პაატა იმნაძე: თბილისში გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს

“თბილისში ახალი ჭორი იწყებს გავრცელებას, გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს, ერთ-ერთ პოლიკლინიკაში. თან, თურმე, ასეთი რამდენიმე პაციენტი ყოლია ბოლო პერიოდში”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ასეთი შემთხვევა მართლა რომ ყოფილიყო, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში უნდა გაეგზავნათ პაციენტი. მისივე თქმით, როგორც ირკვევა, მსგავსი არაფერი ყოფილა იმ პოლიკლინიკაში.
პაატა იმნაძის ცნობით, გრძელი ჭია ძაღლებს და კატებს აქვთ და ძირითადად, კოღოებს გადააქვთ ადამიანზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე საპანიკოს ვერაფერს ხედავს და მშობლებს ურჩევს, რომ ბუნებაში ყოფნისას, ბავშვებს მწერების დამაფრთხობელი წაუსვან.
“წესით, ასეთი შემთხვევა რომ მართლა ყოფილიყო, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში უნდა გაეგზავნა პაციენტი, ეს ექიმებმა კი არა, ყველა ბებიამ იცის ამ ქვეყანაში. ერთადერთი ასეთი “ჭია”, რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს დიროფილარიოზია, ძალიან იშვიათია ჩვენთან და ცალობით ვიცით. ექიმები ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და გადავამოწმეთ, მსგავსი არაფერი ყოფილაო, იმ პოლიკლინიკაში. ისიც ეწერა, ექიმს, ვერ ვიტყვით, მოკვლევა დაიწყებაო. მადლობას ნამდვილად ვეტყოდით, ასეთი იშვიათი დაავადების დიაგნოსტირებისათვის. შეიძლება საფრანგეთში, იტალიაში ან საბერძნეთში იყო პაციენტი, იქ უფრო ხშირია შემთხვევები, ან ინდოეთში, კიდევ უფრო ხშირია. ეს ჭია ძაღლებს და კატებს აქვთ ხოლმე და, ძირითადად, კოღოებს გადააქვთ ადამიანზე. ასე რომ, ახალგაზრდა დედებო, ჩემ შვილსაც ეხება, დაწყნარდით, საპანიკო არაფერია. ისე ბავშვებს ბუნებაში რომ გაიყვანთ, რეპელენტი-მწერების დამაფრთხობელი წაუსვით ხოლმე სხეულის ღია ადგილებზე და უფრო მშვიდად იქნებით, მათაც ნაკლებად შეაწუხებენ მწერები”,-წერს პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები