მამაკაცს, რომელმაც კატა სარეცხ მანქანაში „გარეცხა“, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსეთში, ქალაქ უხტის მოსამართლემ იმ მამაკაცს, რომელმაც მეგობარი ქალის კატა სარეცხ მანქანაში „გარეცხა“, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასული წლის ოქტომბერში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უხტის 27 წლის მკვიდრმა, მეგობარ ქალზე გაბრაზებისას, მის კატა „რიჟიკს“ ხელი დაავლო, სარეცხ მანქანაში შეაგდო და ჩართო. რეცხვის პირველი ფაზის შემდეგ კატას ჯერ კიდევ ჰქონდა სიცოცხლის ნიშნები, ამიტომ მამაკაცმა სარეცხი მანქანა კიდევ ჩართო. შედეგად, კატა დაიღუპა. ეს ყველაფერი მამაკაცმა ტელეფონით გადაიღო და მეგობარ ქალს გაუგზავნა. მისი ქმედებების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით. დანაშაული მან აღიარა, მაგრამ ვერ ახსნა თუ რატომ გაუსწორდა ასე სასტიკად ცხოველს. სასამართლო განხილვისას მან აღიარა, რომ კატა არასოდეს იკბინებოდა და კარგად იქცეოდა. როგორც ირკვევა, ჯერ-ჯერობით განაჩენი ძალაში არ შესულა. რუსული მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება შედარებით რბილია, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს, აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებდა დამნაშავის თავისუფლების აღკვეთას. დღეისთვის რუსეთში ცხოველების მიმართ სასტიკი მოქცევა, _ 3 წლამდე, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ( ისეთი როგორც ინტერნეტში საჯარო ტრანსლირებაა) ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები