ძაღლების ორთაბრძოლა-სასტიკი “სპორტის” ქართველი გულშემატკივრები(ფოტოკოლაჟი)

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, იაკობ პატარქალაშვილი, 12 თებერვალს გამართული ძაღლების ორთაბრძოლების “ჩემპიონატის” ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.

ფოტოები ერთი შეხედვითაც კი შემზარავია. დაგეშილ ძაღლებს ერთმანეთთან აჩხუბებენ, რაც, ხშირად, ფატალურად სრულდება.
ძაღლების ორთაბრძოლების გამართვა უკანონოა – თუმცა, იატაკქვეშ, მაინც არსებობს და სულ უფრო მზარდი პოპულარობითაც სარგებლობს. არალეგალური ქსელი ძაღლების ჩხუბში „საქართველოს ჩემპიონატს“ ხშირად ატარებს. აქვთ შემუშავებული „წესები“, ჯიშებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით, ჰყავთ „მსაჯები“, ბუქმექერები და, რაც მთავარია, მაყურებელი, რომელიც მზად არის, ძაღლის დასახიჩრებით, ან, სულაც, სიკვდილით, დიდი ფული მოიგოს. ფსონები 20 დოლარიდან იწყება და 20 000 დოლარამდეც კი ადის. „ეროვნულ ჩემპიონატში“ გამარჯვებული ძაღლები, უფრო დიდი მოგების მიზნით, საჩხუბრად სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაშიც კი დაჰყავთ. რაღა თქმა უნდა, ასევე, არალეგალურად.
აღსანიშნია, რომ თბილისის საკრებულოს მიერ 2015 წელს მიღებულ „ცხოველების მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესში“ პირდაპირ წერია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, „ცხოველთა ბრძოლების გამართვა აკრძალულია“. მსგავსი შეზღუდვებია საქართველოს სხვა თვითმმართველი ქალაქების კანონმდებლობაშიც.
სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი კი ცალსახად ამბობს, რომ „ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა, ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე – ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით, ან – გამასწორებელი სამუშაოთი (ვადით ერთ წლამდე). იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორ წლამდე“

კომენტარები

სხვა სიახლეები