სიჯიუტე, სიზარმაცე, ჰიპერაქტიურობა – რაში გამოადგება ბავშვს თვისებები, რაც დღეს ნაკლი გგონიათ, სამომავლოდ კი მისი ძლიერი მხარე გახდება

მშობელი ბოლომდე კმაყოფილი არასდროსაა შვილის მიღწევებით. ბავშვი ხან ზედმეტად ჯიუტად ეჩვენებათ, ხან ზარმაცებად, ხანაც მათი ეშმაკობებით იღლებიან. როგორც წესი, მშობელი ამ ყველაფრი გამოსწორებას იწყებს. ფსიქოლოგები კი გვახსენებენ, რომ ხასიათის ისეთი თვისება, რომლებიც დღეს უარყოფითად გეჩვენებათ, ხვალ შესაძლოა ბავშვის ძლიერ მხარედ იქცეს. ცოტა უცნაურად ჟღერს, ამიტომ მოვისმონოთ განმარტებებიც.

სიჯიუტე
დიახ, ბავშვების სიჯიუტე ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ ეს ძლიერი ხასიათის გამოვლინებაა და თავის დროზე დიდ როლს შეასრულებს მის ცხოვრებაში. მშობლისთვის ყოველთვის არ არის ადვილი იმის აღიარება, რომ ბავშვი ძლიერია, შესაძლოა, გარკვეულწილად მშობელზე ძლიერიც კი: ოდესღაც შეიძლება დედას და მამასაც აჯობოს ხასიათის სიმტკიცით.

სიჯიუტე ძვირფასი უნარია, რომელსაც შეუძლია ნელ-ნელა და გარანტირებულად მიიყვანოს თქვენი შვილი მიზნამდე.

„არას“ თქმის უნარი, პირადი საზღვრების დაცვა და იმის მკაფიო გამოხატვა, რაც უნდა და თავდაჯერება, რომ მიზანი მიღწევადია – ნამდვილად საჭირო უნარია. ზოგადად, სიჯიუტე დიდი საჩუქარია.

ჰიპერაქტიურობა
ყველაზე ხშირად, ბავშვი, რომელსაც აღწერენ, როგორც „ჰიპერაქტიურს“, სინამდვილეში არ არის ჰიპერ, არამედ უბრალოდ აქტიური, ენთუზიასტი და ცნობისმოყვარეა, რომელიც დღის განმავლობაში ყველაფერს ვერ ასწრებს. სამომავლოდ ეს აქტიურობა დაეხმარება, რომ ყოველთვის მზად იყოს ცვლილებებისთვის, ენერგიის ხარჯვისთვის და სწრაფად განახლებისთვის. ის, რაც შეიძლება სხვისთვის სტრესი იყოს, მისთვის მხოლოდ წინსვლის საშუალება გახდება.

ჰიპერაქტიურობა საშუალებას მისცემს ბავშვს, თანამედროვე, აჩქარებულ ცხოვრებას ფეხი აუწყოს ყოველგვარი დაბნეულობის და პანიკის გარეშე. ეს არის სწორედ წარმატების გასაღები. დღევანდელი ჰიპერაქტიური ბავშვი ადვილად შეითავსებს რამდენიმე პროფესიას, რამდენიმე სამსახურს, დაეუფლება ახალ სფეროებს, ადვილად გადაერთვება ერთი დავალებიდან მეორეზე და დაძაბული გრაფიკი მას ვერ დათრგუნავს. აქტიური ცხოვრების უნარი შეუცვლელია, მაგალითად, შოუმენებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ტოპ მენეჯერებისთვის, ჟურნალისტებისთვის და სატელევიზიო პროდიუსერებისთვის.

ეშმაკური
ხშირად ასე ვლინდება ბავშვში კომერციული სულისკვეთება: როგორ დახარჯოს მინიმალური რესურსი შედეგის მისაღწევად? როგორ აიცილოს თავიდან პრობლემები და იყოს პირველი, ვინც გაიმარჯვებს. თუ თქვენი შვილი ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს სწავლაში, კომუნიკაციაში, გუნდურ თამაშებში, თქვენ და მას წარმოუდგენლად გაგიმართლათ. მთავარია, ისწავლოს მოლაპარაკება და ეს ნიჭი სხვების საზიანოდ არ გამოიყენოს.

Სად გამოადგება? ბიზნესში, მენეჯმენტში, მარკეტინგში, წარმოებაში და ყველა პროფესიაში, სადაც სწრაფი გადაწყვეტილებები და მომგებიანი გარიგების მოპოვებაა საჭირო.

სიზარმაცე
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიზარმაცე არ არის იმდენად ნაკლი, რამდენადაც ენერგიის დაზოგვის ფორმა, გზა, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტად სარისკო და დამაზიანებელი ქმედებები. ზარმაცი ბავშვი უბრალოდ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, ის ფრთხილია, დაუფიქრებლად ნაბიჯს არ გადადგამს. კრიტიკულობა, წინდახედულობა და დროის დაზოგვის უნარი მომავლის მნიშვნელოვანი კომპეტენციებია.

სად იქნება ის სასარგებლო? ყველგან, სადაც „სამსახურში გადაწვის“ რისკი არსებობს. ასევე იმ სფეროებში, სადაც საჭიროა „ხანგრძლივი თამაში“, მოთმინება და უშეცდომობა. მედიცინა, ინჟინერია, ციფრული ტექნოლოგიები, სამხედრო მეცნიერება, კოსმოსის კვლევა – ამ სფეროებში ძალიან დაფასდება ის უნარი, რაც დღეს თქვენ ასე არ მოგწონთ.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები