107 აქციონერი წართმეული ქონების დაბრუნებისთვის იბრძვის – ვისია „ღვინის #1 ქარხანა“?

სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხნის“ 107 აქციონერი 2007 წლიდან იბრძვის მაშინდელი ხელისუფლების პირობებში წართმეული საწარმოს დაბრუნებისთვის.

ეს არის ღვინის ქარხანა, რომელიც თბილისის ცენტრში, პეტრიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარეობს.

„მდებარეობს“ ხმამაღალი ნათქვამია, ვინაიდან დღეს ამ ტერიტორიაზე ყველაფერია, ღვინის ქარხნისა და მისი უნიკალური კოლექციის გარდა, რომლის განადგურებით, დაზარალებული აქციონერების მტკიცებით, სახელმწიფომ, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი დაკარგა.

ღვინის ქარხნის ყოფილი მფლობელები ამტკიცებენ, რომ საქმე ეხება წინა ხელისუფლების პერიოდში, თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა №1-ში მდებარე უძრავი ქონების მითვისების ფაქტს, რომელიც თავის დროზე სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხანას“ ეკუთვნოდა.

მათივე მტკიცებით, აქციონერები „ნაციონალებმა დააყაჩაღეს და ეხლანდელი რეგისტრირებული დირექცია არის ფიქტიური და თან კომპანია იგივეა, რომელმაც ქონება 2007 წელს მიითვისა“.

„ქარხანა დაჭრეს და გაანადგურეს და იქ ისეთი საეჭვო ობიექტები გახსნეს, რომლებსაც მეღვინეობასთან საერთო არაფერი აქვთ. ეს ღვინის ქარხანა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ითვისებდა სააკაშვილის ბანდა კართველი ხალხის ქონებას“, – ამბობს ზვიად ქურდაძე, რომელიც ქარხნის ერთ–ერთი აქციონერია.

„რეალურად ეს არის სასწავლო მაგალითი იმისა, თუ როგორ ითვისებდა სააკაშვილი და ნაცბანდა ხალხის ქონებას და მას ფიქტიურ მფლობელებზე აფორმებდა. დღესაც ვიღაც მისი ხალხია იქ და გაიძახიან, თითქოს ქარხნის აქციები 7 მილიონ დოლარად შეისყიდეს. 7 მილიონი კიარა, მათ თავისი 7 ლარიც არ ჰქონიათ“, – ამბობს ქარხნის მფლობელი ააქციო საზოგადოების დირექტორი ჯორჯ კურტისი, რომელიც წართმეული ქონების დაბრუნებისთვის სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.

ქარხნის გასხვისების ეპიზოდი
„სავანე ღვინის №1 ქარხნის“ აქციონერების ინფორმაციით, უკანონო საქმეში პირადად იყვნენ ჩართულები „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ კვარაცხელია და მიხეილ უგულავა.

როგორც ირკვევა, შექმნილი ვითარებით უცხოელი, კერძოდ ბრიტანელი ინვესტორი დაზარალდა, რომელსაც საქართველოში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა:

„სტრატეგიული ინვესტორის პრამოდ მიტალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იკვეთება შემდეგი – იყო რა ”კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტის” მფლობელი და ინვესტორი, მან ღვინის ქარხნის ტერიროტიაზე მხცოვრები თავისი დირექტორებისგან – წარმომადგენლებისგან რაკეშ დიკშიტისგან და ბხარევარისაგან შეიტყო , რომ მისი ოფისი იყო დარბეული, ყველა საბუთი და ღირებული რამ – ავეჯის და ინტერიერის დეკორის ჩათვლით, გატაცებული, თანამშრომლები ნაცემი და დაშინებული, ხოლო ერთი – დავით მენთეშაშვილი დაპატიმრებული კიდეც. ის შეეცადა დ. მენთეშაშვილის დახსნას გირაოთი იმის გათვალისწინებით, რომ ის იყო დაავადებული კიბოთი, შესთავაზა 4 ჯერ მეტი თანხა, ვიდრე მას ედავებოდნენ, მაგრამ მიიღო უარყოფითი პასუხი. ხოლო ადვოკატებისგან შეიტყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი დაკავებული იყო სამედიცინო ცენტრის ( ბრალი რომელიც არ დადასტურდა და იყო გამართლებული სააკაშვილის მართული სასამართლოს მიერაც კი) საბაბით მას გაზრახ ყალბი ჩვენებების მიცემას ღვინის ქარხანასთან მიმართებაში აიძულებდენ თავისუფლების სანაცვლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სავანე ღვინის №1 ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს სახელით ხელს აწერს დირექტორი ჯორჯ ვილიამ კურტისი.

განცხადება-შუამდგომლობა 2017 წელს ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების სახელზეა გაგზავნილი.

განცხადება-შუამდგომლობით მოთხოვნილი იყო აქციონერების დაზარალებულებად ცნობა, ქონების მისაკუთრებაში მონაწილე ყველა პირისთვის ბრალის წაყენება, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლოსთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართვა, ასევე დატაცებული ქონებისთვის ყადაღის დადება.

ჯორჯ კურტისის პროკურატურისადმი გაგზავნილ წერილში აღწერილია, თუ რა ბედი ეწია ისტორიულ ღვინის ქარხანას:

„არ შემიძლია არ მოგიყვეთ, თუ რა დღეში ჩააგდეს კრიმინალებმა ღვინის ქარხანა მასზე კონტროლის მოპოვებისთანავე. მე პირადად ვიყავი იქ – ძველმა დაცვამ, რომელიც მე მიცნობდა, ცოტა ხნით შემიშვა ქარხნის ტერიტორიაზე. უნებლიედ მახსენდება ფილმი ბარბაროსების მიერ რომის დარბევის და გადაწვის შესახებ. მსაგვსი რამ იყო ღვინის ქარხანაშიც: ქარხნის საცავებში არსებული ტექნოლოგიური ციკლისთვის 40 ზე მეტი სპეც შენადნობისგან დამზადებული, მათ შორის, ალუმინის და ემალირებული ცისტერნები იყო დაჭრილი და ჩაბარებული ჯართში, უკვალოდ დაიკარგა ქარხნის დიდ სადეგუსტაციო დარბაზში არსებული ახლად ჩამოტალინილი ტექნიკა, მოპარული იყო ალკოპოსის დამამზადებელი ხაზი, თუ რაიმე იყო ქარხანაში ტექნოლოგიური, რისი ჩაბარებაც ჯართში შეიძლებოდა, იქნა დაჭრილი და გატანილი, ქარნის მიერ მიღებული ასობით დიპლომი თუ მედალი გაქრა, მზა პროდუქციის საწყობში არსებული დაახლოებით 200 000 აშშ დოლარის ალკოპოპსის და ღვინის პროდუქცია ადგილზე იყო დალეული ან წაღებული სახლში, ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ცოცხალ კუთხეში ბინადარი, ხოხბები, ფარშევანგები და გედები იყვენ შეჭმული ან შიმშილით დახოცილი, სრულიად დარბეული და გაპარტახებული იყო უცხოელ სპეციალისტთა საცხოვრებელი ბლოკი და ოფისი. გატანილი იყო იქ არსებული მთელი ინვენტარი, მოპარული უცხოელ სპეციალისტთა ყველა პირადი ნივთი, კორპორატიული საბუთი, კომპიუტერები, სპეციალური გეოლოგიური საძიებო პროგამებით, რომლებიც ათობით ათასი დოლარი ღირს, უნიკალური ა 0 ფორმატის პლოტერები, მცირე სადეგუსტაციო დარბაზის დეკორაცია, ბაღში არსებული ბრინჯაოს სკულპტურები, მოკლედ ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც ღირებული იყო. არა მარტო ქარხანა, არამედ მთელ ჩვენი საქართველოში ყველაზე მასშტაბურ – მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე მომუშავე ჯგუფი რამოდენიმე წლით გამოყვანილი იყო მწყობრიდან“.

სამართლებრივი წონასწორობა
„ახლა სასამართლო პროცესი მარტივია – „ღვინის #1 ქარხანა“ ქონების დაბრუნებას ითხოვს იმ კომპანიისგან, რომელზეც „ნაცბანდამ“ 2007 წელს მიტაცებული ქონება ძალდატანებით გააფორმა. იმას, რომ 2007 წელს ქონება მიითვისეს, მოპასუხე მხარე არც დაობს – ისინი დაობენ, რომ 2013 წელს აქციები იყიდეს (როდესაც უკვე „სავანე“ ითხოვდა ქონების დაბრუნებას და ეს ქონება დაყადაღებული იყო) და ამ აქციების ფლობით სურთ, თავი კეთილსინდისიერ მფლობელებად წარმოადგინონ. უზენაესმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ვინ არის მიმთვისებლის მეწილე, მნიშვნელობა არ აქვს – ვალდებულება მიმთვისებელ კომპანიას ეკისრება“, – აცხადებს არჩილ კბილაშვილი, რომელიც ქარხნის ინტერესებს სასამართლოში იცავს”, – აცხადებს იურისტი და სააქციო საზოგადოების ინტერესების გამომხატველი არჩილ კბილაშვილი.

ვანდალიზმი და ძარცვა
მოსარჩელე მხარემ ყველა ინსტანციაში წარადგინა ფოტოდოკუმენტები, რომლებზეც ქარხნის სავალალო მდგომარეობაა ასახული, თუ როგორ გაანადგურეს რესტორნის მოწყობის მიზნით უნიკალური მარანი, მისი მიკროკლიმატი, რითაც დაირღვა ტემპერატურის, ტენიანობის, განათების რეჟიმი. შესაბამისად, მარანი ვეღარ ასრულებს ღღვინის დაძველება–შენახვის ფუნქციას. სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ შესაბამისი მიკროკლიმატის არქონის შემთხვევაში ღვინის ბოთლების საცობები ხმება, ღვინო იღვრება და ფუჭდება. ღვინოს ცოცხალ ორგანიზმადაც მოიხსენიებენ, რომელიც იბადება, მწიფდება და კვდება – სწორედ მიკროკლიმატის მოშლამ გამოიწვია ქარხნის მარნებში დაცული საქართველოს მეღვინეობის ენოთეკის განადგურება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ენოთეკის განადგურება „ღვინის #1 ქარხნის“ ვანდალური ძარცვის კიდევ ერთი ფაქტი.

ინვესტორის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ინვესტორი პრამოდ მიტალი დარწმუნებულია, საბოლოოდ ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, ღვინის ქარხანას ძალიან დიდი ისტორია აქვს და მისი სასტუმროდ გადაკეთება, ან პროფილის ნებისმიერი შეცვლა, დაუშვებელია. პრამოდ მიტალის განცხადებით, ქარხანა ინვესტორებს უნდა დაუბრუნდეს:

„მე მჯერა საქართველოსი, მე პირველად როდესაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში, მიმდინარეობდა მეტალურგიული ქარხნისა და ზესტაფონის ფეროს რეკონსტრუქცია. ეს იყო 2004 წელს. #1 ღვინის ქარხანა ყოფლი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მითითებით წაგვართვეს. ჩვენ იმიტომ გვინდოდა ამ ღვინოში შემოსვლა, რომ დიდი ინვესტიციები განგვეხორციელებინა და გაგვეტანა ღვინო ექსპორტზე. ამ ღვინის ქარხანას ძალიან დიდი ისტორია აქვს და მისი გადაკეთება სასტუმროდ, ან პროფილის ნებისმიერი შეცვლა, დაუშვებელია. ჩვენ გვინდა მისი, როგორც სავაჭრო ნიშნის აღდგენა. ღვინის ბიზნესი საქართველოში მეტ ტურისტსა და მეტ ინვესტორს მოიზიდავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს ხელისუფლების სამართლიანობაში და ქარხანა უნდა დაუბრუნდეს ინვესტორებს, რაშიც კიდევ უფრო მეტ კაპიტალს დავაბანდებთ და მას საქართელოში წარმატებულ ღვინის კომპანიად ვაქცევთ. მე საქართველოში ახლო მომავალში ვაპირებ ჩამოსვლას და ამის გარდა სხვა პროექტებსაც მივხედავ. 10 წელია, ამ საკითხზე დავა მიდის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არსებული ინვესტორების შენარჩუნებას, რომ სხვაც შემოვიდეს. დღევანდელი მთავრობის მიდგომები ინვესტორების მიმართ სამართლიანად მიგვაჩნია და ვაპირებთ საქართველოში საქმიანობის გაგრძელებას. იმედი გვაქვს, საქართველოს სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს“.

ვერდიქტის მოლოდინში
წართმეული ქონების დაბრუნების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 18 ივნისსაა ჩანიშნული. აქციონერები, ინვესტორი და ქარხნის ყოფილი მენეჯმენტი სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში სამართლიანობის აღდგენის იმედს არ კარგავენ, თუმცა სამართლებრივ ბრძოლას, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გააგრძელებენ.

წყარო:https://pia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები