“შვილებს პატრიოტული სულისკვეთებით ვზრდიდით” – ფოთელი ბიჭის დედა შვილზე საუბარობს

თეოფანე დავითაიას სახელობის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, არჩილ გვასალია 1 წლის განმავლობაში ოჰაიოს შტატში ყოფნისას ცდილობდა, თანატოლებისთვის საქართველო გაეცნო. მან ამერიკელ კლასელებთან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულა. არჩილის დედა, ნონა ხუხუა შვილის ნიჭსა და შესაძლებლობებზე “კვირა+”-სთან საუბრობს.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა არჩილის მსგავსი შემოქმედებითი ნიჭი?

– ბავშვობიდანვე მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. სიმართლე ვთქვათ, ეს ნიჭი გენეტიკურად მოდგამს. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით, შვილები პატრიოტული სულისკვეთებით გაგვეზარდა. გვინდოდა, სამივესთვის ჰარმონიული და მათ უნარებზე მორგებული განათლება მიგვეცა. აჩი ძალიან აქტიური, ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიმცემი ბიჭია.

როგორც ვიცით, არჩილი FLEX-ის გაცვლითი პროგრამით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორ ფიქრობთ, ჰქონდა მას წინასწარ განსაზღვრული, რომ ამერიკელი თანატოლებისთვის საქართველო მსგავსი კუთხით დაენახებინა?

– საქართველოდან წაიღო სხვადასხვა მასალა, ატრიბუტი, ჩვენი ქვეყნის დროშა. სურდა, გაეცნო მათთვის ქართული კულტურა და სამზარეულო.

იგეგმება თუ არა არჩილის ამერიკელი თანატოლების საქართველოში ჩამოყვანა?

– სურვილი ძალიან დიდია. ფიქრობენ ქართული რეპერტუარის დახვეწასა და გამდიდრებაზე. ვნახოთ, როგორ მოხერხდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები