ცოტა რამ “ბოზებსა და მაფიაზე” პლეხანოვის ისტორიიდან – რას იხსენებს იუნა შაფათავა

მსახიობმა იუნა შაფათავამ სოციალურ ქსელში ბავშვობის ისტორია გაიხსენა. “90-იანებში, მე და დეა პატარები, ახალგაზრდები რომ ვიყავით და პლეხანოვის 120-ში ვცხოვრობდით (დეა, საბედნიეროდ, დაუბრუნდა წინაპრების ბუდეს), საღამოობით, ერთ ქერა ქალბატონს ჰქონდა ამოჩემებული ადგილი – ჩვენი აივნის ქვეშ. უჩერებდნენ მანქანები და სთავაზობდნენ თავიანთი მრავალრიცხოვანი “გოგოების” სერვისებს – იქვე აგვარებდა, მობილურით. გოგოები იქ არ ჰყავდა – იძახებდა სხვაგან, სადღაც. ყველამ იცოდა ეს ამბავი. მე, დეა და მეზობლებიც ცნობისმოყვარეობით ვაკვირდებოდით მის “ბიზნესს”, სანამ, ერთ მშვენიერ დღეს, მან არ დაიწყო მოშორებით, ქსოვილების მაღაზიასთან დგომა, ან ზევით – კონტროლის პალატისკენ. წლების მერე, უკვე ჩემმა ქმარმა (და უბნელმა) მომიყვა – ჩვენმა მეგობარმა “აუხსნაო”. ჩვენი მეზობელი გოგოები ცხოვრობენ იქ და არ გვინდა, ვინმემ რამე სხვანაირად გაიფიქროს მათზე – ქალი ქერა იყო და ამიტომ, შეიძლება, ვინმეს ეფიქრა, შორიდან მაინც. ეგ იყო და ეგ. ეს ამბავი წლების შემდეგ გავიგე ისევე, როგორც ის, რომ სოფლიდან ჩამოსულმა მეგობრის უზრდელმა სტუმარმა ცუდად გაგვიღიმა და “იხუმრა” ძველი პლეხანოველების თანდასწრებით ჩვენზე და ზედმეტად ბევრჯერ იყურებოდა ჩვენი აივნისკენ. ამიტომ, ლამაზად აუხსნეს და მას შემდეგ მისი ფეხი და ჭაჭანება არ იყო პლეხანოვზე.
მოვყევი 22 წლის წინანდელ ამბავს,რომ აგიხსნათ, რას ნიშნავდა პლეხანოვი და ადამიანობა, კაცობა და ქალობა, თბილისელობა. ახლა ყველა მოაღებს პირს, უზრდელობს და თავი მაგარი ჰგონია. კიდევ ერთხელ, ძველი თბილისელისა და პლეხანოველის უფლებით ვსარგებლობ – რა ვქნა, ის კაცები მოკვდნენ, წავიდნენ და გთხოვთ – გაიტანეთ ბარდელი და მანქანების ბაზრობა პლეხანოვის (უკვე აღმაშენებლის) გამზირიდან. აქვე, ვიტყვი: კომუნისტების დროსაც კეთდებოდა ფული “სტაიანკებზე”, მაგრამ, პლეხანოვის სივიწროვის, სპეციფიკის გამო, გამზირზე მანქანების დგომა სასტიკად აკრძალული იყო. ეზოებში კი იყო ადგილი. და რადგან კანონი მაინც არ კანონობს საქართველოში, შეგახსენებთ – ასანთი იაფი ღირს. ის მანქანები შეიძლება, უბრალოდ, იმსხვერპლოს ხანძარმა. რად გინდათ ეს ზედმეტი ზარალი და თავის ტკივილი, ხომ ასეა? “, – წერს შაფათავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები