საქართველოდან გაქცეული ოჯახის ტრაგიკული ისტორია –” ბავშვებისთვის პურის საყიდლად ფული არ მაქვს“

ტიტვინიძეების ოთხსულიანი ოჯახი საფრანგეთის ქალაქ ლუვიეში, რესპუბლიკის მოედანზე, ნაჩუქარ მანქანაში ცხოვრობს. გიგასა და მისი ოჯახის ისტორია დაფიქრებად ღირს, მათ ბედს დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ქართველი იზიარებს. ცოტა ხნის წინ ასევე საფრანგეთის ქალაქ პუატიეში პოლიტიკურ დევნილად ჩასული ქართველი მამაკაცი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ისიც მანქანაში ცხოვრობდა და ალბათ, ელოდა, როდის მისცემდა საფრანგეთი ბინას, ფულსა და იმ კარგ ცხოვრებას, ხშირად ზღაპრად რომ მოუსმენია თავისივე ემიგრანტი თანამემამულეებისგან.
– გიგა, რამდენი ხანია, რაც საფრანგეთში იმყოფებით?
– 2012 წელს საქართველოდან ავადმყოფობის გამო წამოვედი ოჯახით საფრანგეთში. მე ც ჰეპატიტით დაავადებული გახლდით და ეს იყო წამოსვლის მიზეზი. როგორც კი საფრანგეთში ჩამოვედი, მაშინვე მომცეს ერთწლიანი ცხოვრების უფლება ქვეყანაში. თავისთავად დამენიშნა ყოველგვარი ფულადი დახმარება და მომცეს საცხოვრებელიც. მთელი სამი წელი 2015 წლამდე მიკეთებდნენ გამოკვლევებს და ელოდებოდნენ ექიმის საბოლოო დასკვნას. სწორედ ექიმმა გამოიტანა დასკვნა, რომ მე მესაჭიროებოდა მკურნალობა. ამის საფუძველზე მომცეს ავადმყოფის სტატუსი და უნდა დამეწყო მკურნალობა. როგორც კი ეს იმ ქალაქის ადგილობრივმა გამგეობამ ე. წ. პრეფექტურამ გაიგო, იმ დღესვე შემიწყვიტეს ყოველგვარი ფულადი დახმარება და გამოგვასახლეს ბინიდან.
– მიზეზი რა იყო?
– ამიხსნეს, რომ მე უკვე ექიმებს ვექვემდებარებოდი და დევნილის სტატუსი აღარ მეხებოდა, შესაბამისად, არანაირი სოციალური დახმარება არ მეკუთვნოდა. რადგანაც ცოლ-შვილი მყავდა, ისინი გადაიყვანეს სოციალური დაცვის ცენტრში საცხოვრებლად და მე დამტოვეს ქუჩაში ექიმების ამარა. სტაციონარულ მკურნალობას არ ვსაჭიროებდი, ამიტომ ქუჩაში უნდა მეცხოვრა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამ დროს ჩვენი მეორე შვილი თინა ახალი დაბადებული იყო. ჩემი მეუღლე ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, არ სურდა ჩემი ქუჩაში დატოვება და უარი განაცხადა მათ მიერ შემოთავაზებულ საცხოვრებელზე. 2015 წლის დეკემბერში ორი ბავშვით, აქედან ერთი რამდენიმე თვის იყო, პირველად დავრჩით ქუჩაში. ყველა სოციალური დამხმარე გვეხმარებოდა და ცდილობდა, ადგილობრივ მმართველობასთან ეშუამდგომლა, მაგრამ ყოველგვარ იგნორს გვიკეთებდნენ. ბავშვები გაცივდნენ და ჩემი მეუღლე იძულებული გახდა, მათ ცენტრში წასულიყო. მე ქუჩაში მაწვდიდნენ საჭმელს. ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა რომ შეგვექმნა, ეკამ მთხოვა, სხვა ქვეყანაში წავიდეთ, იქნება იქ უფრო კარგად მიგვიღონო და გადავწყვიტეთ გერმანიაში წასვლა. გერმანიამ მიგვიღო, ჩაგვიბარა და დაიწყეს ჩემი მკურნალობა. მართლაც, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სრულიად განკურნებაც კი მოვახერხე. განკურნების გამო, გერმანიამ კანონის საფუძველზე დამიპირა საქართველოში გადეპორტება. საქართველოში წასვლა დეპორტაციით თავისთავად არ გვინდოდა და ისევ საფრანგეთში დავბრუნდით ბედის საცდელად.
– საქართველოში არ მუშაობდით?
– ვერ ვმუშაობდი, რადგანაც ახალგაზრდობაში ჩადენილი დანაშაულის გამო, ვარ ნასამართლევი და დამიჯერეთ, როგორც კი იგებენ დამსაქმებლები ნასამართლეობას, იქვე ამთავრებენ შენთან საუბარს. რა არ ვცადე და ვერსად ვერ მოვეწყვე სამუშაოდ. ამიტომაც გადავწყვიტეთ წამოსვლა თავშესაფრის მოსათხოვად. მეუღლის ბინა დავაგირავეთ და იმ ფულით წამოვედით ევროპაში.
– საფრანგეთში ხელმეორედ ჩამოსვლამ რა შეცვალა თქვენი ოჯახისთვის?
– საფრანგეთში ხელმეორედ 2017 წლის სექტემბერში ჩამოვედით. პარიზშივე მივაშურეთ ორგანიზაციას, რომელიც დევნილ ადამიანებს იბარებს, ოღონდ არავის არ აბინავებს და ისევ დავრჩით ქუჩაში. ყველა ის სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი დაბინავება ევალება, გვეუბნება, რომ ადგილები არსად არაა და არავის არ აღელვებს ჩემი ორი შვილის ბედი. საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამ სიცივეში იძულებული ვართ, სანაგვე ბუნკერებთან გავათენოთ, რადგანაც ისინი კორპუსების შიგნითაა შენობაში და იქ თბილა. საჭმელი არ გვაქვს, ელემენტარულად ბავშვებისთვის პურის ყიდვის ფული არ მაქვს. ერთი ორგანიზაცია, რომელიც დილით გვიღებდა, ყავასა და წვენებს გვასმევდა, არდადეგებში გავიდა ორი კვირით და გეფიცებით, მთლად მშივრები დავრჩით.
– გიგა, გულწრფელად მითხარით, არაფერს იპარავთ? ეს ხომ არ არის მიზეზი თქვენი პრობლემებისა ქალაქ ლუვიეს მმართველ სტრუქტურებთან?
– ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავვარდი ერთი თვის წინ პირველად მოვიპარე, სხვა გზა არ დამრჩა და იმიტომ. შევედი მაღაზიაში და მოვიპარე: ერთი კარაქი, ორი პური, ერთი შეკვრა სოსისი და ერთი ყუთი რძე. მაღაზიიდან რომ გამოვდიოდი, დამიჭირეს. ხელბორკილებით წამიყვანეს განყოფილებაში და კამერაში ჩამკეტეს. ვიძახდი, შევებრალებინე, მე ხომ არ მოვიპარე ტანსაცმელი და ფრანგული სუნამოები, მოვიპარე შვილებისთვის პური. როგორც იქნა, გამომიშვეს, მაგრამ საქმე მივიდა ქალაქის პრეფექტამდე და იმან გამოგვიტანა განაჩენი: „დავტოვოთ საფრანგეთი“. ამჟამად ვიმყოფებით ქალაქ ლუვიეში და სწორედ ამ ქალაქის თავი მოითხოვს ქვეყნიდან ჩვენს წასვლას. როგორც ჩანს, მსჯიან იმ ერთი შემთხვევის გამო. ჩემი 16 წლის ქალიშვილი მივიდა მერიაში და სთხოვა, შესულიყვნენ ჩვენს მდგომარეობაში, მაგრამ ამაოდ. ამ ქვეყანაში ერთი ქართველი მამაკაცი უკვე გარდაიცვალა მანქანაში ცოტა ხნის წინ, რადგანაც არ მისცეს ოთახი და ვეღარ გადაიტანა იმ პირობებში ცხოვრება. როგორ წირავენ ორ ბავშვს ასე, არავის ესმის. მთელი თვეებია, ტრანსპორტის გაჩერებებსა და სანაგვე ბუნკერებთან ვათენებდით, ეს გაუსაძლისია, ხალხო. ცოტა ხნის წინ ერთმა კეთილმა ქართულმა ოჯახმა სტრასბურგიდან დაგვირეკა, რომ ჩავსულიყავით მათთან რამენაირად და თავიანთ მანქანას გვაჩუქებდნენ. ახლა უკვე მანქანაში გვძინავს და ეს ბედნიერებაა იმასთან შედარებით, რაც გამოვიარეთ.
– სრულიად არავინ გეხმარებათ?
– უფროსი გოგონა ნინო სკოლაში დადის და სკოლა გვეხმარება. ნინოს დირექტორი პატრონობს, უფასოდ აჭმევენ სასადილოში, აძლევენ ტანსაცმლის ჩეკებს. ქიმიის მასწავლებელმა შესთავაზა, ჩემთან გაცხოვრებო, მაგრამ ისევ საბუთების პრობლემა არ აძლევს ამის საშუალებას. რეკავენ მერიაშიც, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა ვერავინ, რადგანაც ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება შეგვეხო, არაფერი არ გამოდის. სკოლამ ხან საძილე ტომრები მოგვცა, ხან თბილი საბნები, მეტი რა გააკეთონ. დღეს ისე გამიჭირდა, ჟანდარმერიაში მივედი და ვუთხარი, რა ვქნა, გვშია და მითხარით, რა გავაკეთო-მეთქი, წავიდნენ და საჭმელი მოგვიტანეს. აქვე საავადმყოფოს საპირფარეშოებში დავდივართ, საავადმყოფოს ეზოშივეა საშუალება, დაიბანო და სარეცხი გარეცხო. ასე ვცხოვრობთ და გამოსავალი არაფერია. წინ რა გველოდება, ისიც არ ვიცით. მაღაზიაში რომ დამიჭირეს პასპორტიც წამართვეს და სრულიად უსაბუთოდ ვართ ღია ცის ქვეშ.
– გიგა, რას აპირებთ, თქვენ 16 და 3 წლის შვილებს როდემდე აცხოვრებთ ასე, გამოსავალი ნუთუ მართლაც არაფერია?
– იმედი მაქვს ორგანიზაციისა, რომელსაც მივაკითხე და ჩვენი დახმარება ვთხოვე დევნილის სტატუსის მიღებაში. ვნახოთ, რა იქნება, თუ არ მომანიჭეს ეს სტატუსი, უნდა გავასაჩივრო და ასე სასამართლოდან სასამართლოში მოვიპოვო ჩემი შვილების მომავალი. მანამდე იმედი მაქვს, რომ ერთ ოთახს მაინც სადმე მოგვცემენ, რადგანაც მანქანასაც ვერ ვქოქავ საწვავის უქონლობის გამო და ღამღამობით ვიყინებით. ზამთარი მოდის და როდემდე გავაგრძელებთ ასე. ყველა იმედი გადამეწურა. ერთ მაღაზიაში მითხრეს, რომ მოდით და აქ ჭამეთ, წაღებით ვერაფერს გაგატანთო, გადასაყრელის მოცემის უფლებაც არ გვაქვსო. შორსაა, ვერ მივიყვან ცოლ-შვილს. მე მივიდე, შევჭამო და მერე მანქანაში მშიერ ბავშვებს ვუყურო? რომელი მამა იზამს ამას.

– საქართველოში დაბრუნება ასე მძიმეა თქვენთვის?

– 50 წლის კაცს ჯანმრთელობა ისე მაქვს შერყეული, რომ ფიზიკურად მუშაობას მე ვერ შევძლებ. ჩემი მეუღლე ავადაა, გერმანიაში ორი თვე ნევროლოგიურ საავადმყოფოში იწვა, ის ვერსად ვერ შეძლებს მუშაობას. შიმშილი იქაც მოგვიწევს, იქ რომელი მაღაზია შემოგვთავაზებს, მოდით და აქ ჭამეთო. ერთი სათხოვარი მაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, მომეცით რაიმე სამსახური ჩემს ქვეყანაში, რისი ხელფასითაც გადასახადებს გადავიხდი და შვილებს ვაჭმევ ლუკმაპურს. ასე ცხოვრებით დავიღალეთ. ნინო 16 წლისა მანქანაში გახდა, ბავშვს თვალებში ვეღარ ვუყურებ, მეხვეწებიან ბავშვები, საქართველოში წაგვიყვანეო. ამხელა გოგოს თავმოყვარეობა ხომ აქვს. თინა სამი წლისაა, როგორია მისთვის მანქანაში ძილი. ბავშვებს ვერაფერს ვაჭმევ, დამეხმაროს ჩემი ქვეყანა, მისცეს ჩემს შვილებს დაბრუნების შანსი, ესაა ჩემი დიდი გზავნილი საქართველოსთან.

წყარო:http://infonews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები