მიხეილ სააკაშვილი დააკავეს?! – ინტერნეტში ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების კადრები ვრცელდება (ვიდეო)

Форум Кавказ-ი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს. „სააკაშვილი დააკავეს და საქართველოს გადასცეს?“ ( Михаила Саакашвили арестовали и выдали Грузии?) – ამ სათაურით ვრცელდება ფეიკი-კადრები FACEBOOK-ში. ვიდეოს თან ერთვის შსს-ს ლოგო და მასში ჩანს რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ვერტმფრენიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჩამოჰყავთ და სპეცრაზმელთა დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაჰყავთ.

„კვირა+“-მა დაადგინა, რომ Форум Кавказ-ის მიერ გავრცელებული სკანდალური ვიდეო გაყალბებულია და სინამადვილეში ის შსს-ს მიერ ძებნილი შალვა აბულაძის დაკავებას ასახავს, რომელიც შემდგომ გადააკეთეს და მონტაჟის დახმარებით მიხეილ სააკაშვილის დაკავების იმიტაცია შექმნეს.

1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ბორჯომში მცხოვრები, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის, მოსპობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი, შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

ძებნილის დაკავების მიზნით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში სპეციალური ოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა. შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. დაკავებული შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ფაქტზე.

აბულაძის მიმართ წაყენებული ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

https://www.youtube.com/watch?v=eShur0oy_vw&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=r30slqf-AFE

კომენტარები

სხვა სიახლეები