როგორ გავიმარტივოთ სიბერე, მოხუცი ქალის სიბრძნე და საინტერესო რჩევები – „ქალბატონებო, ნუ გეშინიათ სიბერის“

არ შეგეშინდეთ სიბერის – ამის თქმა მარტივია! ვფიქრობ, ქალბატონების უმეტესობას იმდენად არ ეშინია სიბერის, ჩამოწელილი კანისა და ნაოჭების, რამდენადაც სიკვდილისა და ახლობელი ადამიანების დაკარგვის. მაგრამ ეს ყოველივე ბუნებრივი მოვლენებია, ამიტომ უნდა დატკბეთ თითოეული წამით და ნებისმიერი ასაკით! რადგან ნაოჭებთან ერთად, ჩვენ ვიძენთ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სიბრძნეს. თანამედროვე მსოფლიოში, სხეულს ახალგაზრდობა შესაძლოა, ქირურგიული ჩარევებით, კარგი იმიჯითა და სპორტული აქტივობით შევუნარჩუნოთ, მაგრამ ამერიკელი ქალბატონი ფელის შლოსბერგი ასე არ ფიქრობს, იგი ტკბება საკუთარი ასაკით და ამასვე გირჩევთ თქვენც.

აი, რა მისწერა მან მეგობარ ვლადიმირ პოზნერს: „არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთი ახალგაზრდა გოგონა მოვიდა ჩემთან კითხვით: „როგორია იყო მოხუცი?“. მე დავიბენი, დავფიქრდი და პასუხი ვერ მოვძებნე, რადგან ამაზე არ მიფიქრია და თავსაც არ ვთვლიდი მოხუცად. ჩემი დაბნეულობის გამო გოგონამაც დაიმორცხვა, თუმცა, მე მას მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ საინტერესო კითხვა დამისვა. და აი, მე მივხვდი იმას, რომ სიბერე ეს – წყალობაა! დღეისათვის, მე ის ადამიანი ვარ, ვინც ყოველთვის მინდოდა რომ ვყოფილიყავი. არა, არ იფიქროთ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ნაოჭებისკენ, კანზე ლაქებისკენ და ჩამოვარდნილი საჯდომისკენ ვისწრაფოდი. ხშირად, სარკეში ჩახედვისას, უკმაყოფილო ვარ, მასში ასახული სილუეტით, მაგრამ ეს წუხილი მალევე ქრება, რადგან არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ გავცვლიდი ჩემს ოჯახსა და უახლოეს მეგობრებს, მუქ თმასა და ბრტყელ მუცელში! შევამჩნიე, რომ სიბერესთან ერთად უფრო კეთილი და ადამიანების მიმართ გაცილებით შემწყნარებელი გავხდი. მე სხვანაირი ვარ. აღარ ვტანჯავ საკუთარ თავს იმის გამო, რომ ერთით მეტი ნამცხვარი მივირთვი, აღარ ვკიცხავ თავს ბაღისთვის ნაყიდი ფიგურის გამო, რომელიც არაფერში მჭირდება, მაგრამ ალამაზებს ჩემს ბაღს. ჩემი ცხოვრების მანძილზე უამრავი მეგობარი და ნაცნობი ვიხილე, რომლებიც ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ისე, რომ სიბერეს ვერ მიაღწიეს. ვისი რა საქმეა თუ მე დილის ოთხ საათამდე ვკითხულობ და შუადღემდე მძინავს? სიბერე – ეს თავისუფლებაა. შეგიძლია იცეკვო საკუთარ თავთან შეუდარებელი მუსიკის ქვეშ ახალგაზრდობიდან, შეგიძლია იტირო სიყვარულზე, რომელიც ოდესღაც იყო. შეგიძლია ზღვის სანაპიროზე წახვიდე და არ გრცხვენოდეს საკუთარი სხეულის და თუ მოგესურვება, შეგიძლია პირდაპირ ტალღებში შევარდე, მიუხედავად სიბრალულით სავსე მზერისა ახალგაზრდებისგან, რომლებიც ჩაცმულები (გახდილები?) არიან ბიკინებში. მაგრამ ისინიც ხომ დაბერდებიან? გარდაუვალია! ხანდახან ჩემი ახალგაზრდობიდან რაღაცები მახსენდება, მაგრამ კარგად მესმის, რომ ყველაფრის დამახსოვრება აუცილებელი არ არის. მხოლოდ მნიშვნელოვანის. ამ წლების მანძილზე არა ერთხელ მტკენია გული. როგორ შეიძლება ისე ცხოვრება, რომ გული არ გეტკინოს?! მაშინ, როცა დაკარგე საყვარელი ადამიანი. მაშინ, როცა იტანჯება ბავშვი. მაშინაც, როცა საყვარელ ძაღლს მანქანა ეჯახება? მაგრამ სწორედ ამაშია ჩვენი ძალა – არ შეიძლება იყოს ლამაზი ის თვალები, რომლებსაც ერთხელაც კი არ უტირიათ. შეუძლებელია იყოს ცოცხალი და მოსიყვარულე სტერილური გული. ბედმა მარგუნა მეცხოვრა თმების გაჭაღარავებამდე, იქამდე, სანამ ჩემი ახალგაზრდული ღიმილი, არ აღიბეჭდა სახეზე ღრმა ჭრილებით. იმიტომ, რომ ბევრი, ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ნაადრევად, ახალგაზრდობაში ან შუახნის ასაკში. მე ახლა შემიძლია ვისაუბრო გულღიად. რაც უფრო მოხუცი ხარ, მით უფრო ნაკლებად გაღელვებს სხვისი აზრი. უფრო ნაკლებად გეპარება ეჭვი და უფრო იშვიათად ცდები. ასე რომ საყვარელო ახალგაზრდა გოგონა! გეტყვი ამას: მე მომწონს მერქვას მოხუცი! მოხუცებულობამ გამათავისუფლა. მე მომწონს ის ადამიანი, რომელიც გავხდი. სამუდამოდ არ ვიცხოვრებ, მაგრამ სანამ აქ ვარ, არ ვაპირებ დროის დაკარგვას დარდში იმაზე, თუ რა შეიძლება მომხდარიყო და არ მოხდა, მე არ ვიდარდებ იმის გამოც, თუ რა შეიძლება სამომავლოდ მოხდეს. და მე შევჭამ ტკბილეულს ყოველდღიურად!“

კომენტარები

სხვა სიახლეები