სამი ძირითადი წესი გველის შხამისაგან თავის დასაცავად

როგორ მოვიქცეთ, თუ მოულოდნელად ქვეწარმავალს გადავეყრებით?
ზაფხულის დადგომასთან ერთად, მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა ემატება _ ქვეწარმავლები. საერთოდ, ამ იდუმალ არსებებს გარეუბნებში უფრო მეტად ნახულობენ, თუმცა გასულ წლებში გველი უნახავთ ვაკეში, საბურთალოზე, ვერაზე და სხვა, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ უბნებშიც. რაც შეეხება რუსთავს, იქ ქვეწარმავლებს ლამის ყოველ წელიწადს ნახულობენ. 370-მდე შეტყობინება 40 დღეში _ ასეთია მონაცემები, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში ოფიციალურად გამოქვეყნდა და ჩვენს მოსახლეობაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ერთი გველი ნუცუბიძის III პლატოზე იპოვეს: ეზოში, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, პატარებმა მკვდარი გველი აღმოაჩინეს. რვა-ათი დღის წინ კი, დიდ დიღომში გველმა 80 წლის ქალბატონი დაკბინა. შემთხვევა ,,გუდვილის~ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ექიმების თქმით, მძიმე და საშიში არაფერი ყოფილა და ამ ქალბატონს პრევენციის მიზნით სპეციალური შრატი გაუკეთეს.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები გვამშვიდებენ, გველთან შეხვედრა სასიამოვნო სიურპრიზი სულაც არ არის, ამიტომ, მოსახლეობაში ჩნდება კითხვა _ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ დაუპატიჟებელ სტუმარს გადავეყარეთ? _ ეს შეკითხვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს _ დავით თარხნიშვილს დავუსვით, რომელიც ამ უცნაური არსებების ბუნებას, მათ თავისებურებებს უკვე კარგა ხანია სწავლობს:

_ ზამთარში გველებსა და ხვლიკებს სძინავთ, გაზაფხულზე კი, გამრავლების პერიოდი ეწყებათ, გარეთ გამოდიან და აქტიურდებიან. ზაფხულში მათი რიცხვი ისევ მცირდება, რადგან ძალიან მაღალი ტემპერატურა ქვეწარმავლებს არ უყვართ, სიცხეში ყოველთვის იმალებიან და ამიტომ მათ მხოლოდ დილით ან საღამოს საათებში შეიძლება გადააწყდეთ. უნდა გითხრათ, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება, ქვეწარმავლები თბილისში ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან.
_ ბატონო დავით, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, დიდ დიღომში გველმა ადამიანი დაკბინა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა…
_ ალბათ, ეს უბრალო გველხოკერა იყო, რომელიც სულაც არ არის საშიში. საერთოდ, შხამიანი გველი თბილისის მიდამოებში იშვიათობას წარმოადგენს, მით უმეტეს _ დიღომში. შხამიანი გველები უფრო აღმოსავლეთით, მარნეულისა და კახეთისკენ გვხვდებიან. შხამიანებთან შედარებით, დაახლოებით ათჯერ მეტია უშხამო გველების რიცხვი. ერთადერთი შხამიანი გველი, რომელიც შეიძლება ადამიანისთვის მართლა სახიფათო იყოს, არის გიურზა. მისი გარჩევა სხვა სახეობებისაგან ძალიან იოლად შეიძლება, რადგან გიურზას ნაცრისფერი, ძალიან მსხვილი სხეული და თვალები აქვს. თბილისის მიდამოებში ის იშვიათად გვხვდება, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ორთაჭალის მხარეს, მაგრამ მისი გავრცელების არეალი ძირითადად ივრის ზეგანი და ქვემო ქართლია. გიურზას ნაკბენი საკმაოდ სახიფათოა, რადგან პაციენტების 10 პროცენტში სიკვდილიანობას იწვევს, თბილისსა და მის შემოგარენში მობინადრე გველები კი, უშხამოები არიან. ჩვენში ბინადრობს რამდენიმე სახეობის გველგესლა, რომელიც შხამიანია, თუმცა ადამიანისთვის ნაკლებად სახიფათოა. მათ ნაკბენს შეიძლება მოჰყვეს კიდურების დასივება, ალერგიული რეაქცია, მაგრამ მომაკვდინებელი არ არის. შეიძლება სხვა სახეობის გველმაც უკბინოს ა

დამიანს, მაგალითად, მცურავმა, მაგრამ თუ გველი შხამიანი არ არის, არაფერი მოხდება.
_ თბილისში უმეტესწილად რომელ გველს პოულობენ?
_ თბილისელები ყველაზე ხშირად პოულობენ გველხოკერას, რომელიც სრულიად უვნებელია, ადამიანის კბენას არც ცდილობს. ეს დიდი, ყავისფერი ქვეწარმავალია, სადღაც ერთი მეტრი სიგრძისა და აბსოლუტურად უვნებელი. ასევე ხშირად გვხვდება ჩვეულებრივი ანკარა და რამდენიმე სახეობის მცურავი, პანიკაც სრულიად უსაფუძვლოდ იქმნება ხოლმე. მახსოვს, ერთხელ აჩვენეს ტელევიზიით, რომ ოჯახმა დიდი გველი მოკლა: ეს იყო დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის ფერადი მცურავი, რომელიც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.
_ ბატონო დავით, ამით ვერ დავამშვიდებთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც გველის ეშინია.
_ ვიცი, რომ ბევრ ადამიანს გველის ხსენებაც კი აშინებს. მე, მაგალითად, ასეთი შიში არასოდეს მქონია, ბავშვობიდანვე დავინტერესდი ამ საინტერესო არსებებით და ვერ ვხვდები, რატომ ეშინიათ ქვეწარმავლებისა. თუ ასე ვიმსჯელებთ, ბევრს ეშინია ობობის, მაგრამ ისინი არავის არაფერს უშავებენ. გველიც ასევეა _ თავისთვის ცხოვრობს და თუ არ შეაწუხებ, ისიც არაფერს დაგიშავებს. ეს შიში თანდაყოლილი არ არის, ის მოგვიანებით ჩნდება და თუ ადამიანი გველებს შეეჩვევა, შიში შესაძლოა თანდათან დასძლიოს. მაგალითად, ექსპედიციების დროს, სტუდენტებთან ერთად ვიჭერთ გველებს, თავიდან ზოგს მათი ძალიან ეშინია, ზოგი კი, ეჩვევა და შიშიც თანდათან უქრება. ისე, გველს უფრო მეტად ეშინია ადამიანისა, ვიდრე ჩვენ _ მათი.
_ ჩვენთანაც ხომ არსებობენ აგრესიული სახეობები?
_ რა თქმა უნდა, არსებობენ შედარებით აგრესიული გველებიც _ მაგალითად, ასეთია წითელმუცელა მცურავი, რომელსაც ხალხში წითელ გველს უწოდებენ. მისი სიგრძე დაახლოებით 1,5 მეტრია, მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობა აქვს ან თითქმის შინდისფერია. როგორც წესი, თუ შეგხვდებათ, ხმამაღლა სისინებს და კბენას ცდილობს, მაგრამ ასე იმიტომ იქცევა, რომ თავი დაიცვას. სინამდვილეში ეს სახეობაც არ არის სახიფათო, მაგრამ თავისი აგრესიული ქცევით ცდილობს მტრისგან თავის დაზღვევას. ერთხელ მეც შევეჩეხე ამ სახეობის გველს, იმდენად აგრესიული იყო, რომ მეც შემეშინდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი _ ეს არ არის სახიფათო გველი. ძალიან მინდოდა დამეჭირა, მაგრამ ვერ მოვახერხე _ გამექცა. რით არის გამოწვეული ეს აგრესია? _ თავის გადარჩენის ინსტინქტით. გველებს მარტო ადამიანები კი არ ემტერებიან, ძალიან ბევრი მტერი ჰყავთ და ყოველთვის უწევთ მათგან თავდაცვა. ამიტომ, ისინი ისევე იბრძვიან არსებობისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა სულიერი.
_ ზაფხულობით ძალიან ბევრი ადამიანი მიდის დასასვენებლად ქალაქგარეთ, აგარაკებზე… როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შემთხვევით ასეთ აგრესიულ ქვეწარმავალს გადავეყრებით?
_ უბრალოდ, არ უნდა მიხვიდეთ ახლოს, ეს ძალიან მარტივი ხერხია, გველი არასოდეს გამოგეკიდებათ, თუ არ მიხვალთ, არ შეეხებით ან ფეხს არ დააბიჯებთ. თუ ეზოში ან სახლში ნახავთ, უნდა მისცეთ საშუალება, რომ თავისით გავიდეს თქვენი სახლიდან, ახლოს არ მიხვიდეთ და არ შეეხოთ.
_ თუ ადამიანმა შემთხვევით დააბიჯა ფეხი და გველმა უკბინა?
_ დავუშვათ, ადამიანმა დააბიჯა გიურზას და გიურზამაც უკბინა. ამ შემთხვევაში სამი უმნიშვნელოვანესი ხერხი უნდა გამოვიყენოთ: პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიყვანოთ საავადმყოფოში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დაკბენილმა ადამიანმა ბევრი არ იმოძრაოს, რადგან გიურზას შხამმა სისხლის შედედება და თრომბი შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, გველისგან დაკბენილმა რაც შეიძლება მეტი სითხე უნდა მიიღოს, რომ ამ გზით თირკმლები გამოირეცხოს. როგორც წესი, შხამი თირკმლებში ილექება და მათი გასუფთავება აუცილებელია. ეს არის სამი ძირითადი წესი, რომელიც უნდა დაიცვას ადამიანმა, თუ მას შხამიანმა გველმა უკბინა. როგორ გავარჩიოთ, ქვეწარმავალი მართლა შხამიანი იყო თუ არა? _ შხამიან გველს აქვს ორი შხამიანი კბილი და ნაკბენის ადგილზე ორი წითელი, მკვეთრად გამოკვეთილი წერტილი ჩნდება, თუ ასეთი წერტილები მოჩანს, ესე იგი, გველი შხამიანი იყო, მაგრამ თუ ასეთი რამ არ ჩანს და მხოლოდ კანია გაკაწრული, მაშინ უშხამო გველი ყოფილა, უშხამო გველის ნაკბენი კი საშიში არ არის, არც მის ნაკბენს სჭირდება დიდი მკურნალობა. ეს იგივეა, რომ ხელი გაიკაწროთ, ამ დროს იოდიც რომ წაისვათ, არაფერი დაგიშავდებათ, რადგან მის ნაკბენში საშიში არაფერია. საქართველოში ძალზე იშვიათია შხამიანი გველის ნაკბენით გამოწვეული ლეტალური შემთხვევები, მაგრამ ის მაინც ყველას აშინებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შიში მეტწილად უსაფუძვლოა. ყოველ წელს ერთი და იგივე ისტორია მეორდება: ვიღაც გველის სრულიად უწყინარ სახეობას ნახავს, ხალხი პანიკაში ვარდება და როდესაც ადგილზე სპეციალური სამსახური მიდის, ეს გველი უკვე სადღაც არის შემძვრალი და დამალული.
_ რამდენად რეალურია, რომ დიდი ზომის გველმა ადამიანი შეჭამოს?
_ ასეთი რამ შეიძლება ჩაიდინოს პითონმა, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებში ბინადრობს, მათი სიგრძე ზოგჯერ 5-6 მეტრია და შეიძლება ბავშვი მართლაც შეჭამოს, დიდ ადამიანს კი ვერ მოერევა. ჩვენთან ასეთი გველები არ არიან. სხვათა შორის, გველი მეტად სასარგებლო არსებაა _ ყველამ იცის, რომ მისი შხამისაგან სამკურნალო პრეპარატებს ამზადებენ. ეს ძალიან დიდი ბიზნესია, ამიტომ, გველების ფერმები არაერთ ქვეყანაში აქვთ გახსნილი. ასეთი ფერმები აქვთ ბაქოში და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში. იქ ძირითადად, გიურზები ჰყავთ, მათგან შხამს იღებენ, შემდეგ კი, ეს შხამი ფარმაცევტულ მრეწველობაში გამოიყენება. გველის შხამისაგან უძვირფასეს წამლებს ამზადებენ, ამავე დროს ის მღრღნელებსაც ანადგურებს და ამით დიდ სამსახურს უწევს ადამიანებს.
P.შ. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოულოდნელად ქვეწარმავალს გადაეყრებით? _ მაშინვე უნდა დარეკოთ 112-ში. თბილისის მერიაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომელიც თქვენს ზარს უყურადღებოდ არ დატოვებს, ადგილზე მოვა სპეციალური მობილური ჯგუფი და დახმარებას გაგიწევთ _ აცხადებენ ამ სააგენტოს წარმომადგენლები.

წყარო: http://www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები