13 წლის განმავლობაში დაკარგული კატის დაბრუნების სევდიანი ისტორია

სევდიანი და გულისამაჩუყებელი ისტორია ინგლისში, გლოსტერშირის საგრაფოში განვითარდა. 2001 წელს, ოთხი კვირის კნუტი ებიგეილ სმიტის სახლში დასახლდა. პატრონი მას ოთხი წლის განმავლობაში უვლიდა და ელოლიავებოდა, თუმცა შემდეგ უკვე წამოზრდილი კატა სახელად უილოუ, უკვალოდ გაქრა. მას მერე ოჯახს მის შესახებ არაფერი გაუგია.
გავიდა 13 წელი… ებიგეილი „ფეისბუქში“ განცხადებას წააწყდა, სადაც კატის ფოტოც იყო გამოქვეყნებული. ის ძალიან ჰგავდა დაკარგულ უილოუს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ მისი სახლის ახლომახლო გუბურაში კატა ჩავარდა და ის გადაარჩინეს. ეს კატა კი ერთი-ერთში ჰგავდა წლების წინ ებიგეილის დაკარგულ ოთხფეხა მეგობარ უილოუს.
„ვერ ვიჯერებდით. მაშინ მისმა გაუჩინარებამ გული მომიკლა. როდესაც „ფეისბუქში“ პოსტი ვნახე, მას ფოტო გადავუღე და დედაჩემს გავუგზავნე. მეგონა, გავგიჟდი.“
მალე კი ვეტერინარებმა დაადასტურეს, რომ ეს კატა ნამდვილად უილოუ იყო, რომელიც უკვე 17 წლის დაბერებული კატა იყო. ბედნიერმა პატრონმა ის სახლში წაიყვანა და იმედი ჰქონდა, რომ მას იმ სიყვარულს და სითბოს აჩუქებდა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დააკლდა. თუმცა, სამწუხაროდ მათი ბედნიერება დიდ ხანს არ გაგრძელებულა. სამ დღეში უილოუ დაიღუპა. როგორც ჩანს, ის მოსიყვარულე პატრონის სახლში იმისთვის დაბრუნდა, რომ უკანასკნელი დღეები სწორედ სითბოთი და სიყვარულით გარშემორტყმულს გაეტარებინა.
“მადლობელი ვარ, რომ მასთან დამშვიდობება შევძელი. ყოველ შემთხვევაში თავისი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში მან იცოდა, რომ იგი უყვარდათ.”

კომენტარები

სხვა სიახლეები