონეზეც გაართულებს საერთო სიტუაციას. გაჭირდება რეალობის ობიექტურად შეფასება, გაძლიერდება ილუზიის და საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანის ალბათობა. ამიტომ ყველა ადამიანმა, რომელიც ისედაც მსგავსი ტენდენციებისკენ არის მიდრეკილი, საკუთარ თავში უნდა გააძლიეროს რეალობის განცდა და პრაგმატიზმი. თუმცა სატურნის თევზებში გადასვლა სასიკეთოდ იმოქმედებს საქველმოქმედო ფონდების მუშაობაზე, ასევე იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფსიქოლოგია-ფსიქიატრიასთან, რელიგიასთან, ეზოთერიზმთან, ანთროპოლოგიასთან, არქეოლოგიასთან. ამ პერიოდში საინტერესო სიახლეები ელით იმ ადამიანებსაც, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ალკოჰოლურ ან უალკოჰოლო სასმელების ბიზნესთან. მათ გაწეული შრომა, სწორად გადადგმული ნაბიჯები და თავისი საქმისადმი პრაქტიკულ-რეალისტური მიდგომები დაუფასდებათ.
• შავი მთვარე (ლილიტი)
რაც შეეხება შავი მთვარის (ლილიტის) გავლენას, ის 1-8 იანვრის შუალედში კირჩხიბის ზოდიაქოში იმოძრავებს, თუმცა 9 იანვრიდან ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და 3 ოქტომბრამდე დარჩება. 4 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე კი შავი მთვარე უკვე ქალწულში იქნება განთავსებული. აქედან გამომდინარე, 2023 წლის დასაწყისი რთული იქნება კირჩხიბის, 9 იანვრიდან – 3 ოქტომბრამდე შესაბამისად, ლომის და 4 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. 2023 წელს ლილიტის მოძრაობა ძირითადად ნეგატიურ გავლენას მოახდენს არაკანონიერ და საეჭვო სასიყვარულო ურთიერთობებზე, ამიტომ მსგავს კავშირებს მოსალოდნელია მოჰყვეს მომენტალური ნეგატიური რეაქცია და ამან ოჯახურ სტაბილურობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. გარდა ამისა, ეს იქნება ლუდომანიის საკმაოდ ნეგატიური გავლენაც. ამიტომ ვინც აზარტული თამაშებისკენ არის მიდრეკილი, უდიდესი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს, რათა ფატალური შეცდომები არ დაუშვას.
მზისა და მთვარის დაბნელებები
2023 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 20 აპრილს (სრული) და 14 ოქტომბერს (რგოლური). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ისიც ორი იქნება: 5 მაისს (ნახევრად ჩრდილური) და 28 ოქტომბერს (ნაწილობრივი). ასე რომ, 2023 წელს დაბნელების ორ ე. წ. „დერეფანს“ გავივლით 20 აპრილიდან – 5 მაისამდე და 14 ოქტომბრიდან – 28 ოქტომბრამდე. ეს პერიოდები საკმაოდ არასტაბილური და რთული იქნება.
მერკურის რეტროგრადული მოძრაობა
2022 წელს მერკური ოთხჯერ იმოძრავებს რეტროგრადულად:
* 1 იანვრიდან – 18 იანვრამდე;
* 21 აპრილიდან – 15 მაისამდე;
* 23 აგვისტოდან – 15 სექტემბრამდე;
* 13 დეკემბრიდან – 31 დეკემბრამდე.
ამ დღეებში მოსალოდნელია სერიოზული პრობლემები შეიქმნას შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებების, შეთანხმებების, ინფორმაციის მიღება-გადაცემის კუთხით. ნებისმიერი ინფორმაცია საჭიროა გადამოწმდეს და მერე იქნას გამოყენებული (ამ დროს ინფორმაციის გაგება და გაცნობიერება თითქოს მუხრუჭდება). საბუთები გაფორმების წინ აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ასევე ყურადღებას ითხოვს იურიდიული საკითხებიც. თუმცა ეს დღეები სასიკეთო იქნება ძველი ურთიერთობების განახლებისთვის, გადადებული საქმეების ბოლომდე მიყვანისთვის, ასევე შეწყვეტილი სწავლის ან თუნდაც ძველი მოლაპარაკების განახლებისთვის.
ვენერას რეტროგრადული მოძრაობა
2023 წელს ვენერა რეტროგრადულად იმოძრავებს 23 ივლისიდან – 4 სექტემბრამდე. ეს პერიოდი დახასიათდება სასიყვარულო ურთიერთობებში, პირად ცხოვრებაში გარკვეული დამუხრუჭებით. არ არის გამორიცხული ამ კუთხით გარკვეული წინაღობებისა და გართულებების შექმნა. ეს პერიოდი არ არის სასიკეთო გრძელვადიანი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებისთვის, თუმცა პოზიტიური იქნება ნაწყენ პარტნიორთან შერიგებისთვის, გაწყვეტილი კავშირების აღდგენისთვის და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის. ამ პერიოდში ასევე არასასურველია ფულის სესხება-გასესხება. ასევე ყურადღებას ითხოვს ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტები, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, ძვირფასეულობის, სამოსის და ფეხსაცმლის ყიდვაც კი. ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ამ კუთხით მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო
მარსის რეტროგრადული მოძრაობა
2023 წელს მარსი რეტროგრადულად იმოძრავებს წლის დასაწყისში, კონკრეტულად კი 1-13 იანვრის შუალედში. სწორედ ამ პერიოდის დასრულების შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა საკუთარი ვალდებულებები გააცნობიერონ და ყველა ის საქმე თუ პროექტი, რომელიც 2022 წელს ვერ დაასრულეს, 2023 წლის იანვრის პირველ ნახევარში დაასრულონ ან დაასტაბილურონ მაინც. 1-14 იანვარში არ არის რეკომენდებული მანქანის ყიდვა, ასევე გეგმიური ქირურგიული ოპერაციები (გარდა გადაუდებელი შემთხვევისა). მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს ცეცხლსასროლ იარაღთან და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხებიც. 1-14 იანვრის შუალედში დაწყებული საქმის ყველა წვრილმანი კარგად უნდა გაირკვეს, რათა შემდგომ მოულოდნელი დამუხრუჭება არ მოხდეს და პრობლემები არ შეიქმნას.
2023 წელს რთული და სახიფათო პერიოდები იქნება:
* 11-24 მარტი;
* 10-25 მაისი;
* 18-30 ივნისი;
* 4-15 ოქტომბერი;
* 12-25 დეკემბერი;
ეს პერიოდები ითხოვენ მაქსიმალურ წინდახედულებას და სიფრთხილეს!!!
ამ დროს მოიმატებს ინდივიდუალურ დონეზე: ავარიული სიტუაციები, კონფლიქტების, დაპირისპირების, ხიფათის და სიტუაციის მოულოდნელად გაუარესების ალბათობა.
გლობალურ დონეზე: მასობრივი კონფლიქტების, შეიარაღებული შეტაკებების, ტერაქტების, ტექნიკური ავარიების და კატაკლიზმების ალბათობა.
I I ნაწილი
მსოფლიო
2023 წელი ცალსახად არ არის იმავე მასშტაბით კრიზისული და სახიფათო წელი, როგორიც 2022 წელი იყო. უფრო მეტიც, მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მაინც შესაძლებელი გახდება არსებული საერთო სიტუაციის მეტ-ნაკლებად გამოსწორება და არ არის გამორიცხული განვითარების დაწყებაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. „გუშონ-ბარბოს“ ციკლების მიხედვით კრიზისული პერიოდის აღმოფხვრა მხოლოდ 2024 წლიდან დაიწყება, მიმდინარე წლიდან მაინც შესაძლებელი იქნება გარკვეული გარდატეხის შეტანა. ამ ციკლების მიხედვით 2019-23 წლები გასული ოცდაათწლიანი პერიოდის ქვედა ზღვარის რიგით მესამე მინიმალური წერტილია (პირველი 1990-98 წლებში, მეორე კი 2008-10 წლებში იყო). 2023 წელი უფრო მეტად 2024 წლის გავლენას „ებმის“, ვიდრე 2020-22 წლებს. აქედან გამომდინარე, სწორედ 2023 წლიდან უნდა დაიწყოს იმ საერთო მდგომარეობის დასტაბილურება, რომელიც 2020-22 წლებში შეიქმნა.
2023 წელი გამორჩეული იქნება ორი ასტროლოგიური მოვლენით (ინგრესიით) – ეს არის პლუტონისა და სატურნის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლა. ამიტომ 2023 წელი მიუხედავად იმისა, რომ გააჩენს რთული სიტუაციების დაბალანსების და დასტაბილურების შესაძლებლობას, ახალ რეალობის ფორმირება სამწუხაროდ, არ დასრულდება 2023 წელს (ის მინიმუმ, 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება).
ბუნებრივია, აქ ჩვენი და საერთოდ, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია რუსეთ-უკრაინის ომისკენ, რადგან მსოფლიოს საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ ან ირიბად, სწორედ ამ ომთან არის მიბმული.
ამ კუთხით, 2023 წლის პირველი კვარტალი გადამწყვეტი იქნება. იანვრის ბოლოდან (უფრო 25-26 რიცხვებიდან) დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ციკლი და მარტის ბოლომდე გაგრძელდება (მაქსიმუმ, აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით). ამ ციკლის პიკი იქნება: თებერვალი. ეს ციკლი გადამწყვეტი იქნება ამ ომისთვის. ამ პერიოდში შეიძლება დასრულდეს ერთი ციკლი. უფრო სწორად კი ამ პერიოდს თამამად შეიძლება დავარქვათ დასასრულის დასაწყისი. სწორედ იანვრის ბოლოდან მაქსიმუმ აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით (პიკი: თებერვალი) რუსეთ-უკრაინის ომში დასასრულის პირველი ნიშნები გაჩნდება და მოსალოდნელია დასრულდეს კიდეც.
ბუნებრივია, სიტყვა „დასრულება“ ბევრნაირად შეიძლება გავშიფროთ და წარმოვიდგინოთ, თუმცა ამ შემთხვევაში იგულისხმება იმ პროცესების შეცვლა და სხვა სიხშირეზე გადასვლა, რაც 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო. აქ რამდენიმე სცენარი შეიძლება მოგვეხაზა, თუმცა ყველა სცენარი გულისხმობს, რუსეთის, როგორც იმპერიული იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფოს ფორმა-ცვლილებას.
ბუნებრივია, ადამიანებს გააჩნიათ იმის განცდა, რომ არსებობს ბირთვული საფრთხის და მესამე ომის საშიშროების ალბათობა. ბუნებრივია, ამ ვერსიას ყოველგვარი ასტროლოგიური პროგნოზირების გარეშეც აქვს არსებობის უფლება, თუმცა ასტროლოგიურად ამას შეიძლება დავარქვათ „კარის გაჯახუნება“, რაც გამოიხატება ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების დაკარგვის კოდის ჩართვაში და ამის ნიადაგზე რაღაც რთული პროცესების პროვოცირებაში.
ამ ყველაფრის რეალიზაციის ალბათობა 90 % 2023 წლის პირველი ნახევარშივე იქნება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პლანეტარული ციკლები ერთდღიანი ან თუნდაც ერთთვიანი არ არის, მათ განგრძობითი ფორმა ექნებათ.
2023 წელი ცალსახად მსოფლიოს ეკონომიკურ ცხოვრებაში შედარებით დასტაბილურების პერიოდი იქნება. ის რყევები, რომლებიც 2022 წელს ახლდა, 2023 წელს უკვე განვითარების ახალ ვექტორებს მოძებნის და დაიწყებს განვითარებას. საერთო ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის უფრო დადებითი იქნება (რასაც ბუნებრივია, ვერ ვიტყვით რუსეთზე).
ყველა ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც 2020-21 წლებში დაიშალა და 2022 წელს ახალი ფორმა მიიღო, 2023 წლიდან განვითარებას დაიწყებს. იგივე ტენდენცია იქნება
პოლიტიკაში, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ ახალი რეალობის გაცნობიერება და გარკვეული გადატვირთვა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელი ერთი შეხედვით „მშვიდობიანი“ წელია, ის არის გარკვეული „საზღვარი“ 2022 („ნგრევა“) და 2024 („აღდგენა“) წლებს შორის. აქედან გამომდინარე, 2023 წელი უფრო შუალედურ წერტილად უნდა მივიჩნიოთ, სადაც ქვეყანამ, კომპანიამ თუ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, საით მიდის მისი განვითარების (ცხოვრების) გზა. 2023 წელი – ეს არის გზაგასაყარი, გზაჯვარედინი. ასე ვთქვათ, არჩევანის გაკეთების წელია.
ასტრონუმეროლოგიური თვალსაზრისით 2023 წელი დაკავშირებულია ციფრებთან 2 და 3. ეს არის ემოციური და წარსულთან დაკავშირებული რყევების იმ ზომამდე მიყვანა, სადაც ხდება დაშლა და განვითარების გზის დაწყება. 2022 წლის ასტრონუმეროლოგიური ჯამი გვაძლევს 7-ს, რაც ერთი მხრივ ეს არის ძველი იდეოლოგიების გადალაგება-გადაფასება. ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ იდეოლოგიას, არამედ გარკვეულწილად რელიგიურ ასპექტსაც. მთელ რიგ ქვეყნებში შეიძლება ეს იყოს გარკვეული ილუზიური იდეოლოგიებისგან გამორკვევა, მათი გავლენისგან გათავისუფლებისა და თავის დაღწევის მცდელობა. ამით 2023 წელი გარკვეულწილად გააგრძელებს 2022 წლის გავლენას, როდესაც ამ იდეოლოგიების მტკივნეული ჩამოშლა დაიწყო.
საქართველო
როგორც წინა წლის პროგნოზში ვწერდით, საქართველოს უახლოეს წარსულში გადამწყვეტი 2020 წლის შემოდგომიდან – 2022 წლის შემოდგომამდე პერიოდი იქნებოდა (პიკი: 2021 წლის შემოდგომა). სწორედ ეს პერიოდი იყო გადამწყვეტი ორ პოლიტიკურ ძალას, უფრო სწორედ კი ორ პოლიტიკურ ლიდერს – მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის პიკი 2021 წლის შემოდგომა ასტროლოგიური თვალსაზრისით გარკვეულწილად ჰგავს 1993 წლის შემოდგომას. ამ ორ პერიოდს შორის ზუსტად 28 წელია. ეს არის მზის 28 წლიანი ციკლი, როდესაც გარკვეული მოვლენები მეორდება, ცხადია, სხვა ფორმით, მაგრამ არსობრივად იგივე მნიშვნელობით.
საინტერესოა, რომ მზის ეს 28 წლიანი ციკლი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთმანეთს უკავშირებს ორ მოვლენას, რომელიც ერთი შეხედვით თითქმის არაფრით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა არსობრივად იდენტურია. 1993 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს პირველი (დევნილი) პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში, რასაც მისი ფიზიკური ლიკვიდაცია მოჰყვა. ამ ამბიდან ზუსტად 28 წლის შემდეგ, 2021 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში. ის დააკავეს და მოცემულ პერიოდში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქ არ იქნება სწორი, რომ გვერდი ავუაროთ პროგნოზს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. მიხეილ სააკაშვილის პირადი ჰოროსკოპის მიხედვით (ყოველი შემთხვევისთვის, იმ მონაცემებით, რომელიც გამაჩნია). აქ არსებობს ორი სცენარი.
1. 2023 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან – 2023 წლის მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით საერთაშორისო დონეზე ისე განვითარდეს მოვლენები, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას იძულებულს გახდის, სააკაშვილი გაათავისუფლონ, სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ ან მას რაიმე სხვა ტიპის შეღავათი დაუწესონ, რაც მის სიცოცხლეს გადაარჩენს და საერთო მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. თუ მაისის პირველის ნახევრის ჩათვლით ის არ გათავისუფლდა, მაშინ:
2. 2023 წლის ზაფხულის მეორე ნახევრიდან (მაქსიმუმ, შემოდგომის დასაწყისიდან) მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში დაიწყება ორწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მკვეთრად გაუარესდეს და მისთვის პატიმრობა ლეტალურად დასრულდეს.
რაც შეეხება საქართველოს ტრანზიტულ ჰოროსკოპს.
აქ შეიძლება ორი ეტაპი გამოვყოთ, რომელიც მთლიანობაში დაახლოებით 2-2,5 წელი, დაახლოებით 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება. აქედან განსაკუთრებულად რთული მეორე ეტაპი იქნება ( 2023 წლის აგვისტოდან – 2024 წლის შემოდგომამდე).
პირველი ეტაპი („შეთანხმება“):
2023 წლის იანვარი – 2023 წლის ივლისი
საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეულწილად რთული იქნება და შენარჩუნდება 2022 წლის ტენდენციები. თუმცა აუცილებლად დადგება გარკვეული მოლაპარაკებების საკითხი. 2023 წლის მაისამდე პერიოდი ამით იქნება გამორჩეული 2022 წლისგან. ეს მოლაპარაკებები იქნება როგორც ქვეყნის შიგნით (ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის), ისე ქვეყნის გარეთ (საქართველოსა და ამერიკა-ევროკავშირს შორის). არ არის გამორიცხული, გაჩნდეს დიალოგის გარკვეული ნიშნები საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს რეგიონებს შორის. 2023 წლის მაისამდე პერიოდი ცალსახად იქნება იმის შანსი, რომ ბევრი მიმართულებით დაძაბულობის ხარისხმა დაიკლოს და საპირისპირო პოლუსებს შორის საერთო გადაკვეთის წერტილები მოიძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ეს ბევრად საშიშ ტენდენციებში გადავა.
მსუბუქად რომ ვთქვათ, მიუხედავად, ეკონომიკური არასახარბიელო მდგომარეობისა, 2023 წლის პირველ ნახევარში პოლიტიკური ბალანსის მიღწევის საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს.
მეორე ეტაპი („დაპირისპირება“, „ხიფათი“):
2023 წლის მაისი – 2024 წლის მაისი
ამ პერიოდში დაპირისპირებებულ მხარეებს შეთანხმებების, მშვიდობის ძიებისა და საერთო სიტუაციის დაბალანსების ალბათობა მაქსიმუმ, ივლისის ბოლომდე შენარჩუნდება. უკვე აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება დაპირისპირებების ახალი ტალღა, რომელიც 1,5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ეს განსაკუთრებულად გამოვლინდება 2023 წლის შემოდგომაზე და 2024 წლის გაზაფხულზე. ეს იქნება ფეთქებადსაშიში სიტუაცია და არ გამოირიცხება ეს დაპირისპირებამდე და სერიოზულ შეტაკებამდეც კი მივიდეს. თუ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შეთანხმება ვერ მოხერხდა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას (ასევე მოკავშირე-პარტნიორებს შორის) ეს ყველაფერი კიდევ უფრო მტკივნეულად გამოვლინდება 2023 წლის ზაფხულის ბოლოდან 2024 წლის ბოლომდე.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები