მეცნიერები: უცხოპლანეტელები გვაკვირდებიან, მაგრამ კონტაქტზე გამოსვლას დუმილს ამჯობინებენ

ადამიანთა რასა მარტოა დედამიწაზე? თუკი უცხოპლანეტელებმა გვიპოვეს, მაშინ სად არიან ისინი? – მეცნიერები დიდი ხანია, ფიქრობენ, რომ უცხოპლანეტელებმა ჩვენ და ჩვენი პლანეტა გვიპოვეს და, უბრალოდ, გვაკვირდებიან. სწორედ ამ პარადოქსის განსახილველად შეიკრიბნენ “არამიწიერ სიცოცხლესთან კონტაქტის საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის” (METI) წევრები გასულ კვირას, პარიზში.
იტალიელმა მეცნიერმა, ენრიკო ფერმიმ, ჯერ კიდევ 1950 წელს დასვა სამეცნიერო საზოგადოების შეკრებაზე კითხვა – სად არიან უცხოპლანეტელები? თუკი სხვა ცივილიზაციები არსებობენ სხვადასხვა პლანეტაზე ჩვენს გალაქტიკაში და თუ მათგან რამდენიმე მაინც გავრცელდა გალაქტიკის მასშტაბით, როგორც ამას მეცნიერული კვლევები ადასტურებს, მაშინ რატომ არაფერი გვსმენია მათგან? – ეს თემა, დღესდღეობით, ცნობილია, როგორც “ფერმის პარადოქსი”, რომლის განსახილველადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, METI-ს მეცნიერები, ასტროფიზიკოსები, ბიოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები და ისტორიკოსები შეიკრიბნენ.
მეცნიერების ნაწილი განმარტავს, რომ, მრავალწლიანი ძებნის მიუხედავად, კაცობრიობა ვერ ახერხებს უცხოპლანეტელების აღმოჩენას; თუმცა, იმის შანსი, რომ სიცოცხლე, დედამიწის გარდა, სხვაგანაც არსებობს, ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ, მკვლევარებმა შეიმუშავეს თეორია, რომლის თანახმადაც უცხოპლანეტელებმა პირველებმა აღმოგვაჩინეს და განზრახ გვიმალავენ თავისი არსებობის შესახებ. ამის მიზეზი კი ის გარემოებაა, რომ კაცობრიობას შეიძლება, გაუჭირდეს ასეთი რეალობის აღქმა.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ უცხოპლანეტელებისთვის შესაძლოა ე.წ. „გალაქტიკური ზოოპარკი“ ვართ და ისევე გვაკვირდებიან, როგორც ჩვენ ვაკვირდებით გალიაში გამომწყვდეულ ცხოველებს.
„თითქოს, უცხოპლანეტელებს „გალაქტიკური კარანტინი“ აქვთ გამოცხადებული, რადგან ხვდებიან, რომ ჩვენთვის მათი არსებობის აღმოჩენა, შესაძლოა, შოკისმომგვრელი აღმოჩნდეს. კოგნიტური ევოლუცია დედამიწაზე წარმოშობს უცნობ ქმნილებებს; თუმცა, ისინი რეგენერირებული და ბუნებრივი გადარჩევის შედეგად მიღებული არსებები არიან“, – განმარტავს შეხვედრის თავმჯდომარე და მკვლევარი, ჟან პიერ როსპარსი.
ამასთან, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ჩვენი გონებრივი განვითარების დონე ჯერ დაბალია იმისთვის, რომ უცხოპლანეტელებს გავუგოთ.
„არ არსებობს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ ადამიანმა გონებრივი შესაძლებლობების უმაღლეს დონეს მიაღწია. ეს შეიძლება, მომავალში მოხდეს დედამიწაზე; თუმცა, სხვა პლანეტებზე, შესაძლოა, უკვე მოხდა”, – ამბობს ჟან პიერ როსპარსი.
აღსანიშნია, რომ მეცნიერები ადამიანებს მოუწოდებენ, დაეხმარონ უცხოპლანეტელებს დუმილის დარღვევაში, რადგან, მეცნიერების რწმენით, ადამიანების მხრიდან კონტაქტზე გასვლის განსხვავებული მიდგომაა საჭირო.

კომენტარები

სხვა სიახლეები