„ჩემი ცოლის დაქალების” სცენა ქუთაისში – ჯემალის და მანანას გაცნობა 1974 წელს (ფოტო,ვიდეო)

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები ქუთაისში სულ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თითქმის მთელ ქუთაისში, მათ შორის გორაზე, საფიჩხიასა და პიონერთა პარკში ორი სერია გადაიღეს.
აღნიშნული ეპიზოდები, ორი პერსონაჟის, მანანასა და ჯემალის გაცნობის სცენას ასახავს. სიუჟეტი ძველ ქუთაისში ვითარდება და ლეო ანთაძისა და მედეა ლორთქიფანიძის გმირების სასიყვარულო ისტორიას აცოცხლებს.
სერიალში მოქმედება 1974 წელს ხდება. ძველი ეპოქის გარემოს შესაქმნელად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის მსახიობებთან ერთად, გადამღებ ჯგუფს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბავშვები დაეხმარნენ, რომლებმაც პიონერი ახალგაზრდების როლი მოირგეს.
უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ და რა ვითარებაში ხდებოდა სერიალის ჩაწერა ექსკლუზიურად, Topnews-ის მკითხველს ფოტო და ვიდეომასალას გადასაღები მოედნიდან გთავაზობთ. ასევე – სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ჯგუფის წევრებისა და მსახიობების კომენტარებს.
„ჩვენი სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი იხსენებს, როგორ გაიცნო მეორე პერსონაჟი. მოქმედება ხდება ძველ ქუთაისში. ჯამში, 3 დღე ვართ გადაღებებზე. ჯერ არ ვიცით, თუმცა ქუთაისში გადაღება მომავალშიც თუ დაიგეგმება, სიამოვნებით ჩამოვალთ. უმეტესობა ადგილობრივი – ქუთაისის თეატრის მსახიობები არიან. რთული, მაგრამ საინტერესო გადაღებები იყო, ფაქტობრივად, მთელი ქუთაისი შემოვიარეთ. ძალიან დიდი მადლობა ქუთაისს და თქვენ,“- განაცხადა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა გიორგი ნაზარიშვილმა.
„ქუთაისელებზე ძალიან ბევრის ლაპარაკი შემიძლია იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ქალაქი და მესხიშვილის თეატრის მსახიობები. გადაღებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვედი ქუთაისელი მსახიობებისთვის, ჩამოვიტანეთ სერიალის სცენარი სინჯებისთვის. ჩავწერეთ, წავიღეთ თბილისში და შემდეგ იქ დავამტკიცეთ მსახიობები. ცოტა გაგვიჭირდა ისეთი მსახიობების პოვნა, მანანას და ჯემალის რომ ჰგვანან ფიზიკურად. მედეას პრობლემა უცებ გადაიჭრა, მაგრამ ბატონი ლეოსი – არა. შემდეგ თავად ხუმრობდა, რომ უნიკალური გარეგნობა მაქვს და ჩემს მსგავსს ვერ მოძებნითო, თუმცა ეს ბიჭი მანერით, სიარულით, პლასტიკით ჰგავს მას და ამიტომ დავამტკიცეთ როლზე. მოლოდინი გამართლდა, ნამდვილად ნიჭიერები არიან,“- განაცხადა კასთინგ-მენეჯერმა ეკა ნიჟარაძემ.

„ძალიან საინტერესო როლია, იმიტომ რომ ჯერ ერთი, გენიალური მსახიობი თამაშობს და თან პერსონაჟია ძალიან საინტერესო. გადაღებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და აქ ძალიან საინტერესო გარემოა,“- განაცხადა მსახიობმა ლევან ხარჩილაძემ (პერსონაჟ ჯემალის როლის შემსრულებელმა).
„ჩვენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებებში ვმონაწილეობთ, აქ ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრის“ თეატრალური სკოლიდან მოვხვდი და პიონერების როლს ვასრულებთ. ძალიან მომწონს გადაღებები,“- ამბობს „ახალგაზრდული ცენტრის“ მოსწავლე გიორგი ფხაკაძე. სერიებს ქართველი მაყურებელი 4 და 5 ივნისს იხილავს.

წყარო:http://topnews.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=MA7pBR6kwZs[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები