ნინო ჭოლაძე პირველ სიყვარულზე, სისუსტეებსა და დაშვებულ შეცდომებზე

ნინო ჭოლაძის გმირს სერიალში – “ჩემი ცოლის დაქალები” ახალ სეზონზეც ვიხილავთ. გადაღებები უკვე დაწყებულია.
მსახიობი სამეფო უბნის თეატრში, თემურ ჩხეიძის სახელოსნოს მიერ დადგმულ სპექტაკლში – “სამშობლო” თამაშობს და ამბობს, რომ ახალი როლების მოლოდინშია. როდის კარგავს წონასწორობას, რა მოსწონს საკუთარ თავში ყველაზე მეტად, რა ვერ ისწავლა დღემდე და როგორ მოქმედებს, როცა დაძაბული პერიოდი აქვს? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

– დაბადების თარიღი…– …1981 წლის 8 აგვისტო.

– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…– …მსახიობი. ეს სურვილი ადრეული ბავშვობიდან მქონდა. საბავშვო მუსიკალურ წრეებზეც დავდიოდი. რამდენჯერმე კი გავიფიქრე, – ეს პროფესია რატომ ავირჩიე-მეთქი? მაგრამ მხოლოდ წამიერად. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე.

– ჩემზე ამბობენ -ზედმეტად მომთხოვნიაო. ცივი და უკარება ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. სინამდვილეში, ასეთი არ ვარ. ოჯახის წევრები ანუ ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად მიცნობენ, ჩემზე მხოლოდ დადებით სიტყვებს ამბობენ. მათ ძალიან ვუყვარვარ.

– ბედნიერი ვარ, რომ – მყავს არაჩვეულებრივი შვილები, გვერდით – ძალიან კარგი ადამიანები და ვაკეთებ საქმეს, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს.

– თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს – ღირსების გრძნობა. ღირსება ეს ისაა, რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდები.

– თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო 
– ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. შეიძლება, მეწყინოს ისეთი რამ, რაც სხვისთვის მნიშვნელოვანი არ არის. განსაკუთრებით მათგან მწყინს, ვინც ძალიან მიყვარს. დეტალებს ვაქცევ ყურადღებას. არ მინდა, ეს თვისება ხასიათში მქონდეს, მაგრამ ჩემთვის ნებისმიერი ურთიერთობა პატარა დეტალებისგან არის აგებული. ვცდილობ, სხვებს ყოველთვის გავუფრთხილდე და ჩემი დაუფიქრებელი სიტყვითა თუ ქცევით ტკივილი არავის მივაყენო. რასაც თავად ვაკეთებ, სხვებისგანაც იმავეს ვითხოვ. მადლობა ღმერთს, ასეთი გულისტკენა ხშირად არ მაქვს, მაგრამ რაც მქონდა, დამამახსოვრდა.

– ჩემთვის მიუღებელია  გალითად, უპრინციპობა, საკუთარი აზრის არქონა, მონობა…

– პირველი წარმატება -მომიტანა სპექტაკლმა – “წვიმის გამყიდველი”, რომელიც ქუთაისის თეატრში ნუგზარ ლორთქიფანიძემ დადგა. მაშინ 18 წლის ვიყავი და პირველად ავიღე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა – მთავარი როლი ვითამაშე.

– ყოველთვის მაქვს სურვილი 
– მშვიდი ცხოვრების. მინდა, ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს.

– მეშინია  სხვა რამ არ გახდეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანური ურთიერთობებია. ეს ურთიერთობები ხშირად, მატერიალურ ინტერესებს ეწირება, რაც ძალიან არ მომწონს.

– საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი..
.
– …ამაზე არასდროს მიფიქრია. მართლა არ ვიცი, ჩემს გარეგნობაში რას შევცვლიდი.

– ყოველთვის მრცხვენია, როცა – ვიღაც უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და გარშემო მყოფები ზედმეტ ყურადღებას აქცევენ. ამ ფორმით იმ ადამიანს კიდევ უფრო მეტად უმძიმებენ მდგომარეობას.

– ვნანობ– ბევრ რამეს, მაგრამ ამ პატარა სინანულებს ჩემთვის დავიტოვებ.

– ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ვენდობი, მეიმედება ადამიანები. მიუხედავად ყველაფრისა, კმაყოფილი ვარ, რომ ადამიანების მიმართ ნდობა არ დამიკარგავს. მინდა, მომავალშიც ასე გაგრძელდეს.

– როცა საჯაროდ მაქებენ

– …იმ წუთში ძალიან მრცხვენია, მაგრამ მარტო რომ ვრჩები, მიხარია.

– პატიება შემიძლია, თუ  
ადამიანი მიყვარს.

– დაშვებულ შეცდომებს -ვიხსენებ, ვფიქრობ, ვაანალიზებ და ვცდილობ, გამოვასწორო. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც დამნაშავეს მუდამ სხვაგან ეძებს.

– ბოლოს ვიტირე  -არც კი  მახსოვს, როდის ვიტირე. საერთოდ, იშვიათად ვტირი.

– ვიბნევი, როცა  რაღაც საკითხი საფუძვლიანად არ ვიცი. არასდროს ვიბრალებ იმის ცოდნას, რაც არ ვიცი. ამას გულახდილად ვაღიარებ, მერე მიხსნიან და ვიგებ.

– ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო -სახლში.
– წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია უსამართლობას. შეიძლება, საკუთარი თავი ვერ გავაკონტროლო და ემოცია უხეშად გამოვხატო.

– სიყვარული ეს – ყველაფერია და თან, დაუ­კონკრეტებელია. ეს გრძნობა კრებითი სახეა დანარჩენი სხვა გრძნობების: კარგის, ცუდის, ტკივილის, სიხარულის, ღალატის, პატიების – პირველად რომ შემიყვარდა
– …როცა გავთხოვდი, 18 წლის ვიყავი. მაშინ მეგონა, დიდი გოგო გახლდით. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ოჯახი ნაადრევად შევქმენი.

– ვეპრანჭები…
– …ხასიათის ადამიანი ვარ. იშვიათად ვიპრანჭები და გული მწყდება, რომ პრანჭია არ ვარ. ქალს გაპრანჭვა ყოველთვის უხდება.

– გაპრანჭვის ხასიათზე ვდგები…

– …არც კი ვიცი, ეს როდის ხდება. შეიძლება, ელემენტარულმა დეტალმა დამაყენოს ამის ხასიათზე. საპირისპირო სქესიც გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ჩემთვის მაინც, განწყობაა მთავარი. გაპრანჭვის სურვილი თუ გულიდან, სულიდან არ მოდის, მხოლოდ გარეგნული ცვლილება ბევრს არაფერს ნიშნავს.

– სასურველი მამაკაცი უნდა იყოს…

– …არ მიყვარს სისუსტე, უპრინციპობა და როცა იმის აფიშირებას ახდენს ვიღაც, რომ ის კაცია! ეს უნდა იგრძნობოდეს. გარეგნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი ღირსება და პიროვნული თვისებებია.

– დღეს შეყვარებული…
– …ვარ თუ არა? ადამიანი სულ შეყვარებულია. შენში ეს გრძნობა თუ არ არის, ბევრ რამეს ვერ შეძლებ. დანარჩენს აღარ დავაკონკრეტებ.

– ცხოვრებაში რისკზე…
– …ხშირად მივდივარ. შესაძლოა, ჩემი რისკიანი ნაბიჯით ვინმესთვის მიტკენია, მაგრამ რა ვქნა, ზოგჯერ ეგოიზმი მძლევს.

– ხშირად მსაყვედურობენ…
– …ხმის მაღალი ტემბრის გამო. ვინც არ მიცნობდა, ყველას ეგონა, ვჩხუბობდი ხოლმე. ემოციური ვარ და ცხოვრებაში არასდროს ვთამაშობ. სულ ვამბობ: როცა ვიქნები ძალიან მშვიდი, ვილაპარაკებ მშვიდად და გავიღიმებ, იცოდეთ, ვიტყუები-მეთქი.

– ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს…
– …ჩემ გარშემო ყველა კარგად იქნებოდა, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი. პირადად ჩემთვის რაში გამოვიყენებდი თანხას? ჩემი თანამოაზრეებისთვის ერთ ძალიან კარგ თეატრს ავაშენებდი და კარგ სპექტაკლებს დავაფინანსებდი.

– როცა მარტო ვარ…
– …ბევრს ვფიქრობ, ფილმებს ვუყურებ, ვკითხულობ.

– თავისუფლება…
– …ჩემთვის აღვირახსნილობასთან, ყველაფრის უფლებასთან არ ასოცირდება. სულის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია! ამ დროს მეტად მობილიზებული ხარ, სწორად ფიქრობ, გაცილებით მიმტევებელი და კეთილი ხარ.

– ბედისწერის…
– …ძალიან მჯერა. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, რამაც ბედისწერის არსებობაში დამარწმუნა.

– ინტუიცია…
– …კარგი მაქვს, არასდროს მღალატობს.

– როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს…
– …ვცდილობ, ეს პერიოდი მარტომ გადავლახო და ჩემი პრობლემები სხვას არ მოვახვიო. ამის ძალას საკუთარ თავში ყოველთვის ვპოულობ. ადამიანები თავიანთი პრობლემებით იმდენად დამძიმებული არიან, აღარაა საჭირო, მათ ჩემი პრობლემაც დავუმატო. თან, იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელიც შენს სატკივარს გულთან საკუთარივით მიიტანს, რაღაცის გადალახვაში უანგაროდ დაგეხმარება. ამიტომ მირჩევნია, საკუთარ თავს მარტომ მივხედო.

– ვჯიუტდები, როცა…
– …ადრე უფრო მეტად ჯიუტი ვიყავი. სიმართლის მტკიცება მიყვარს და ხანდახან, საკუთარ თავს ვეკითხები, – ზედმეტი ხომ არ მომდის-მეთქი? რაც უფრო გადის დრო, ვხვდები: ადამიანისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი სივრცე და გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი.

– ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ…
– …ეს დედაა. დედაშვილობა ის კავშირია, რომელიც არასდროს გაწყდება. ყველაზე გულწრფელად მშობელს უხარია შვილის კეთილდღეობა. თან, დედის გული ხომ ბევრ რამეს წინასწარ გრძნობს. დედა ქუთაისშია, მე – თბილისში. მიუხედავად სიშორისა, ჩვენ შორის კავშირი სულ არსებობს. როცა მას რაღაც აწუხებს, აფორიაქებული ვარ და ხდება პირიქითაც; მსგავსი შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა.

-დღემდე ვერაფრით ვისწავლე…

– …იცი, რამდენი რამ ვერ ვისწავლე? მაგალითად, ვერ ვისწავლე, რომ ზოგჯერ უნდა გავჩუმდე. ყოველთვის არ არის საჭირო იმის ხმამაღლა თქმა, რასაც ვფიქრობ.

– დაბოლოს, გეტყვით, რომ…

– …პირველ რიგში, მადლობა შენ იმ ინტერვიუსთვის, რომელიც ჩემთან რამდენიმე თვის წინ ჩაწერე. ვიყოთ კარგები, კეთილები და ერთმანეთი გვიყვარდეს.

წყარო:http://www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები