„მსგავსმა პერფორმანსებმა შეიძლება გააჩინოს უიმედობა და გამოსავლის არარსებობის განცდა მოზარდებში“ – ფსიქოლოგი 15 წლის ლუკას გარდაცვალებაზე
15 წლის ლუკას გარდაცვალებას და ფრაზის „ამ ცხოვრების დედაც“ ერთგვარ პერფორმანსად, სლოგანად და პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენებას ფსიქოლოგი დალი ლაშხიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყოველივე მოზარდებისთვის საფრთხის შემცველია:
„მსგავსი პერფორმანსები არ არის სწორი მხარდაჭერის ფორმა. ამან მართლაც შეიძლება გააჩინოს უიმედობის და გამოსავლის არარსებობის განცდა, მით უფრო მოზარდებში. ამასთანავე, პოლიტიკური ელფერის მიცემა მოვლენებისთვის არ არის მართებული. ის, რაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გვაიძულებს, დავფიქრდეთ და გავაკეთოთ რევიზია. ეს შეეხება როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების, საგანმანათლებლო და სამართლებრივი სისტემების როლს, მათ პასუხისმგებლობას. ზოგადად, თვითმკვლელობა შეიძლება მოხდეს ან აფექტურ მდგომარეობაში, ან მრავალი სხვა მიზეზით იყოს განპირობებული. ანუ ჰქონდეს გარკვეული წინაპირობა. მაგალითად, ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური ან სიტუაციური, ან ყველა ერთად. ბავშვებსა და მოზარდებს არ შესწევთ იმდენი უნარი, საკმარისი გამოცდილება და ცოდნა, რომ ყოველთვის პირდაპირ ნათლად გადმოგვცენ თავიანთი პრობლემები. ამიტომ, ჩვენი ვალია და რაც მთავარია, გვქონდეს ნება-სურვილი, რომ შეგვეძლოს მათი როგორც ვერბალური, ისე ქცევითი მესიჯების წაკითხვა“, – განაცხადა ფსიქოთერაპევტმა.
ფსიქოლოგის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის ჩარევა უკიდურეს შემთხვევებში მოხდეს.
„მოზარდობა არის ყველაზე მგრძნობიარე პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ მათთან შეხება, უნდა ითვალისწინებდნენ ამ ასაკობრივ თავისებურებებს და ფლობდენენ შესაბამის ცოდნას. პოლიციის ჩარევა კი უნდა ხდებოდეს უკიდურეს შემთხვევებში“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა.