მეცნიერებმა იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები მამაკაცებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნიეს

მეცნიერების ჯგუფმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება „იბუპროფენის“ გამოყენებამ, შესაძლოა, მამაკაცებში უნაყოფობა გამოიწვიოს. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ „Proceedings of the National Academy of Sciences“-შია გამოქვეყნებული.
ექსპერიმენტში 18-დან 35 წლამდე ასაკის 31 მამაკაცი იღებდა მონაწილეობას. ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს. პირველ ჯგუფს 600 მგ იბუპროფენს ექვსი კვირის განმავლობაში ასმევდნენ, მეორე ჯგუფი კი პლაცებოს იღებდა. ორი კვირის შემდეგ, პირველი ჯგუფის წევრებში ლუტეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავების გაზრდა დაფიქსირდა. ის ტესტოსტერონის სინთეზზე მოქმედებს, რომელიც სპერმატოზოიდების წარმოქმნისთვის არის აუცილებელი. ამ ჰორმონის ზედმეტად დიდი კონცენტრაცია ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირების საფრთხეს ქმნის და, შესაბამისად, უნაყოფობის რისკს ზრდის.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კვლევაში მონაწილე მამაკაცები იბუპროფენს საშუალო დოზებით იღებდნენ, ამიტომ, ნეგატიური შედეგები არც თუ ისე ძლიერად იყო გამოხატული. თუმცა, იმ ადამიანებმა, ვინც ამ ტკივილგამაყუჩებელს ხშირად და დიდი რაოდენობით იღებენ, მაგალითად, პროფესიონალმა სპორტსმენებმა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები