38 წლის “სტაიანშჩიკი” ქალის ისტორია – “დღეში 15 ლარამდე გამომდის”

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი “ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან” საზოგადოებას მარტოხელა დედას 38 წლის ქეთი აბდულაევას აცნობს, რომელიც ავტოსადგომზე “სტაიანშჩიკად” მუშაობს. ახალგაზრდა ქალის ისტორია საკმაოდ მძიმეა:

ქეთი აბდულაევა, 38 წლის, თბილისი

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.
აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემ ქმარს არაფერი შემოქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.
აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2 დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა – ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო – ამისთვის ვერ მოვიცალე.“
პ.ს. „ქალები საქართველოდან“-ის ჯგუფი პერიოდულად ასეთ სპონტანურ ისტორიებს შემოგთავაზებთ პირდაპირ ქუჩებიდან. შესაბამისად ფოტოების გადაღება ავტორების ხელთ არსებული სმარტფონებით მოგვიწევს. ამიტომ ფოტოების ხარისხზე გიხდით ბოდიშს.

კომენტარები

სხვა სიახლეები