ევროპასა და აშშ-ში სულ უფრო მეტი ოჯახი ირჩევს მამაკაცის სტერილიზაციას, როგორც ყველაზე საიმედო გზას არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად.
ვაზექტომია არის შედარებით მარტივი ქირურგიული პროცედურა, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება. ოპერაციის ხანგრძლივობა 15-დან 30 წუთამდეა. ქირურგი აკეთებს ერთ ან ორ მცირე პუნქციას სასქესო ჯირკვალში. მისი მოქმედების მექანიზმი, თესლგამომტანი სადინრის გამავლობის ბლოკირებაა, რაც გამორიცხავს სპერმატოზოიდების სპერმაში მოხვედრას. წარმატებული ვაზექტომიის შემდეგ არასასურველი ორსულობის რისკი ნულამდე მცირდება და სპეციალისტები ამბობენ, რომ კონტრაცეფციის ამ მეთოდის ეფექტურობა 99%-ზე მეტია. პროცედურის შემდეგ გართულებების რისკი უკიდურესად დაბალია (მხოლოდ
1-2%). ისინი კონტრაცეფციის ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო, უმტკივნეულო, ასევე ნაკლებად ინვაზიურ და ნაკლებად სარისკო მეთოდად სწორედ ვაზექტომიას თვლიან.
მითები და რეალობა
იუტას უნივერსიტეტის კლინიკის უროლოგის, დოქტორ ალექს პასტუჟაკის თქმით, შესაძლებელია, სათესლე ჯირკვლების მცირე ტკივილი რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდეს პაციენტს. დოქტორმა პასტუჟაკმა ჩამოთვალა რამდენიმე პოპულარული მითი, რომლებიც ვაზექტომიის შესახებაა გავრცელებული და მამაკაცებს აშინებს.
მითი 1. ტესტოსტერონის დონე დაიკლებს, ხმა წვრილდება და კუნთები კი დუნე ხდება.
რეალობა: პროცედურას არავითარი კავშირი არ აქვს მამრობითი სქესის ჰორმონის, ტესტოსტერონის გამომუშავებასთან, რომელიც, როგორც ადრე, სათესლე ჯირკვლებში გამომუშავდება.
მითი 2. დაირღვევა სექსუალური ფუნქცია, გაქრება სიამოვნების განცდა.
რეალობა: პროცედურა არანაირად არ მოქმედებს სექსუალურ ფუნქციაზე, პენისზე ან სათესლე ჯირკვლებზე. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე, ორგაზმის ჩათვლით, გარდა იმისა, რომ სათესლე სითხე სტერილური გახდება.
მითი 3. სპერმა დაგროვდება სათესლე ჯირკვლებში და ეს პრობლემას შექმნის.
რეალობა: გამოუყენებელი სპერმატოზოიდები უბრალოდ შეიწოვება ორგანიზმის მიერ და ის რაიმე ტიპის პრობლემას ან ტკივილს არ გამოიწვევს.
მითი 4. ვაზექტომიის შემთხვევაში ვეღარასოდეს მოხდება ჩასახვა.
რეალობა: პროცედურა შექცევადია. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ნაკლები დრო გადის ვაზექტომიასა და აღდგენის პროცედურას შორის, მით მეტია წარმატებული ჩასახვის შანსი. თუ მამაკაცი გადაწყვეტს, ისევ გახდეს მამა, ახალი ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართავს, რადგან მისი სათესლე ჯირკვლები სპერმის გამომუშავებას აგრძელებენ.
რატომ იზრდება ვაზექტომიის პოპულარულობა?
პროცედურის პოპულარულობა წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდება. მაგალითად, ავსტრალიაში, განსაკუთრებით სწრაფი ზრდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაფიქსირდა. 2018 წელს 25 ათასზე მეტმა მამაკაცმა გადაწყვიტა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. კონტრაცეფციის ეს მეთოდი სწრაფად იძენს პოპულარობას სკანდინავიის ქვეყნებშიც. ექსპერტები ამ ტენდენციას წყვილში შეცვლილ ურთიერთობებს უკავშირებენ. თუ ადრე ორსულობის პრევენციის პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალს ეკისრებოდა, თანამედროვე მსოფლიოში, სადაც გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, მამაკაცებმაც დაიწყეს ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ცოლების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ვაზექტომიის წყალობით, ქალებს აღარ უწევთ ჰორმონალური კონტრაცეპტივების გვერდითი მოვლენებისა და არასასურველი ორსულობის შიში, აბორტის რთული გადაწყვეტილების მიღება და მისი შედეგებით ტანჯვა. გარდა ამისა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, საშვილოსნოსშიდა საშუალებები და პრეზერვატივი, რომ აღარაფერი ვთქვათ კონტრაცეფციის სხვა “ხალხურ” მეთოდებზე, რაც ძალიან არასანდოა. ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებას ჩვეულებრივ იღებენ წყვილები, რომლებმაც უკვე გააჩინეს იმდენი შვილი, რამდენიც სურდათ.
ამავდროულად, მეუღლეებს შორის ურთიერთობა უნდა იყოს ძალიან მჭიდრო და სტაბილური, სიყვარულსა და ჰარმონიაში სიბერემდე ერთად ცხოვრების პერსპექტივით. განქორწინების და სხვა ქალთან ახალი ურთიერთობის შემთხვევაში შეიძლება ქმარს უნდოდეს, რომ მასთან შვილი გააჩინოს და ეს პრობლემა როგორმე მოგვარდეს.
მაგალითად, 37 წლის ავსტრალიელმა ალექს ჯირალდომ გადაწყვიტა ვაზექტომია გაეკეთებინა, რადგან კონტრაცეფციის სტანდარტული მეთოდები არ იყო შესაფერისი მისი მეუღლისთვის, ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ახლა მათი შვილები რვა და სამი წლის არიან. წყვილი შეთანხმდა, რომ ორი შვილის ყოლა საკმარისია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაზექტომია მხოლოდ არასასურველი ჩასახვისგან იცავს სქესობრივ პარტნიორებს, თუმცა, ვერ იცავს მათ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, შესაბამისად, დაუცველი სექსის პრობლემები წყვილებს კვლავ გასათვალისწინებელი რჩებათ.
ამერიკელი კერბი ჰანტერის მეუღლე კი მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ძლივს გადარჩა, რადგან ორსულობა და მშობიარობა ძალიან რთულად მიმდინარეობდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ მესამე ორსულობა შესაძლოა ვეღარ გადაეტანა. ამიტომაც, კერბი ოპერაციის გასაკეთებლად წავიდა, რადგან მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებდნენ შიშის გარეშე ჰქონოდათ ურთიერთობა. კერბის თქმით, ეს მისთვის ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგანაც ეშინოდა იმის წარმოდგენა, რომ ვეღარასოდეს გახდებოდა მამა. მაგრამ, საბოლოოდ ცოლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება აირჩია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კერბის არანაირი გართულება არ ჰქონია. მას შემდეგ 13 წელი გავიდა და გადაწყვეტილებას არ ნანობს.
სხვათა შორის, იქიდან გამომდინარე, რომ პროცედურა სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს მასშტაბით, სპეციალურ წვეულებასაც კი აწყობენ ხოლმე და ტორტზე მაკრატლის, მამაკაცის სასქესო ორგანოების ფორმის გაფორმებას დებენ და ასე აშარჟებენ გადაწყვეტილებას.
წყარო: https://www.mshoblebi.ge