სერიული მკვლელების ოჯახი, რომელმაც საკუთარ ბაღში 12 ადამიანი დამარხა – შემზარავი ისტორია

დაცვის კომპანია „ალგანმა“ საინფორმაციო რუბრიკა დაიწყო, როგორც გახმაურებელი კრიმინალური ამბების, ისე ისტორიული ფაქტების შესახებ. „კვირა +“ გთავაზობთ ერთ-ერთ ისტორიას სერიული მკვლელების ოჯახზე:
„სისხლიანი ბენდერები – სერიული მკვლელების ოჯახის მეტსახელია, ისინი ფლობდნენ პატარა მაღაზიასა და სასტუმროს 1872 – 1873 წწ. ლაბეთ ქაუნთიში, კანზასში. ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისგან: ჯონ ბენდერი, მისი მეუღლე, ვაჟი და ქალიშვილი ქეითი. ცნობილია რომ ქეითი ძალიან ლამაზი იყო. იგი თავს ასაღებდა მკურნალად და მედიუმად. ქეით ბენდერი მიიჩნეოდა ოჯახის მამოძრავებელ ძალად, სწორედ მისი შთაგონებით სჩადიოდნენ მისი ოჯახის წევრები მკვლელობებს.
ბენდერებს სახლში ჰქონდათ ერთი დიდი ოთახი, რომელიც გაყოფილი იყო ფარდით. თუ სტუმარი მდიდარი იყო, მაშინ ისინი საპატიო სავარძელში დაჯდომას შესთავაზებდნენ, რომელიც ზურგით იდგა ჩამოფარებული ფარდისკენ. ქეითი ართობდა სტუმარს, ამ დროს კი ჯონ ბენდერი და მისი ვაჟიშვილი მას უკნიდან ეპარებოდნენ და თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით კლავდნენ. გვამს სარდაფში ძარცვავდნენ და შემდეგ იქვე ბაღში მარხავდნენ.
1873 წლის გაზაფხულზე, ბენდერების სასტუმროში გაჩერდა დოქტორი უილიამ იორკი. გამომგზავრებამდე დოქტორმა იორკმა თავის ძმას დაუბარა, რომ ბენდერების სასტუმროში გაჩერებას აპირებდა. 1873 წლის 4 მაისს, მას შემდეგ, რაც დოქტორი იორკი სახლში არ დაბრუნდა, მისი ძმა პოლკოვნიკი იორკი მივიდა ბენდერების სასტუმროში და ძმა მოიკითხა, ბენდერებმა უპასუხეს რომ ის არ გაჩერებულა მათთან და შესაძლოა, გზად ინდიელებს გადაეყარა. პოლკოვნიკისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა ბენდერების ვერსია და მან სასტუმროში სადილად დარჩენა გადაწყვიტა.
სადილის შემდეგ პოლკოვნიკმა იორკმა ოთახში, ძირს დაგდებული ოქროს მედალიონი შენიშნა, როდესაც მან მედალიონი გახსნა, იქ მისი ძმის ქალიშვილისა და მეუღლის სურათი ნახა. პოლკოვნიკი ჩუმად გაიპარა და მეორე დილას დაბრუნდა შერიფის და რამდენიმე პოლიციელის თანხლებით, მაგრამ ბენდერები იქ აღარ დახვდათ, ისინი გაიქცნენ.
ჩხრეკის შედეგად ბენდერების მიწაზე აღმოაჩინეს 12 გვამი.
დღემდე უცნობია რა ბედი ეწია ბენდერების ოჯახს. გავრცელდა ჭორები იმის შესახებ რომ სოფლის მაცხოვრებლებმა ისინი დაიჭირეს და დახვრიტეს, ქეითი ცოცხლად დამარხეს, მაგრამ ეს ცნობა არ დასტურდება“.

კომენტარები

სხვა სიახლეები