რა არ უნდა უთხრათ დეპრესიაში მყოფ ადამიანს?

დეპრესია ფსიქიკური დარღვევაა და გავლენას ახდენს პიროვნების გრძნობაზე, აღქმის უნარსა და ქცევაზე. შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: უიმედობა, მოტივაციის ნაკლებობა, საყვარელი ჰობის მიმართ ინტერესის დაკარგვა. პაციენტი სურვილს კარგავს, წავიდეს სამსახურში, სკოლასა თუ უნივერსიტეტში. შეიძლება ადამიანმა სრულიად უმიზეზოდ წონაში დაიკლოს ან გასუქდეს, აღენიშნებოდეს უძილობა, განიცდიდეს დაღლილობას, არ ჰქონდეს ენერგია.
როგორც წესი, ბევრი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, თუ რამდენად ცუდად გრძნობს თავს დეპრესიაში მყოფი პიროვნება. ზოგჯერ პაციენტს ყველაზე მეტად ზედმეტი ყურადღება ან თუნდაც გამამხნევებელი სიტყვები აღიზიანებს. სწორედ ამიტომ იბადება შეკითხვა, რა ვუთხრათ ან არ ვუთხრათ, როცა დეპრესიაში მყოფი მეგობრისა თუ ნათესავის გამხიარულება, მდგომარეობიდან გამოყვანა გვსურს?
ამერიკულ ვებგვერდზე Reddit, სადაც დარეგისტრირებული მომხმარებლები სხვადასხვა თემას განიხილავენ, იმაზე საუბრობენ, თუ რა არ უნდა ვუთხრათ დეპრესიაში მყოფ ადამიანს.
საიტის ადმინისტრატორმა დაწერა პოსტი, სადაც გვერდის ვიზიტორებს სთხოვდა კომენტარების ველში დაეწერათ ის, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდათ. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დეპრესიაში მყოფმა თუ მისგან განკურნებულმა ადამიანებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

„ნუ დარდობ, გულს ნუ გაიტეხ“!
„პოზიტიურად იფიქრე და დარდი გაქრება“;
„არაფერი გჭირს ისეთი, რომ დეპრესიით იტანჯებოდე“;
„რატომ ხარ დეპრესიაში? შესანიშნავი ცხოვრება გაქვს“;
„ბედნიერება არჩევანია“;
კომენტარების ავტორთა დიდი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს, რამდენად დიდი ტკივილია დეპრესია და რომ ეს არ არის მხოლოდ ცუდი გუნება–განწყობილება, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს მდგომარეობა პიროვნების ცხოვრებაზე.

წყარო:https://kirurgia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები