როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პიროტექნიკის გამოყენების დროს დაშავდით

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ხშირია პიროტექნიკის გამოყენება, განსაკუთრებით ბავშვებში. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნისთვის ასაფეთქებელი საშუალებების მიყიდვა აკრძალულია, ხშირ შემთხვევაში, ეს რეგულაცია უგულებელყოფილია. სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მიუხედავად, სამწუხაროდ, პიროტექნიკას მაინც ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 5 მილიონ 816 ათას 200 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. აქედან 3 მილიონ 99 ათას 900 აშშ დოლარის მარტო ფეიერვერკია.

ხშირია, საახალწლო პერიოდში პიროტექნიკის არასწორი გამოყენებაც. ზეიმი, რომელიც ახალი წლის დადგომას თან ახლავს, ხშირად სავალალო შედეგებით სრულდება.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ბავშვების ხელში ასაფეთქებელი საშუალებები არ უნდა მოხვდეს. ინსტრუქცია, რომელიც პროდუქტს ზედ აქვს დატანილი, გულდასმით უნდა წაიკითხონ, აარჩიონ ხარისხიანი და რა თქმა უნდა, არ ენდონ კუსტარულად დამზადებულს.

პიროტექნიკა უნდა მოთავსდეს მიწაზე, აუცილებლად მოშორებით და არა აივნიდან და ფანჯრიდან, დისტანცია 3-იდან 6-მეტრამდე მაინც უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით, დედაქალაქში, კორპუსები ერთმანეთთან მჭიდროდაა განლაგებული, ეს საფრთხეს ერთი ორად ზრდის.

ექიმების რეკომენდაციით, დამწვარზე უნდა დაიდოთ ცივი საფენი, რაც პირველადი, უებარი საშუალებაა. მძიმე დაზიანების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საავადმყოფოს მიმართავენ, მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში სახლის პირობებშიც შეიძლება მკურნალობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები