„ყველაზე ბედნიერი და იმედიანი ვარ, ასე რომ მუშაობს ჩვენი პატრული!“ – როგორ დაეხმარნენ ქართველი სამართალდამცავები მოხუც ქალს

სოციალურ ქსელ Facebook–ის მომხმარებელი, რუსკა პაპუაშვილი საპატრულო პოლიციის მიერ მოხუცისთვის დახმარების ხელის გაწვდენაზე პოსტს წერს. მისი თქმით, ის და მისი მეუღლე ერთ-ერთ გაჭირვებულს ეხმარებოდნენ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კი, ბუნებრივია, ისინი ამას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. შედეგად, მან გადაწყვიტა, 112-ში დაერეკა და მოიგვიანებით გაჭირვებულ ქალბატონს დახმარება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა აღმოუჩინა.

„მადლობა მინდა, გადავუხადო 112–ის ოპერატორებს. მინდა, ჩემი ამბავი მოგიყვეთ!! თბილისის ერთ-ერთ უბანში ერთი მარტოხელა, სმენადაქვეითებული გაჭირვებული მოხუცებული ქალბატონი ცხოვრობს!! სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა, მე და ჩემი მეუღლე ვეხმარებოდით… ის ჩვენგან მოშორებით ცხოვრობს, შეძლებისდაგვარად, მის მონახულებას ვეღარ ვახერხებდით!

ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე, 112-ში დამერეკა და მეთხოვნა, რამენაირად გაეგოთ ამ ქალის ამბავი – „თუმცა მაინც არ მჯეროდა ვინმე თუ აღმომიჩენდა დახმარებას”.

15 წუთში მირეკავს ვიღაც ქალბატონი და დახმარებას დამპირდა! მეც მოლოდინის რეჟიმი ჩამერთო, რომელმაც 20 წუთს გასტანა!!დანიშნულების ადგილზე მისული საპატრულო ბრიგადა მირეკავს, რომელმაც არ ვიცი, რანაირად გააგებინა მოხუცს?! და მეუბნება, რომ ქალბატონი კარგად არის და დახმარებაც აღმოუჩინეს.

რა მინდა, ვთქვა – შეიძლება, ეს ბევრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა!!! მაგრამ მე ყველაზე ბედნიერი და იმედიანი ვარ, ასე რომ მუშაობს ჩვენი პატრული!! ასე, რომ იღებენ გულთან ერთი მოქალაქის პრობლემას!

მე შფოთვა მომეხსნა, მოხუცებული კარგად არის! მადლობა 7412 ბრიგადას (თუ არ ვცდები) ადამიანობისათვის!!ისინი ყველანი ჩვენზე ზრუნავენ პ.ს არც “ქოცი” ვარ და არც “ნაცი!” უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ ამ პატარა საქართველოს ძალიან დიდი გული აქვს“, – წერს რუსკა პაპუაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები