ჯანმრთელი ჩვილი მოულოდნელად, ძილში გარდაიცვალა.. 30 წლიანი კვლევის შედეგი და მიზეზი თუ რა იწვევს ჩვილებში სიკვდილიანობას

თითქმის ყველა ქალი, შვილის გაჩენის დღიდან, თვეობით და ზოგჯერ წლობით აკვირდება ძილში მის სუნთქვას, დროდადრო ამოწმებს, სუნთქავს თუ არა ძილში მისი შვილი. „სიკვდილი აკვანში“ ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომის სახელწოდებაა, სინდრომისა, რომელიც ასე აშინებს ყველა შობელს.
ჩვილთა სიკვდილიანობის 10% სწორედ ამ სინდრომზე მოდის. უმეტესად წლამდე ასაკის ბავშვები კვდებიან, ამაზე დიდები – იშვიათად. გენეტიკა, გარემო, მუცლად ყოფნისას არსებული პრობლემები – რას არ ასახელებდნენ ამ საზარელი მოვლენის მიზეზად.
ახალმა კვლევამ, რომელიც ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, შესაძლოა ამ სინდრომისგან უამრავი ბავშვი გადაარჩინოს.
უესტმიდის და სიდნეის
უნივერსიტეტების ბავშვთა კლინიკების მკვლევარებმა 2016-2022 წლებში დაბადებული ბავშვების სისხლის ნიმუშები აიღეს. აღმოჩნდა, რომ 26 ბავშვის სისხლში, რომლებიც 2 წლამდე ასაკში ამ სინდრომით დაიღუპნენ, ფერმენტ ბუტირილქოლინესტერაზას (BChE) დაბალი დონე აღენიშნებოდათ. ეს არის ცილა, რომელიც გაღვიძების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თუ ის არასაკმარისია, ბავშვი ვერ გაიღვიძებს და დაიღუპება.
კვლევის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ახალშობილები სიცოცხლის პირველ დღეებში გენეტიკური ანომალიების გარდა ამ ფერმენტზეც უნდა გამოიკვლიონ. თუ მისი დონე ნორმაზე დაბალია, ესეიგი უეცარი გარდაცვალების რისკი მაღალია. მეორე ნაბიჯი, რაც აუცილებლად უნდა გადაიდგას, უნდა მოიძიონ ამ ცილის მოსამატებელი საშუალება.
„ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ზოგიერთ ბავშვს გაღვიძების სათანადო უნარი არა აქვს. ამას დიდი ხნის წინ ვეჭვობდით, მაგრამ ვერ ვხვდებოდით, რა უშლიდა ხელს ბავშვის გამოღვიძებას. ახლა შეგვიძლია ამ ბავშვების გადარჩენაზე ზრუნვა დავიწყოთ და „აკვნის სიკვდილი“ წარსულში დავტოვოთ“ – ამბობს კვლევის ავტორი კარმელ ქარინგტონი.
მას პირადი მიზნებიც ამოძრავებს ამ კვლევების მიმართ. 1991 წელს ქარინგტონის ვაჟი, დემიანი ძილში გარდაიცვალა, თავის მეორე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე. ბიჭუნა, თავის ტყუპისცალი დისგან განსხვავებით, აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ბედნიერი დარბოდა და იცინოდა.
მისი სიკვდილის შემდეგ კარმელმა ადვოკატის თანამდებობა დატოვა და შეუდგა საქმეს, რომელიც ყოველთვის იზიდავდა – ბიოქომიას.
„ბიოქომიაში ბაკალავრის ხარისხი მქონდა, მაგრამ საბოლოოდ იურისტობა ვარჩიე, რადგან ავსტრალიაში ბიოქიმიურ კვლევებზე სათანადო ტანხების მოძიება ყოველთვის პრობლემაა. დემიანის სიკვდილის შემდეგ ექსპერტებს მივმართე, პირადი კვლევაც ჩავატარე და მივხვდი, ვერავინ გამცემდა კითხვაზე პასუხს, რატომ დაემართა ეს ჩემს შვილს. ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ, არ არსებობდა“ – ამბობს ქარინგტონი.
შვილკვდარმა დედამ გადაწყვიტა, რომ პასუხი თავად ეპოვნა. კოლეჯში დაბრუნდა, დოქტორის ხარისხი მიიღო ბავშვთა ძილის განხრით და კვლევის საგნად ჩვილთა ძილში სიკვდილიანობა აირჩია. ეს შვილის ხსოვნისთვის გააკეთა, რათა მომავალში არცერთმა დედამ აღარ გამოსცადოს ასეთი უბედურება.

წყარო: https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები