როგორ დახვდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი დონალდ და მელანია ტრამპებს (ვიდეო)

დიდი ბრიტანეთი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მასპინძლობს.
როგორც „The Sun” აღნიშნავს, ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ტრამპს ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ისტორიულ სივრცეში წითელი ხალიჩაც დაუფინა და შესანიშნავი მიღებაც გაუმართა.
პარალელურად კი ლონდონის პარლამენტის ეზოში, პროტესტის ნიშნად, მრავალი ათასი მოქალაქის მოთხოვნით გიგანტური გასაბერი “Trump Baby” აუშვეს ჰაერში.

დონალდ და მელანია ტრამპებს აეროპორტში სამხედრო ყარაულის თანხლებით ინგლისის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. ტერეზა მეიმ და მისმა მეუღლემ ამერიკელ პირველ პირებს ჩერჩილის დაბადების ადგილას, ბლენჰეიმის სასახლეში უმასპინძლეს. ტრამპს თან ახლდნენ ბიზნესმენები და აშშ-ს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, რადგან შეხვედრა ამერიკის და ინგლისის პირველ პირებს შორის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება.
ტერეზა მეი ამ მნიშვნელოვან ოფიციალურ მიღებაზე ალისფერი გრძელი კაბით გამოჩნდა, ასეთივე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობებისა და დაძაბული დღის წესრიგის მიუხედავად, ფოტოგრაფმა ის და ტრამპი მომღიმარი, ხელჩაკიდებულები დააფიქსირეს. მელანია ტრამპს კი გლამურული ლიმონის ფერის კაბა-ტუნიკა ეცვა. მისტერ ტრამპმა და მისის მეიმ გულითადად ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი, სასახლისკენ მიმავალ გზასა და კიბეებზე კი მათ ერთმანეთს ხელები ჩაკიდეს და საკმაოდ მხიარულადაც ისაუბრეს. ტერეზა მეის მკლავზე სპეციალურად დიაბეტიკებისთვის შექმნილი მონიტორინგის სისტემა აქვს მიმაგრებული. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დიაბეტის დიაგნოზი ექვსი წლის წინ დაუსვეს.

ბრიტანეთის და აშშ-ს წარმომადგენლები სასახლის კიბეზე შეჩერდნენ, რა დროსაც სამხედრო ორკესტრის მიერ დაკრულ მისალმებას მოუსმინეს. შოტლანდიის, ველსის და ირლანდიის სამხედრო ორკესტრის წევრებმა რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები შეასრულეს. ამ წარმოდგენის შემდეგ, სტუმრები და მასპინძლები სავახშმოდ გაემართნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები