“ჩვენი შვილების აღზრდაში დამალული ჩუმი ტრაგედია” -ფსიქიატრის წერილი, რომელიც ქართულ რეალობას აღწერს

ესპანელი ფსიქიატრი ლუის როხას მარკოსის  წერილი  “ჩვენი შვილების აღზრდაში დამალული ჩუმი ტრაგედია”, რომელიც ქართულ რეალობასაც აღწერს.

„ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედია ვითარდება, რომელიც ჩვენს მთავარ ძვირფასეულობას − ბავშვებს − ეხება.

ჩვენი ბავშვები გამანადგურებელ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე, მკვლევრები საგანგაშო და ყურადსაღებ სტატისტიკურ მონაცემებს გვთავაზობდნენ, რომლებიც ბავშვთა ასაკში ფსიქიკური აშლილობების ეპიდემიამდე გამძაფრებულ მონაცემებს გვაწვდიდნენ.

სტატისტიკა არ ტყუის:

5 ბავშვიდან 1 ბავშვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

43% – ით გაიზარდა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის აშლილობის გამოვლენის სიხშირე.

მოზარდობის ასაკში დეპრესიის გამოვლენის სიხშირე 37% – ით გაიზარდა.

200% – ით გაიზარდა 10 – დან 14 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვალების სიხშირე.

რა ხდება და რას ვაკეთებთ არასწორად?

თანამედროვე ბავშვების ფსიქიკა მუდმივად გამღიზიანებლების ზემოქმედების გავლენას განიცდის. ისინი ხშირად ჯილდოვდებიან საგნებით და მატერიალური წამახალისებლებით, თუმცა, ბავშვებს ჯანმრთელი ბავშვობის ისეთი საძირკველი აკლიათ, როგორიცაა:

ემოციურად მისაწვდომი მშობლები

მკაფიოდ განსაზღვრული შეზღუდვები

პასუხისმგებლობები

შესაბამისი კვება და ჯანმრთელი ძილი

მოძრაობა, ზოგადად, თუმცა, განსაკუთრებით ჰაერზე

შემოქმედებითი თამაში, სოციალური ურთიერთობები, არასტრუქტურირებული თამაშის შესაძლებლობა და მოწყენილობის სივრცე

ამ ყველაფრის ნაცვლად, ბოლო წლების განმავლობაში, ბავშვების ცხოვრება სავსეა:

მშობლებით, რომელთა ყურადღებასაც ტექნიკა იტაცებს.

წამქეზებელი და გამათამამებელი აღმზრდელებით, რომლებიც ბავშვებს უფლებას აძლევენ „სამყარო მართონ“ და წესები მათ შემოიღონ.

უფლების განცდით, რომელიც გამომუშავების ან დამსახურების გარეშე რაიმეს მიღებას გულისხმობს.

არაჯანსაღი ძილითა და დაუბალანსებელი კვებით.

მჯდომარე ცხოვრების წესით.

გამღიზიანებლების ზემოქმედების დაუსრულებლობით, ტექნოლოგიური ძიძებით, დაუყოვნებელი წახალისებით და მოწყენილობის დროის არარსებობით.

რა უნდა გავაკეთოთ?

თუ ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ბედნიერი და ჯანმრთელი ინდივიდები იყვნენ, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ და საფუძვლებს დავუბრუნდეთ. ჯერ – ჯერობით ეს შესაძლებელია. ბევრი ოჯახი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა რამდენიმე კვირაში უმჯობესდება მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის მანძილზე ქვემოთ მითითებული რეკომენდაციების გამოყენებას იწყებენ:

დააწესეთ შეზღუდვები და გახსოვდეთ, რომ გემის კაპიტანი თქვენ ხართ. თქვენი შვილები უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს, თუ ეცოდინებათ, რომ შტურვალს თქვენ მართავთ.

შესთავაზეთ ბავშვებს გაწონასწორებული ცხოვრების სტილი, რომელიც სავსეა იმით, რაც ბავშვებს სჭირდებათ და არა მხოლოდ იმით, რაც მათ უნდათ. არ შეგეშინდეთ უარის თქმის იმაზე, რაც მათ მხოლოდ უნდათ და არ სჭირდებათ.

უზრუნველყავით ბავშვები ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვებით და შეუზღუდეთ სწრაფი კვება.

გარეთ, სულ მცირე, ერთი საათი მაინც გაატარეთ და დაკავდით ველოსიპედის ტარებით, სეირნობით, თევზაობით, ჩიტებსა და მწერებზე დაკვირვებით.

უზრუნველყავით ოჯახური სადილი ტექნიკაზე ყურადღების განაწილების გარეშე, აგრძნობინეთ ყველას თავი აღიარებულად.

მთელმა ოჯახმა ითამაშეთ სამაგიდო თამაშები. თუ ბავშვები მეტისმეტად პატარები არიან სამაგიდო თამაშებისთვის, მოიფიქრეთ სხვა, მსგავსი აქტივობა.

სთხოვეთ ბავშვებს სახლის საქმეებში მონაწილეობა მათი ასაკისამებრ (ტანსაცმლის დაკეცვა, ტანსაცმლის განთავსება საკიდებზე, საკვები პროდუქტების ამოლაგება, მაგიდის მომზადება სადილისთვის, ძაღლის გამოკვება და ა. შ.).

დანერგეთ ასაკთან შესატყვისი ძილის განრიგი იმისათვის, რომ თქვენს პატარას ჯანმრთელი ძილი ჰქონდეს. ძილის განრიგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის.

ასწავლეთ პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა. ნუ ეცდებით მათ დაჟინებით დაცვას ყველა შეცდომისა და იმედგაცრუებისგან. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ადამიანი მათ ვერ გაუგებს, მათში მედგარ პიროვნებას და გამოწვევებისათვის მზაობას აღზრდის.

ნუ ატარებთ თქვენი შვილის ზურგჩანთას, არ მიუტანოთ საშინაო დავალება, რომელიც დაავიწყდა, არ გაუფცქვნათ ბანანი და ფორთოხალი, თუ მათ ამის გაკეთება თავად შეუძლია (4 – 5 წლის ასაკი). თევზის მის ნაცვლად დაჭერის ნაცვლად, თევზაობა ასწავლეთ.

ასწავლეთ მათ მოთმინება და ჯილდოს გადავადება.

უზრუნველყავით მათთვის „მოწყენილობის“ დრო, რადგან მოწყენილობის განცდის დროს, შემოქმედებითობა იღვიძებს. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვები ყოველთვის უნდა გაართოთ.

არ გამოიყენოთ ტექნოლოგიები მოწყენილობისგან გათავისუფლების საშუალებად და არ შესთავაზოთ მათი გამოყენება უმოქმედობის პირველივე წამიდან.

თავი შეიკავეთ ტექნოლოგიების კვების დროს, მანქანაში, რესტორნებში და სავაჭრო ცენტრებში გამოყენებისგან. გამოიყენეთ ასეთი მომენტები სოციალიზაციისთვის, რითაც თავის ტვინს მოამზადებთ მოწყენილობის მდგომარეობაში ყოფნისთვის.

დაეხმარეთ ბავშვებს „მოწყენილობის ბოთლის“ შექმნაში, სადაც ისინი ისეთ აქტივობებს შეაგროვებენ, რომელთა განხორციელება მოწყენილობის დროს შეუძლიათ.

იყავით ემოციურად მისაწვდომი იმისათვის, რომ თქვენ და თქვენი შვილი ერთმანეთს დაუკავშირდეთ და მათ თვითრეგულაცია და სოციალური უნარების ათვისება შეძლონ.

გამორთეთ ტელეფონები ღამით, როდესაც ბავშვები დასაძინებლად ემზადებიან.

გახდით თქვენი შვილების მარეგულირებელი ან მათი ემოციების მწვრთნელი. ასწავლეთ მათ იმედგაცუებისა და ბრაზის მართვა.

ასწავლეთ მათ მისალმება, პასუხისმგებლობის მონაცვლეობით განაწილება, სხვებისთვის ისე გაზიარება, რომ თავად არ დაზარალდნენ, მადლობის გადახდა, თხოვნის თავაზიანად ჩამოყალიბება, ბოდიშის მოხდა (თუმცა, არ აიძულოთ, ბოდიში მოიხადონ). იყავით ამ ღირებულებების მატარებელი მოდელი.

დაუკავშირდით ერთმანეთს ემოციებით – იცინეთ, ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს, წაიკითხეთ, იცეკვეთ, იხტუნავეთ, ითამაშეთ და იხოხეთ ერთად“.

 თარგმანის ავტორი: ფსიქოლოგი ნანა ღვინიანიძე.
https://azrovnebisakademia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები