15 ფილმი, რომელიც ვალენტინობას საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა ნახოთ

ვალენტინობას საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, ზოგსაც დიდად არ ხიბლავს ამ დღის იდეა და ამბობენ, რომ სიყვარულს განსაკუთრებული დღე არ სჭირდება და რომ ყველა დღე სიყვარულისაა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რომელ კატეგორიას ეკუთვნით, რომანტიკული ფილმის ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა. მათ განსაკუთრებული ძალა აქვთ აგავსონ პოზიტივით და სიყვარულის განწყობაზე დაგაყენონ.

Regarder-ი გირჩევთ, რომ ამ ფილმებს საყვარელ ადამიანთან ერთად უყუროთ. ასე რომ, მოემზადეთ და ჩაუჯექით, ყველა დროის საუკეთესო რომანტიკულ ფილმებზე უნდა მოგიყვეთ:

1. „ბინძური ცეკვები“ | Dirty Dancing (1987)

ამ კლასიკური რომანტიკული ფილმის ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა და არა მხოლოდ ვალენტინობის დღეს. ულამაზესი ცეკვები, მომხიბვლელი მოცეკვავისა და ბეიბის რომანტიკული სიყვარულის ამბავი და ცეკვის ლეგენდად ქცეული სცენა – მერე რა, თუ ფილმი უკვე არაერთხელ გინახავთ, ის არასდროსაა მოსაბეზრებელი.

2. „ნაბიჯი წინ“ | Step Up (2006)

ჩენინგ ტატუმისა და ჯენა დიუვანის დაუვიწყარი ტანდემი. მისი ნახვის დროს შეგიძლიათ რიტმებსაც აჰყვეთ და სასიამოვნო განწყობა შეიქმნათ.

3. „ლამაზმანი“ | Pretty Woman (1990)

რომანი მდიდარ ბიზნესმენსა და სექსმუშაკს შორის – ეს 90-იანი წლების კონკიას ამბავია. რიჩარდ გირმა და ჯულია რობერტსმა დაუვიწყარი გმირები შექმნეს და დაგვაჯერეს, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს.

4. „რომაული არდადეგები“ | Roman Holiday (1953)

ევროპელი პრინცესას როლს სილამაზისა და სტილის ლეგენდა, ოდრი ჰეფბერნი თამაშობს. მას ამერიკელი რეპორტიორი შეუყვარდება და რაც მთავარია, მოქმედება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ქალაქში, რომში ვითარდება.

5. „იყავი ჩემი“ | Always Be My Maybe (2019)

„ნეტფლიქსის“ ახალ რომანტიკულ კომედიაში ბავშვობის დროინდელი შეყვარებულების ისტორიაა მოთხრობილი. რომელიც თავდაპირველად ვერ განვითარდა. ისინი ერთმანეთს 15 წლის შემდეგ შეხვდებიან და ახალი, რომანტიკული თავგადასავალიც იწყება.

6. „ჰიტჩი“ | Hitch (2005)

ფილმში უილ სმიტის გმირი ურთიერთობების ექსპერტია, მაგრამ როცა სხვებს ასწავლის „სიყვარულის წესებს“, თავად გაებმება მახეში და არც ისე მარტივი აღმოჩნდება მისთვის ურთიერთობის დალაგება.

7. „როცა ჰარი შეხვდა სალის“ | When Harry Met Sally (1989)

ფილმი და ისტორია, რომელიც წლებს უძლებს. სიყვარულს რომ დიდი ძალა აქვს, ეს ფილმი ყველაზე მეტად დაგარწმუნებთ.

8. „თქვენთვის წერილია“ | You’ve Got Mail (1998)

ფილმი გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ადამიანებს ერთმანეთი ნახვის გარეშე შეუყვარდეთ და ბევრი საერთო აღმოაჩინონ. ტომ ჰენკსისა და მეგ რაიანის გმირებს სწორედ ასე, ნახვის გარეშე, ინტერნეტში გაცნობის შედეგად უყვარდებათ ერთმანეთი.

9. „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ | Bridget Jones’s Diary (2001)

კოლინ ფერტსა და ჰიუ გრანტს რომ უყვარდეთ, რომელს აირჩევდით? სწორედ მსგავსი დილემის წინაშეა რენე ზელუეგერის გმირი. გაიგეთ, რას გადაწყვეტს ის.

10. „ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“ | 10 Things I Hate About You (1999)

შეუძლებელია ჰიტ ლეჯერი არ შეგიყვარდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველას წინაშე საყვარელ გოგონას „I Love You Baby”-ის უმღერის და ამ ფორმით უტყდება სიყვარულში. ფილმს უილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“ უდევს საფუძვლად.

11. „უბის წიგნაკი“ | The Notebook (2004)

რომანტიკული ფილმების ჩამონათვალი „უბის წიგნაკის“ გარეშე წარმოუდგენელია. ფილმი გვიყვება სიყვარულზე, რომელსაც ყველანაირი ბარიერის დანგრევა შეუძლია და რომ მას ვერაფერი, მათ შორის, ვერც სოციალური უთანასწორობა შეუშლის ხელს.

12. „მე შენამდე“ | Me Before You (2016)

ემილია კლარკი მხოლოდ დრაკონების დედა არ არის. მან მართლაც დაუვიწყარი გმირი შექმნა ფილმში „მე შენამდე“. ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე პატარა ქალაქიდან, რომელიც პარალიზებული მამაკაცის მომვლელად იწყებს მუშაობას და მას სიცოცხლის ხალისს უბრუნებს. მათ შორის ამაღელვებელი სასიყვარულო ისტორია ვითარდება.

13. „პ.ს. მე შენ მიყვარხარ“ | P.S. I Love You (2007)

ეს ფილმი მართალია დაგასევდიანებთ, მაგრამ ამავდროულად, გაჩვენებთ რა ძვირფასია საყვარელი ადამიანი. დაგარწმუნებთ, რომ როცა ნამდვილად უყვარხარ, ის სიკვდილის შემდეგაც კი დაგაძლევინებს სირთულეებს.

14. „ტიტანიკი“ | Titanic (1997)

გვჯერა, რომ ეს ფილმი არაერთხელ გაქვთ ნანახი, მაგრამ კინოსურათი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა ნახვაც არასდროს ბეზრდებათ. მასში გადმოცემული ამბავი ლეგენდადაა ქცეული. ვფიქრობთ, ფილმის „გადამეორება“ წარსულს გაგახსენებთ და სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ.

15. „ვარსკვლავის დაბადება“ | A Star Is Born (2018)

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი, რომელიც ორ მუსიკოსზე გვიყვება. ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას შთამბეჭდავმა ტანდემმა ათასობით მაყურებელი მონუსხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები