შიშველი მამაკაცები ქალებს, ქუჩებში, ცემით მიერეკებოდნენ – “ვალენტინობის” ისტორია და ლეგენდები

წმინდა ვალენტინის, ანუ შეყვარებულების დღე, სათავეს V საუკუნის რომში იღებს. ძველ რომში, 14 თებერვალს, ლუპერკალია აღინიშნებოდა – ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული. როგორც ჩანაწერებიდან ვიგებთ, ამ დღეს, ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, რომლებსაც ტყავს აძრობდნენ და მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ, ამ მათრახებით ახალგაზრდა, შიშველი მამაკაცები, ქალებს ცემით მიერეკებოდნენ. ქალებს იმედი ჰქონდათ, ამ ცემის რიტუალის შემდეგ, უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებს ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზე გავრცელებული ტრადიცია იყო რომში.
494 წელს, რომის პაპმა გელასიუს I-მა, ამ ტრადიციის აღნიშვნა აკრძალა. ძველი დღესასწაული წმინდა ვალენტინის დღით ჩაანაცვლეს.

გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც, 269 წლის 14 თებერვალს, რომის იმპერატორმა, კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა – ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლავდიუსს სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც – საყვარელი ქალი, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე – დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომ, კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ მღვდელი ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა. მისი ამბავი ქალაქში გავრცელდა.
წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა. სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა, ზედამხედველის ქალიშვილი, ჯულია გაიცნო და გულში ჩაუვარდა. შეყვარებულმა მღვდელმა, სიკვდილის წინ, ქალიშვილს სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელიც, შემდგომში, ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. ხალხური გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი, თავის სიცოცხლეში, ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ყვავილებს ჩუქნიდა. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და, სიყვარულის ნიშნად, ციხის გისოსებიან სარკმელში ყვავილებს ესროდნენ.

ვალენტინობის შესახებ კიდევ ერთი დაუზუსტებელი ცნობა არსებობს. ერთი ლეგენდის თანახმად, ვალენტინი იყო მღვდელი, რომელმაც ჰომოსექსუალ წყვილს ჯვარი ფარულად დაწერა და მთელი კათოლიკური სამყარო განარისხა. სწორედ ამიტომ დასაჯა კლავდიუსმა.
დღეს, ვალენტინობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება – თუმცა, უმეტეს სახელმწიფოში არ არის არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული. ამ დღეს, შეყვარებული წყვილები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან და რომანტიკულ საღამოებს აწყობენ. მართლმადიდებლური სამყარო არ ცნობს კათოლიკური წმინდანის ხსენების დღეს. რამდენიმე წლის წინ, 14 თებერვლის საპირწონედ, სიყვარულის დღედ საქართველოში 15 აპრილი დამკვიდრდა.

 

 

სოფიო რატიშვილი

 

კომენტარები

სხვა სიახლეები