ხატი, რომელიც სიმსივნით დაავადებულებს კურნავს

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში “ყოველთა დედოფლის” ანუ “პანტანასას” სასწაულმოქმედი ხატის ასლია დაბრძანებული.
საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები, ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია. “პანტანასას” ხატის ჩამობრძანების შემდეგ ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება – ადამიანები სულიერი და ფიზიკური სნეულებების განკურნებას შესთხოვენ. ხშირია შემთხვევა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნებისა. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი რაზმაძე შეჭირვებულთათვის კვირაში ორჯერ-ოთხშაბათს და პარასკევს ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.

ხატის გადმობრძანების დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა აღნიშნა: სასწაულმოქმედი ხატის ასლი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი არა მხოლოდ სნეულებს განკურნავს, არამედ მთელი ერი მიიღებს მისგან განსაკურნებელ მადლსო, – თქვა მამა გიორგიმ. მოძღვრის თქმით, ყველაფერი ასე დაწყებულა: – ჩვენი ტაძრის მრევლის – ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმთა და ავადმყოფთა ერთმა ჯგუფმა (ათასზე მეტი კაცი) წერილობით სთხოვა მონასტრის იღუმენს ხატის ასლის დაწერა. ათონზე ხატის ასლის შექმნას შეუდგნენ.
ვათოპედის მონასტრის ტრადიციით, როცა ხატი იწერება, დამკვეთმა შესაწირი უნდა გაიღოს.

– როცა გავიგეთ შესაწირი თანხის ოდენობა, ძალიან შევწუხდით; მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა! ამ დროს ვათოპედის მონასტერს სტუმრობდა კვიპროსელი მდიდარი ადამიანი. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, უყოყმანოდ გადაიხადა 2500 ევრო. ეს ფაქტიც ხატის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს.

– რამდენწლიანი ისტორია აქვს “პანტანასას” ხატს და რომელია მისი პირველი სასწაული?
– ეს სასწაულმოქმედი ხატი XVII საუკუნისაა. მისი ორიგინალი ვათოპედის მონასტრის საერთო სალოცავის სვეტთანაა დაბრძანებული. თანამედროვე მოწმის, ბერის გადმოცემით, ერთ დღეს ტაძარში სალოცავად ახალგაზრდა კაცი შესულა. ხატს რომ მიუახლოვდა, უცბად ყოვლადწმინდას სახე განათებია და ყმაწვილი კაცი უხილავ ძალას ხატიდან შორს განუგდია. გონს მოსულს სინანულის ცრემლებით მოუნანიებია ბერების წინაშე დანაშაული, ის დაშორებული ყოფილა ღმერთს და მაგიას მისდევდა. ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ დაარწმუნა ახალგაზრდა, შეეცვალა ცხოვრების წესი და ღვთისმოშიში გამხდარიყო.

– ამ ხატის რამდენი ასლი არსებობს?
– ამ ხატის ერთ-ერთი ასლი საბერძნეთის უძველეს ქალაქ კავალასთვის შეიქმნა. ხმამ, ხატის მიერ ბოროტ ძალთაგან განკურნების შესახებ, რუსეთამდეც მიაღწია. წმინდა იოანე კრონშტადტელის “მოწყალების საზოგადოების” თხოვნით (საზოგადოება მოღვაწეობს ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში), მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის კურთხევით “ყოველთა დედოფლის” ხატის ასლი რუსეთისთვის შეიქმნა. 1995 წელს ხატი რუსეთის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბძანეს. იმავე წლის შემოდგომაზე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ხატზე მირონის პირველი წვეთები გაჩნდა. შენობა, სადაც ხატი ბრძანდებოდა, სურნელებით აივსო. ამჯერად პანტანასას ხატი მოსკოვში, ყოველთა წმინდათა ტაძარშია. ხატის კიდევ ერთი ასლი კი საქართველოში, ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში ბრძანდება. პანტანასას ხატთან ლოცვით დღეს მრავალი ადამიანი იკურნება.

უწმინდესისა და ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით, ზაჰესში, მთის წვერზე შენდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის “ყოველთა დედოფლის – პანტანასას” სახელობის დედათა მონასტერი. “ყოველთა დედოფალი-პანტანასა” ცნობილია როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე.

e212a298d1aa

კომენტარები

სხვა სიახლეები