“დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებსა და იმუნოსუპრესირებულ პირებში“ – რა სიმპტომები აქვს და როგორ ხდება “მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირება
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ბოლო დროს გავრცელებულ ინფექცია (მაიმუნის ყვავილის) შესახებ წერს:
“მაიმუნის ყვავილი” ახალი ინფექცია არაა, თუმცა დაავადება იშვიათი იყო და შემთხვევები ან აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირდებოდა, ან ერთეული შემთხვევები აფრიკის კონტინენტის გარეთ, რომლებიც ყოველთვის უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. რაც შეეხება ამჟამინდელ აფეთქებას, რომელიც დაიწყო 13 მაისიდან, საყურადღებოა ის, რომ შემთხვევები რეგისტრირდება ევროპაში, აშშ-სა და კანადაში და ისინი არ უკავშირდება აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს.
დღემდე დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა 12 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა). აფრიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კონგოში (1 იანვრიდან 1 მაისამდე 1238 შემთხვევა).
სადღეისოდ არ ვრცელდება ინფორმაცია ევროპასა და ამერიკაში ლეტალური შემთხვევების შესახებ, თუმცა, ზოგადად, დაავადების ლეტალობის მაჩვენებელი ერთ-ერთი შტამისთვის არის 3.6%, ხოლო მეორე შტამის – 10.6%.
დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებსა და იმუნოსუპრესირებულ პირებში.
სიმპტომები ჰგავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის, ხელისა და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.
გადაცემა სიმპტომური ადამიანიდან ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხესთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც).
დიაგნოსტიკა ხდება PCR მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები. დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს პირველად გამოვლინდა ადამიანის შემთხვევა კონგოში.“ – წერს მაია ბუწაშვილი.