“შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას” – პაატა იმნაძის ხუმრობა ქართული წარმოების პირბადეებზე

ახალი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო პირბადეების დეფიციტი შეიქმნა. მათი შოვნა შეუძლებელი გახდა, სწორედ ამიტომ, საქართველომ რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივი წარმოება დაიწყო და პირბადეები სააფთიაქო ქსელში უკვე იყიდება. თუმცა, მათი ვიზუალი დიდი კრიტიკის საგანი გახდა. 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი პირბადეები შესაძლოა  დემნა გვასალიამაც კი გამოუშვას:

“შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას. ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობით, რომელიც იყო მსოფლიოში, მაგრამ ყველგან დეფიციტია. წვეთოვანი ინფექციებისგან ეს პირბადე ძალიან კარგად იცავს. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ, იხმარონ N95 რესპირატორი მხოლოდ იმ დროს, როდესაც ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას (სადაც აეროზოლიზაციის რისკი მაღალია). დანარჩენ შემთხვევაში ეს პირბადე ექიმსაც კი შეუძლია, იხმაროს, არათუ მოსახლეობამ“, – აღნიშნა იმნაძემ.

ახალი კორონავირუსი – Covid-19 მსოფლიო პანდემიად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 11 მარტს გამოაცხადა. 

დღეის მდგომარეობა საქართველოში ასეთია – სულ ინფიცირებულია – 230, გამოჯანმრთელებული – 52, გარდაცვლილი – 3. 

მსოფლიოს მასშტაბით – სულ ინფიცირებულია – 1,607,595 ადამიანი, გარდაცვლილია – 95,785 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია – 357,146. 

კომენტარები

სხვა სიახლეები