ნასვამი მძღოლების მომსახურება თბილისში – „მთვრალი ქალის ქმარმა გამოძახებულ მძღოლზე იეჭვიანა“

ნასვამი მძღოლების მომსახურება – რას უნდა ნიშნავდეს ეს სერვისი? თუ თქვენ ალკოჰოლური სასმელი მიირთვით და სახლში მანქანით დაბრუნება გიწევთ, შეგიძლიათ, საკუთარი მანქანის სამართავად ფხიზელი მძღოლი გამოიძახოთ, ის სახლში თქვენივე ავტომობილით მიგიყვანთ.
როგორც აღმოჩნდა, ამ სერვისით საკმაოდ ხშირად ქალბატონები სარგებლობენ. კომპანია „მძღოლი +“ – ის ოპერატორმა ბესო კვარაცხელიამ „კვირას“ სახალისო შემთხვევების შესახებ უამბო. მისი თქმით, ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე, რომელიც საკუთარი მანქანით სახლში გამოძახებულმა მძღოლმა მიიყვანა, ქმარმა იეჭვიანა. გარდა ამისა, ქალბატონები იმ კუთხითაც აქტიურობენ, რომ ისინი ფხიზელ მძღოლს ნასვამი ქმრების სახლში მისაყვანად იძახებენ. რაც შეეხებათ მამაკაცებს, ისინი კომპანიის მძღოლებს სახლში ქეიფის გასაგრძელებლად ეპატიჟებიან. „იყო შემთხვევა, როდესაც ნასვამი მამაკაცი ჩვენს მძღოლს სახლში ეპატიჟებოდა. ერთხელ კი ნასვამი მამაკაცის ცოლმა გამოგვიძახა, ქმარი კი ჩვენს მძღოლს საჭესთან არ სვამდა. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, როდესაც ჩვენმა მძღოლმა სახლში ნასვამი ქალი მიიყვანა, მისმა მეუღლემ კი იეჭვიანა და იკითხა, ვინ არის ეს კაციო. მძღოლმა აუხსნა, რაშიც იყო საქმე, მან ბოდიში მოიხადა და ყველაფერი კარგად დასრულდა“, – ამბობს კომპანიის ოპერატორი.
ბესო კვარაცხელიას თქმით, საზოგადოებაში მსგავსი მომსახურების მოთხოვნა არის, შექმნის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა – მისი თქმით, თავადაც ხშირად დასჭირვებია მსგავსი მომსახურების მიღება.

კომენტარები

სხვა სიახლეები