“მეც ცოცხლად დამიმარხა ცივმა, სველმა მიწამ ჩემები, 5 საათს მიწის ქვეშ ვსუნთქავდი” – 2008 წელს მომხდარი მეწყერისას გადარჩენილის სულისშემძვრელი სტატუსი

პირველ ოქტომბერს ხელვაჩაურში ტრაგედია დატრიალდა, მეწყერმა საცხოვრებელი სახლი მოწყვიტა და სამი ადამიანი იმსხვერპლა, ცოლ–ქმარი და მათი არასრულწლოვანი ვაჟი. მომხდარს მხოლოდ მათი ქალიშვილი გადაურჩა, რომელიც იმ მომენტში ბებიასთან იმყოფებოდა.

მომხდარს 2008 წელს მომხდარი მეწყერისას გადარჩენილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და სულისშემძვრელ სტატუსს წერს:

„სამძიმარი და თანადგომა პატარა გოგოს, თიკა თედორაძეს ჩემგან! აი, უკვე არ შემიძლია, გავჩუმდე და ვაარღვევ შენ წინაშე, ტკივილით სავსე დუმილს! 12 წლის შემდეგ.. რადგან დღეს შენ ჩემი განმეორება ხარ, პატარა გოგო. ჩემსავით გეწვის გული, სული!  კი, ყველაზე უკეთ მესმის დღეს, რა დღეში ხარ, რადგან ზუსტად 19. 09. 2008. წლის ღამეს მეც ცოცხლად დამიმარხა ცივმა, სველმა მიწამ ჩემები. ზუსტად ასე ჩამომეშალა ჭერი, ზუსტად ისე წვიმდა, როგორც შენთან გაწვიმდა, ჩემო ლამაზო.

თუმცა, სხვაობა ის არის, რომ მეც მათთან ერთად დავიმარხე. 5 საათს მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ, რადგან ვგრძნობდი, უკვე დავობლდი. არ მინდოდა, ვეპოვნე ვინმეს, სიკვდილს არ ვებრძვოდი. პირიქით, ვთმობდი სიცოცხლეს. მაგრამ არ მეწერა, არ მომცა უფლება ღმერთმა, წავსულიყავი მათთან ერთად, სხვა ცხოვრებაში. მიპოვეს, ვინც დამრჩა იმათმა ამომიყვანეს, დამაძალეს, რომ მეცხოვრა, მათი სულისთვის!

იმ დროს ერთადერთი დავრჩი გვარის ნერგად. რომ მეგონა, ცხოვრება დასრულდა, ღმერთს ვუსვამდი კითხვას – რისთვის? პასუხი არ მქონდა. ის მახსოვს, რომ პირიქით, ღმერთს მადლობაც კი გადავუხადე, რადგან საღსალამათი გადავრჩი, არ დამტოვა ინვალიდი.

მე გავაგრძელე სიცოცხლე, მიუხედავად ამისა, დროსთან ერთად ტკივილი ძლიერდებოდა. ძვირფასი ადამიანების მხარდაჭერით გავიმართე, ვისწავლე, შევქმენი ოჯახი, მყავს შვილები და ეს მახარებს, რადგან, ჩემი და ჩემი შვილების წყალობით, მარადიული ხსოვნა იქნება. არ ჩაქრება სანთლები ჩემების სულისთვის! ამ ყველაფრით რისი თქმა მინდა, იცი? არ გაბედო, არ დაეცე, ეს შენებს არ მოეწონებათ.

მართალია, ვერავინ შეცვლის შენების ადგილს, მაგრამ მერწმუნე – ჩაენაცვლება ისინი, ვინც გვერდით გეყოლება, როგორც ოჯახი, როგორც ჩემთან, მამიდა და მისი ოჯახი. მათ მიმიღეს, ყველაფერი გააკეთეს ჩემი ბედნიერებისთვის. პირობას გაძლევ, გავა დრო და ჩემსავით იფიქრებ დაუვიწყარ, ტკივილით სავსე შემთხვევაზე. შეუძლებელია, რამე შეცვალო  მაგრამ შესაძლებელია, თავს შემოუძახო! გისამძიმრებ, თიკუნა და ვთხოვოთ ღმერთს, ასე აღარავინ დააობლოს.

მეტი რა გვეთქმის, როცა დღემდე არ მაქვს პასუხი და კიდევ, თუ სურვილი გექნება, რაც ძალიან მინდა, ვნახოთ ერთმანეთი. ჩემი სახლის კარი ღიაა შენთვის. გახსოვდეს, რომ გაძლიერდე, ისევ მათ გამო”, – წერს მაგდა. #მეშენიტკივილიმტკივა !!!” – წერს ჩავლეიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები