5 წლის ბავშვს ბაღის მასწავლებელმა პირი სკოჩით აუკრა

რუსეთში, პერმის ოლქის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ხუთი წლის აღსაზრდელს პირი „სკოჩით“ აუკრა, რადგან მიაჩნდა, რომ ის ზედმეტად ხმამაღლა საუბრობდა.
ბავშვის დედის თქმით, ახლა მის ბიჭუნას ბაღში წასვლის ეშინია. თავად ფაქტი ბაღის სხვა აღსაზრდელებმა დაადასტურეს, რაც შეეხება აღმზრდელს, მან ჩადენილი ქმედება არ უარყო.
„ძიძამ აღიარა, რომ არასწორად მოიქცა. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ასეთი რამის გაკეთების უფლებას აძლევს თავს, საბავშვო ბაღში არ უნდა მუშაობდეს. ბაღის ხელმძღვანელობამ შემატყობინა, რომ მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ“, – განაცხადა ბავშვის დედამ.
ხელმძღვანელობამ დანაპირები შეასრულა და აღმზრდელი იქ აღარ მუშაობს.
ბაღის გამგემ აღნიშნა, რომ ის ახალი თანამშრომელი იყო და თავიდან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. მას სამი შვილი ჰყავს, ამიტომ ბაღში ფიქრობდნენ, რომ ის თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებდა.
დაზარალებული ბავშვის დედის თქმით, სასამართლოში ჩივილს არ აპირებს, მით უმეტეს ახლა სხვა გეგმები აქვს – სურს დაუმტკიცოს შვილს, რომ ბოროტი ძიძა ბაღში აღარ მუშაობს.
„ჩვენ ვუთხარით მას, რომ ბოროტი ძიძა ბაღში აღარ არის, ვცდილობთ დავავიწყოთ ის ინციდენტი, მეტი ვეთამაშოთ. იმედი გვაქვს, მალე ამ საშინელებას დაივიწყებს”, – თქვა ბავშვის მშობელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები