ამ პატარა სამარხში ერთდროულად ორმოცამდე 14-15 წლის ბიჭია დამარხული – გურიაში ამბავი ცოტა ხნის წინ გასკდა
1918 წლის 11 აპრილს სოფელ გურიანთში 14-15 წლის ღიმილის ბიჭები თავის წილ სამშობლოს თურქებისგან იცავდნენ… შეტაკება დიდი მსხვერპლით დასრულდა. 40-მდე ქართველი ახალგაზრდა ბრძოლის ველზე დაეცა…
ამ ფოტოზე მათი საერთო და სამუდამო განსასვენებელია აღბეჭდილი. ადამიანები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს და აქამდე არცთუ ისე ცნობილ ისტორიას საერთო სახელით, გმირებად შემორჩნენ.
ეს პატარა საფლავი, რომელიც, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ სამარხს მოგვაგონებს, დიდ ისტორიას მალავს. გმირების სამუდამო განსასვენებელი ზუსტად იმ ადგილასაა, სადაც ბრძოლა გურულებსა და ოსმალებს შორის შედგა, სადაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იომეს და სადაც, გურია – აჭარის გასათავისუფლებლად გმირულად დაეცნენ, მაშინ აღარც ერთი არ იყო ბავშვი, მაშინ გურული ღიმილის ბიჭები ნამდვილი რაინდები იყვნენ, სამშობლოს ღირსების მცველი რაინდები…
დროთა განმავლობაში მათი სახელები და გვარები თითქოს დავიწყებას მიეცა. თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს თუ ახსოვდათ ამ ტრაგიკული ამბის მთავარი შემოქმედები, მაგრამ ისტორია გმირების სახელებს ოდესღაც მაინც ამხელს და ახლა სწორედ ის დროა, როცა ოზურგეთის რაიონში, სოფელ გურიანთში დაცემულ ბიჭებზე თითქმის მივიწყებულ ისტორიას გავიხსენებთ…
ამ პატარა ბიჭების ბრძოლის ველზე დაცემაც, უპირველესად, ტრადიციულ მტერს, რუსეთს უკავშირდება, რადგან სანამ „ჩოლოქის ბრძოლა“ დაიწყებოდა, სწორედ ჩრდილოელმა ერთმორწმუნე მეზობელმა 1918 წლის 3 მარტს, ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმებით, რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები.
ოსმალეთის არმიამ კი სადავო ტერიტორიების დასაკავებლად საომარი მოქმედებები საქართველოში დაიწყო. ლანჩხუთში გენერალმა მაზნიაშვილმა სათადარიგო შენაერთის მობილიზაცია დაიწყო, ეს ბავშვები კი მოხალისეები იყვნენ. „ჩოლოქის ბრძოლაში“ გერმანული მხარე ჩაერთო და დროებითი ზავი დადეს, სწორედ ამ ზავის საფუძველზე საქართველოდან ოსმალები გავიდნენ…
სოფელ ჯიხანჯირში 1918 წლის 11 აპრილს მაშინდელ ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ვაშნართან, ოსმალოებსა და ქართველებს შორის ურთიერთშეტაკების შედეგად დაღუპული 40-მდე გმირის ისტორია ასეთია. გურული მოხალისეების ასეულმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბიდან მიიღო ბრძანება, რომ ოსმალებისათვის შეეტიათ.
წლების განმავლობაში ამ ბიჭების საფლავი სოფლის ცენტრში მდგარი მემორიალური დაფა ეგონათ. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა გარდაცვლილებს პანაშვიდი გადაუხადეს. ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი და წამოსვლას აპირებდნენ, როცა სოფლის ერთ-ერთმა უხუცესმა გმირების საფლავის სულ სხვა ადგილის შესახებ უამბოთ.
ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ეს ამბავი მოისმინა, ადგილობრივი პედაგოგი გიორგი ბოლქვაძე გახლდათ. მისი დაჟინებული მოთხოვნით, სწორედ რეალური საფლავის ადგილსამყოფელზე გაემართნენ. ადგილზე მისულებმა კი საფლავი ფოტოზე აღბეჭდეს და დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ მიეგოთ პატივი 103 წლის წინათ, ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული ბავშვებისთვის.
გიორგიმ ფოტო ემიგრანტებს გაუგზავნა. ისტორიის მოსმენის შემდეგ კი უცხო მიწაზე დროებით მცხოვრებმა ქართველებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს – გმირების სამუდამო განსასვენებელს პატივი შესაფერისი საფლავით უნდა მიაგონ. თუმცა, მარმარილოს ქანდაკებების დადგმამდე ბევრი ბიუროკრატიული საკითხი უნდა მოგვარდეს.
როგორ აღმოაჩინეს ვაშნარის გმირების საფლავი თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ამაზე „პრაიმტაიმთან“ თავად გიორგი ბოლქვაძე საუბრობს.
„სოფლის ცენტრში არის მემორიალი, რომელზეც გაკეთებულია წარწერა „1918 წელს თურქეთთან დაღუპულ მეომართა ძმათა სასაფლაო“.
დიდი ხნის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას სწორედ ეს ადგილი ეგონა ამ ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების სასაფლაო და ცოტა ხნის წინ პანაშვიდიც გადავუხადეთ. წამოსვლას ვაპირებდით, როდესაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა უხუცესმა გვითხრა, რომ 1918 წლის ბრძოლაში გარდაცვლილი გმირების საფლავი სხვა ადგილას მდებარეობდა და კონკრეტული ადგილი მიგვასწავლა.
იქ მისულებს კი დაგხვდა ორი მეტრის სიგრძისა და ერთი მეტრის სიგანის ცემენტით შემოფარგლული ტერიტორია, რომელსაც თავზე ქვის ჯვარი ადგას. ამ პატარა ზომის საფლავში 20 წლამდე ასაკის 40-მდე ქართველი ვაჟკაცი ერთად არის დასაფლავებული. სასაფლაო ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში მდებარეობს და მადლობა მას, რომ ამ დრომდე ასეთი სახით შემოგვინახა. შესაძლოა, სხვას მიწასთან მოესწორებინა ეს ყველაფერი და უკვალოდ გამქრალიყო ამ ადამიანების განსასვენებელი.
ამის შემდეგ, დავიწყე სოფელში გარდაცვლილი მებრძოლების შთამომავლების მოძიება და, ჩვენდა საბედნიეროდ, გამიმართლა. ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის შთამომავალია. ამ ბრძოლაში ორი ძმა მონაწილეობდა, ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე მძიმედ დაიჭრა და გადარჩა. საინტერესო ფაქტები მოუყოლია და ეს ისტორიები მისმა შთამომავლობამ იცის. დარწმუნებული ვარ, სოფელში კიდევ იქნებიან ოჯახები, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდების შთამომავლები არიან.
საფლავს გადავუღე ფოტო და სოციალურ ქსელში განვათავსე. გამომეხმაურა ემიგრანტი, რომელმაც სურვილი გამოთქვა, რომ ამ ადამიანებს ღირსეულად მოუწყობდა სასაფლაოს ისე, როგორც მათ შეეფერებათ. ახლა ამ ადგილის მეპატრონესთან უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება, მოგვცემს თუ არა უფლებას, რომ გმირებს ღირსეული სასაფლაო გავუკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუ არ მოგცა უფლება, ვფიქრობთ, რომ გარდაცვლილთა ძვლები სხვა ადგილას გადავასვენოთ და ღირსეული პატივით დავკრძალოთ“, – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.
იმ ადამიანთა სია, რომლებმაც ერთი საუკუნის წინ სამშობლოს ერთიანობას შესწირეს თავი ასე გამოიყურება:
ივანე გუჯაბიძე, მოსე გუჯაბიძე, კასიანე გურგენაძე, პლატონ გურგენაძე, სერგო გურგენაძე, კალისტრატე გურგენაძე, ვასო გურგენაძე, ბათლომე ილიას ძე ტიკარაძე, ბათლომე ტიკარაძე, მიხეილ კოსტავა, გრიგოლ სარჯველაძე, აკაკი გუჯაბიძე, ლადიკო ტუღუში, ფილიპე ტუღუში, გიორგი გურგენაძე, ვიქტორ ჩხარტიშვილი, იგორ გურგენაძე, თედორე ხომერიკი, ლადიკო გურგენაძე, პანტელეიმონ გუმბარიძე, მიხაკო ფიროღლი, ლევან მეფარიშვილი, ლ. ტიკარაძე, ასალო ტიკარაძე, მოსე ტიკარაძე, სოლომონ მშვიდობაძე, სიმონ ტიკარაძე, სიო ტიკარაძე, ი.მ. ტიკარაძე, ვასო გუჯაბიძე, პილატე ტუღუში, ნესტორ გურგენაძე, ლადიკო გუმბარიძე. ასევე მათ გვერდით იბრძოდნენ ქვიანელი იური აროშიძე და სუფსელი კალისტრატე ღლონტი.
წყარო: პრაიმტაიმი