სააკაშვილი “ნაცმოძრაობის” ცხრაწლიან მმართველობას დავით აღმაშენებლის ეპოქას ადარებს(ვიდეო)

ეს იყო ყველაზე სწრაფი, ყველაზე თავბრუდამხვევი, განსაკუთრებული განვითარების 9 წელიწადი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, მისი წიგნის პრეზენტაციაზე ოდესიდან “სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა.

“საქართველო იყო უმაღლესი ლიგის მოთამაშე და გადააქციეს რაღაც „ჭე“ კლასში, რაღაც მესამე ლიგაში, ჩამორჩენილ, განუვითარებელ ქვეყნებთან, არშემდგარი ქვეყნების რიგში ჩააყენეს ისევ. ჩემ წიგნში კარგად არის ახსნილი, როგორ აღმოვჩნდით ჩვენ მსოფლიო პროცესების წარმართვის შუაგულში. საქართველო დაისაჯა იმიტომ, რომ განვითარდა სწრაფად და წარმატება ჰქონდა. “ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შედარება შეიძლება მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის ან უფრო ადრე საქართველოს აღორძინების ეპოქასთან, რომელსაც საფუძველი დაუდო დავით აღმაშენებელმა. მხოლოდ ასეთი შედარებები შეიძლება იყოს იმისა რაც იყო ამ 9 წელიწადში. ჩვენმა მტერმა ყველაფერი გააკეთა, რომ ცხრა წლისთვის მიეკრა კლიშე, სისხლიანი ცხრა წელი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო ყველაზე სწრაფი, ყველაზე თავბრუდამხვევი, განსაკუთრებული განვითარების ცხრა წელიწადი. ამ ცხრა წლის განვითარების მთავარი გვირგვინი უნდა ყოფილიყო ლაზიკის პორტი და ქალაქი ლაზიკა, რომელიც სინამდვილეში არის ზუგდიდის გაგრძელება. რამდენი კამათია ახლა რაღაც სისულელეებზე და ფაქტი არის ერთი – 2013 წელს მე რომ ვყოფილიყავი ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლებაში, 2013 წლის ბოლოსთვის, ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს ჩვენ დავამთავრებდით ლაზიკის პორტის ამოქმედებით და ზუგდიდის, როგორც ქალაქის, სიდიდით სამჯერ გაზრდით და შემოსავლების რამდენიმე ათეულჯერ გაზრდით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები