მამა პეტრე კოლხი: მღვდელი ყველაზე განათლებული, წიგნიერი, პროგრესული და თანამედროვე უნდა იყოს

 მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. ამჯერად, პეტრე კოლხმა სასულიერო პირების შესახებ გამოაქვეყნა პოსტი. მისი თქმით, მღვდელიც აქტიურად უნდა იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული და უნდა გამოხატავდეს საკუთარ პოზიციას.

“ყველაფრის მიუხედავად, ნელა, მაგრამ მაინც შეიმჩნევა სტერეოტიპების მსხვრევა. მართალია, სტიგმებიდან გამოსვლა არ არის ადვილი, თუმცა – შესაძლებელია. უნდა ვიცოდეთ, რომ სასულიერო პირიც ქვეყნის, საზოგადოების ნაწილია და მასაც აქვს უფლება, ნებისმიერ მოვლენაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს; მით უმეტეს, როცა სამღვდელოებაში ორი მიმართულება არსებობს-თეთრი და შავი… ბერის დანიშნულებაა, მონასტრულად იცხოვროს და შეიძლება, მან დატოვოს კონკრეტული მიმდინარე მოვლენები ინტერესს მიღმა… ღვთისმსახური, რომელსაც ოჯახი ჰყავს, ვალდებულიც არის, ობიექტურად შეაფასოს მის გარშემო არსებული სიტუაცია… მისთვის არ უნდა იყოს უცხო არც კინოში, თეატრში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სიარული. მღვდლის შვილებიც დგებიან გამოწვევების წინაშე და ნუ შევხედავთ მათ, როგორც უცხოპლანეტელებს… განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში მშობლებმა აუცილებლად უნდა იმეგობრონ შვილებთან. მოზარდისთვის ანაფორიანიც, უპირველესად, მამა არის და იმიტომ, რომ ვიღაც დაშტამპული აზროვნების პატრონმა ქვების სროლა არ დაიწყოს, მამასთან ერთად თუნდაც კონცერტზე სიარული უნდა აიკრძალოს?! ეკლესიაშიც ერთად უნდა დადიოდნენ და სხვაგანაც… დიახ, აღზრდა, რომელსაც საეკლესიოს ვეძახით, მოიცავს კულტურასაც… კულტურის ორგანული ნაწილია ფილმებიც, პოეზიის საღამოებიც და სპექტაკლებიც… მღვდლის შვილიც და ნებისმიერიც ვალდებულია, ზნეობრივად ჩამოყალიბებული, თავაზიანი და პატიოსანი იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არ განისაზღვრება მხოლოდ შეზღუდვებით, მხოლოდ საზღვრების დაწესებით… იცით?! ურთულესია, როცა ექვსი შვილი გყავს… მარტო მატერიალურზე ნუ გადავიტანთ აქცენტს… ამაზე რთული მათთან მიდგომა და საერთო ენის გამონახვაა… სასულიერო პირის შვილები ისედაც სტრესს განიცდიან, რადგან მათ ხშირად ესმით -, შენ მღვდლის შვილი ხარ და ყოველ კვირას ტაძარში უნდა იარო. სასულიერო პირის შვილი ხარ და ზედმეტად არ უნდა გაიცინო, გასართობად არ უნდა მოიცალო და უამრავი გაურკვეველი შეზღუდვები… ვისი შვილიც უნდა იყოს, ადამიანმა ყველა ასაკი აუცილებლად უნდა გაიაროს… სჯობს, პატარა ასაკში დაუშვას შეცდომა, ვიდრე სრულწლოვანმა საკუთარი თავიც და გარშემო მყოფებიც დააზიანოს… ისე, რომ ვიცოდეთ, წმინდა მამები, ბერები და საკუთარ სენაკებში გამოკეტილები გვასწავლიდნენ. შეცდომა არ არის ტრაგედია. ტრაგედია ის იქნება, ამ შეცდომით არ ვიაროთ მთელი ცხოვრებაო… ისინი არ მოღვაწეობდნენ ქალაქის შუაგულში, მაგრამ იმ უდაბნოშიც არ იყვნენ ცოდვისგან დაცულები, რადგან შეიძლება საქმით არ შესცოდო, გონებით კი ცოდვის მორევში ჩაეფლო… ნურც ჩვენ დავუშვებთ შეცდომებს, სხვების ცხოვრების მოწყობაში… ნუ დავამახინჯებთ სხვის სულს… მოზარდი ლაღი, თავისუფალი და ბედნიერი უნდა იზრდებოდეს… ასეთი ადამიანი არ შეიძლება, ბოროტი იყოს… ზედმეტ შეზღუდვებში გაზრდილი კი აუცილებლად გაბოროტდება… ნუ შევუზღუდავთ იმას სხვას, რასაც საკუთარ თავს ვუზღუდავდით… ძალიან ბევრი მწერდა. სამწუხაროდ, ალბათ, მომავალშიც მომწერს – მამაჩემი მე ასე არ მზრდიდა, შენ რომ ზრდი შვილებსო… ბოდიში, აღზრდა ინდივიდურია და ყველას ერთნაირად არ უნდა შევხედოთ… ჩემი მოკლეკაბიანი შვილი არ დაუშვებს იმ შეცდომებს, რაც შეიძლება, სხვისმა გრძელკაბიანმა დაუშვას!.. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გაგვაჩნია… თუ შვილების აღზრდაში ერთმანეთს ვერ ვეხმარებით, ხელი მაინც არ შევუშალოთ… დიახ, მღვდელი ყველაზე განათლებული, წიგნიერი, პროგრესული და თანამედროვე უნდა იყოს… მას ყველაზე მეტად უნდა ესმოდეს მოზარდის ფსიქიკისა… მერე უფრო ნაკლებად მოიკლავდნენ თავს და ამდენი ტრაგედიაც აგვცდებოდა… სიმართლისა და რწმენისათვის ადი კოცონზე, იარე შენი გზით და ხალხმა ილაპარაკოს, რაც უნდა!..”,- წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები