“როგორი ხარ ..ყველგან ხარ და, აბა, რანაირად დავიჯერო, შენ .. მიყვარხარ და იცოდე, არ ვცნობ სხვა რეალობას …”, – გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლის ემოციური პოსტი და სამძიმრის წერილები

ახლახან გარდაცვლილი ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ნათია ბანძელაძე “ფეისბუქგვერდზე”, ემოციურ პოსტთან ერთად, სამძიმრის წერილებსაც აქვეყნებს.
გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა და 51 წლის ასაკში, გასული თვის დასაწყისში გარდაიცვალა.
„გოგიჩა“ კარგად გვახსოვს საბავშვო გადაცემა “ბაბილინადან”, “მხიარული კარუსელიდან“, „ლოტოდან“ და სხვა უამრავი გადაცემიდან.
“..ვიკრიბებით …არც ამ დღის სახელს ვამბობ და არც – ადგილს იმიტომ, რომ არაფერს ვცნობ! არც უშენობას ვცნობ, უბრალოდ, არ ვიცი, სად ხარ და იცი შენ, რომ ასეთ დროსაც არასდროს დამირეკავს შენთვის – ,,სად ხარ“ , ან ,, როდის მოხვალ-თქო“… ჰოდა, ასეა ახლაც …
სათაურები არ ცვლის გარემოებას, არცერთი ვგიჟდებოდით ,,ხელშესახებზე,, , სამაგიეროდ, გვქონდა ყველაზე მეტი და მარტო ჩვენი – ერთგული მეგობრები, ჩვენი სასაუბრო ენა,რომელიც მარტო ჩვენ გვესმოდა; თამაში, რომელიც მარტო ჩვენ ვიცოდით.
… ტკივილიც, რომელიც მარტო ჩვენ შევძელით, დღესასწაულად გვექცია. მე შენთვის ვცეკვავდი, ვმღეროდი, თან არცერთი რომ არ გამომდის, მაგრამ შენ გიხაროდა და მეც მიხაროდა. ასე ვიგებდით ამ ჩუმ ბრძოლაში თითო დღეს …
და არც მაშინ ვცნობდი, რომ ის მოგებული დღე, იმავდროულად, წაგებაც იყო…
არ დამთავრებულა, თუ ისევ განიცდიო…ისევ გესაუბრები და ისევ ისე მიყვარხარ. როგორც კი უცებ უშენობის შემეშინდება, მაშინვე უეცრად სიყვარულის დიდი ტალღა მოდის და ვგრძნობ და ზუსტად ვიცი, რომ შენ მიგზავნი სხვისი გულით ამ ულევ სითბოს … როგორი ხარ … ყველგან ხარ და, აბა, რანაირად დავიჯერო, რომ შენ …… მიყვარხარ და იცოდე, არ ვცნობ სხვა რეალობას …სახლში ახალი სათამაშო გაქვს. ზუსტად ვიცი, რომ იცი და გაგეხარდა …კიდევ გაგახარებთ, შენ არ მოიწყინო კარგიი პრრრუუუ ცამდე მიყვარხარ,ყველაფერი შენით გაიჟღინთა, იმდენი სიყვარული დატოვე !!! გმადლობ თქვენ, მეგობრებო, ყველა თქვენგანს წამის მეასედისთვისაც, რომელიც ამ სიკეთის სიცოცხლისთვის გვაჩუქეთ …არ მოიწყინოო პრუუუუ, მანდაც ხომ ბევრი სიკეთის ადამიანი დაგხვდა…”, – წერს ნათია ბანძელაძე.
ტელეწამყვანის მეუღლემ არაერთი სამძიმრის წერილი მიიღო, მათ შორის – UNICEF-ისგანაც, სადაც გიორგი გოგიჩაიშვილი მოხსენიებულია, როგორც “ბავშვების კერპი”.

კომენტარები

სხვა სიახლეები