მოდის დამწყები დიზაინერი, რომელმაც სამოსში წყალზე მოხატვის იშვიათი ტექნოლოგია გამოიყენა – “სურვილი მაქვს, მქონდეს მაღაზია, საკუთარი სახელოსნო”

სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, ნია ნიკვაშვილი ბავშვობიდან ხელოვნების მოყვარულია, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მისი მთელი ცხოვრება სწორედ ამ სფეროსთან, კერძოდ,  მოდის დიზაინთან დაეკავშირებინა.

უკვე შექმნა პირველი კოლექცია, რომელიც ჯერ მხოლოდ ციფრულ ფორმატშია წარმოდგენილი, თუმცა, სამომავლოდ ჩვენებასაც გეგმავს. მის კოლექციაში წყალზე მოხატვის ტექნოლოგიაა გამოყენებული, როგორც თავად ამბობს, საქართველოში ტექსტილის დამუშავების ეს ტექნიკა სამოსში არავის გამოუყენებია, რაც ერთგვარი ექსპერიმენტია, თუმცა მანამდე იმავე ტექნიკით შექმნილი გამოფენა ჰქონდა ლექტორს, რომელიც შემდგომში ნიას კოლექციის შექმნაში დაეხმარა. ნია სამომავლო გეგმებსა და პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებზე ,,კვირას” ესაუბრა.

,,ბავშობაში ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო ძერწვა, მერე აღმოვაჩინე, რომ ხატვის ნიჭიც მქონდა და სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი არც მიფიქრია. მინდოდა ის პროფესია ამერჩია, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა. მხოლოდ ხატვა საკმარისი არ არის, ქსოვილთან მუშაობაც უნდა გიყვარდეს. ჩემთვის ეს საქმე ძერწვას ჰგავს, ოღონდ მასალა ქსოვილია, რითიც ფორმებს ვქმნი.. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე ბაკალავრი და შემდეგ მაგისტრატურა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე.

ამ კოლექციაზე ფიქრი დავიწყე მაგისტრატურის ბოლო კურსზე, რამდენიმე წლის წინ გავაკეთე კვლევა, კონცეფცია ჩამოვაყალიბე, მაგრამ იმ დროს ვერ განვახორციელე ბოლომდე. ჩემი ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ეკა ჩხუტიშვილი, მისგან ვისწავლე როგორ უნდა მუშაობდე სწორად ამ სფეროში, იდეის განვითარებიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე რა გზები უნდა გაიარო. მოგვიანებით მივუბრუნდი დაწყებულ საქმეს,” – ამბობს ნია ნიკვაშვილი.

რა არის უკვე შექმნილი კოლექციის იდეა და კონცეფცია?

კულტურული არქეტიპები, ფსიქოლოგ კარლ გუსტავ იუნგის „კოლექტიური არაცნობიერი“, არქეტიპად გამოყენებული მაქვს ხე, როგორც სიმბოლო სიცოცხლის, ტრადიციების, გადაჭრილი ხის შრეები, რომელიც ტექსტილზე სუმინაგაშის ტექნიკით გამოვხატე. კოლექციის ციფრულ ვერსიაში უფრო კონცეპტუალური მიდგომები გამოვიყენე, ახლა უკვე მასალაში ვმუშაობ და კოლექციის განვითარებას უფრო კომერციული ხაზით ვფიქრობ.

ამბობთ, რომ მსგავსი ტექნიკა საქართველოში არავის გამოუყენებია და ეს ერთგვარი ექსპერიმენტია, რის გამოც ბევრად უფრო რთული იქნებოდა, ალბათ, მუშაობის პროცესი. საიდან გაიგეთ ამ ტექნიკის შესახებ და როგორ შეისწავლეთ?

დიახ, სამოსში ეს ტექნოლოგია არავის გამოუყენებია. მანამდე ქალბატონ მარიკა ბერიძეს ჰქონდა გაკეთებული გამოფენა ებრუს ნამუშევრების, ძალიან ლამაზი კომპოზიციები იყო. ვიფიქრე, რომ ამ ტექნიკით დამემუშავებინა ტექსტილი, რომ გადაჭრილი ხის შრეების ეფექტი მიმეღო. აკადემიაში არ ისწავლებოდა იმ დროს და როდესაც სურვილი გამოვთქვი, უარი არ უთქვამს, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, გავაკეთეთ ექსპერიმენტები. შემდეგ უკვე ჩემს კონცეფციასთან შესაბამისობაში გავაკეთე ტექსტილი, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და შრომატევადი.

აპირებთ ჩვენების გაკეთებას? როგორ გარემოში წარმოგიდგენიათ ან როდის?

ამ კოლექციის განვითარებას ვფიქრობ, უფრო კომერციული ხაზით. რთულია წინასწარ განსაზღვრო ასეთ პირობებში, პირველ რიგში, სამხატვრო აკადემია გეგმავს ჩვენების გაკეთებას და რადგან სადიპლომო ნამუშევარია, იქ ვაჩვენებ. საკმაოდ შეიცვალა სწავლის მიდგომები აკადემიაში, შეიძლება ითქვას ერთგვარი პლატფორმა გახდა მათთვის, ვინც ამთავრებს სწავლას, ადრე ასე არ ხდებოდა. ვგეგმავ, ასევე მოვიძიო და მივიღო მონაწილეობა შოურუმებში, დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგია.

გეგმავთ სხვა ტექნიკების გამოყენებას სამომავლო კოლექციებში? რა იქნება თქვენი ხელწერა, რომლითაც ყველა მიხვდება, რომ თქვენი შექმნილია სამოსი?

სხვა ტექნიკებს რაც შეეხება, მცირე დოზით ვფიქრობ, რომ გამოვიყენებ. საკუთარი ხელით დამუშავებული ტექსტილით გაკეთება ყოველთვის საინტერესო გამოდის, შეიძლება  კომერციული თვალსაზრისით ნაკლებად მომგებიანი იყოს, მაგრამ მგონია, რომ როცა იწყებ მხოლოდ კომერციაზე გათვლას, ვერ განავითარებ შემოქმედებით უნარებს. ორივე საჭიროა. რაც შეეხება ხელწერას, ვფიქრობ, რომ ვაკეთო განსხვავებული სამოსი, ისეთი, რაშიც თავს გამორჩეულად და კომფორტულად იგრძნობს თავს.

დამწყები დიზაინერი ამბობს, რომ მსოფლიო მოდაში რთულია, ერთი კონკრეტული დიზაინერი გამოარჩიოს, რადგან ბევრი მათგანი მოსწონს, ასევე, საქართველოშიც.

ნია იმ პროექტებზე გვიყვება, რომლებმაც საკმაო გამოცდილება მისცა და განვითარებაშიც დაეხმარა.

,,ფლორენციის საერთაშორისო სიმპოზიუმის Costiume Colloquium IV-ის ფარგლებში ინტერნაციონალური ვორქშოფი – ”colors in fashion based on five senses”- რომელიც ჩატარდა ფლორენციაში. ასევე, თბილისის საერთაშორისო რეგიონული ფესტივალის Degree & Profession “life beyond tourism- countries, histori, cultural tourism” ფარგლებში გაკეთებული ჯგუფური პროექტი.

საინტერესო იყო ასევე პროექტი, რომელიც პანდემიის პერიოდში ჩატარდა, ეს იყო ,,შემოქმედებითი საქართველოს” კონკურსში გამარჯვებული საერთაშორისო პროექტი ,,ლაბორატორია/Re – ფორმა”, სადაც მოწვეული ჰყავდათ ჯულიენ რობერტსი და ელენა რელეევა. საკმაოდ კარგი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება მივიღე,” – ამბობს ნია ნიკვაშვილი.

თვლით, რომ ეს პროფესია საქართველოში პერსპექტიულია?

საქართველოში არ ვიცი, ცოტა რთულია ეს ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ქართველი დიზაინერებისთვის, ვფიქრობ, რომ არის პერსპექტიული უფრო საზღვრებს გარეთ. იმის ფონზე თუ გავითვალისწინებთ ჩვენთან არსებულ მდგომარეობას. არიან ადამიანები, ვინც ამ კუთხით ცდილობენ განვითარებას და რაღაც ნიადაგის შექმნას, რომ ხელშემწყობი იყოს დიზაინერებისთვის.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? ახლა პანდემიის პერიოდია, მაგრამ, როცა დასრულდება, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ბაზარზე ამ მიმართულებით მუშაობა?

სამომავლოდ, ვფიქრობ რაღაც უნარების კიდევ უფრო განვითარებას. რთულია, დაგეგმო წინასწარ, მაგრამ სურვილი მაქვს, მქონდეს მაღაზია, საკუთარი სახელოსნო.

კომენტარები

სხვა სიახლეები