“იო მოდო ლა კასა”

კარგი ქალია ციალა. რა დროსაც არ უნდა ჩავიდე სახლში, მაშინვე შემოდის ჩემთან და მეკითხება დედაქალაქის, უნივერსიტეტის, ჩემი ახალი ბინის ამბებს და თან ყოველ ჩემს სიტყვას აყოლებს – „ყველაზე ლამაზი წლები გაქვს! ნეტავ იმ დროს!“ შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ყავას ვადუღებ და თითო ღერ „ვინსტონზე“, ქობულეთში ჩემს გამოტოვებულ დღეებზე ვიწყებთ საუბარს. ბოლოს ვხვდებით, რომ ბევრი არაფერი გამომიტოვებია. ციალას ჯერ ეღიმება, მერე მძიმედ ამოისუნთქებს, ბოლოს დაცლილ „ბიჩოკებს“ სანაგვეში ყრის და ჩქარი ნაბიჯით მიდის სახლში, თან ყოველთვის აყოლებს – „ისევ შემოგიხედავ.“
წელს, როგორც არასდროს, დეკემბრის ბოლომდე მომიხდა დედაქალაქში დარჩენა. ოცდაათში მატარებლის ბილეთი ავიღე, შემდეგ ორ კვირაზე გათვლილი ბარგი ჩავილაგე, საგზლად წასაღები კონსპექტები გადავაწყვე, ტრადიციულად „დავისტატუსე“ გრიშას „იო მოდო ლა კასა“ და ასე, მშვიდად მივიხურე მეხუთე სემესტრი. ცხოვრებაში პირველად, ნაცვლად მტირალა ბავშვისა და შეწუხებული დედისა, ახალგაზრდა ყმაწვილი დამემგზავრა, მაგრამ რად გინდა, ურეკამდე მეძინა. ურეკში ჩემი თანამგზავრის ჩემოდნების მოურიდებელმა ხმაურმა გამაღვიძა. „ჩავდივარ“, – ისეთი თვალებით მითხრა, არჩილ ფირცხალავას გაჩუქებული თიკანი გამახსენდა.
არა, შედარებებში ყოველთვის ძლიერი ვიყავი, ჰოდა, დილის ექვს საათზე ქობულეთის სადგურზე მდგარი ვფიქრობდი, რისთვის შემედარებინა ჩემი პატარა ქალაქის უხერხულად ჩაბნელებული ქუჩები. ეტყობა, ჩვენს ახალ გამგებლად მწვანე კაცი დანიშნეს, რომელმაც ქობულეთელებს საახალწლო ნათურები მოჰპარა და ხინოს მთაზე გადამალა. სახლში შვიდის წუთებზე მივედი. მისაღებში მამაჩემსა და ჩემს პატარა ძმას ეძინათ – როგორც ჩანს, ჩემს ლოდინში ჩასძინებოდათ. სახლი უჩვეულოდ, ბოლო დროისთვის შეჩვეულად არეული იყო. როგორც მამაჩემი იტყოდა, „ უქალო სახლი სახლი არ არის.“ ლუკას თავისი პატარა ხელებით გაეწყო ნაძვის ხე, ფერებისა და სათამაშოების სიდიდის მიხედვით. “არა, ეს ბავშვი დაბადებიდან პერფექციონისტია”, – გავიფიქრე, შუბლზე ვაკოცე და საახალწლო „უბორკას“ შევუდექი. დილის შვიდ საათზე ციალა შემოვიდა. ყავა მოვადუღე და მამაჩემის ღრმა ძილის დასტურის შემდეგ, თითო ღერ „ვინსტონზე“ დავიწყეთ ამბების გაცვლა. ციალა სამოცდახუთი წლისაა. ჩემს გვერდით ცხოვრობს. უყვარს ახალგაზრდობის გახსენება და საინფორმაციო გამოშვების ყურება. ახლა ჩემს პირდაპირ ზის, ღრმად ურტყამს ნაფაზებს და ფანჯრიდან თოვლს უყურებს, მე – გასაწმენდ ფანჯარას. შემდეგ მორიდებით იწევს შავი კაბის ბოლოს და ლურჯი ვენებით დაკაწრულ ფეხებს მაჩვენებს. „ზაფხულის მერე ასე მაქვს“, – ამატებს ისე, სასხვათაშორისოდ. – დღესაც უნდა წახვიდე სამუშაოდ? – ხო, სხვა რა გზა მაქვს. საახალწლოდ პროდუქტია საყიდელი. – ხო, სხვა რა გზაა… – რა უნდა გააკეთო აქ ზამთარში… ღმერთს მადლობა, რომ ეგ მაინცაა. ასორმოცდაათი ლარიც ფულია… აბა, გარეთ გადი, რომ კვდებოდე, ხუთ ლარს ვერ იპოვი. ღმერთს მადლობა, ეგ მაინც არის…. ციალა მანდარინის ქარხანაში მუშაობს. აი, იქ, უცხოური ინვესტიციის სახელით რომ შემოგვწირეს თურქმა ინვესტორებმა. აი, იქ, ზამთარში ერთადერთ სამუშაოდ რომ ესახებათ ქობულეთელებს. აი, იქ, საკუთარი ხელით მოყვანილ მანდარინს, საკუთარ ქალაქში, საკუთარი ხელებითვე რომ ვუსუფთავებთ თურქებს. აი, იქ, მთელი დღის მუშაობის სანაცვლოდ გაღებული ასორმოცდაათი ლარისთვის მადლობას რომ ვწირავთ ღმერთსა და მუსტაფას. კარგი ქალია ციალა. რა დროსაც არ უნდა ჩავიდე სახლში, მაშინვე შემოდის ჩემთან და მეკითხება დედაქალაქის, უნივერსიტეტისა და ახალი ბინის ამბებს. კარგი ქალია ციალა.. ციალა, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ მონაა. ხო, ციალა მონაა, ოღონდ სხვა მონებისგან განსხვავებით, მისთვის ფეხებზე არავის მოუბამს ჯაჭვი და იძულებით არავის წაუყვანია ცხრა მთას იქეთ. ციალა საკუთარ ქალაქში, საკუთარი ნებით, საკუთარ ფეხებზე დაკაწრული ლურჯი ვენებით ეზიდება ყვითელ მანდარინებს. აი, იმ მანდარინებს, ბაბუაჩემი და ბაბუაჩემის ბაბუა, რომ თბილად აცმევდნენ ზამთარში, არ გაგვიცივდესო. „იო მოდო ლა კასა“, როგორც გრიშა იტყოდა, აქ მთავარი ინტონაციაა. “იო მოდო”, მუსტაფა, დიდი მადლობა შენი უცხოური ინვესტიციისთვის, რომლის წყალობითაც ჩემს თანამოქალაქეებს აღარ აწუხებთ უმუშევრობა და ყველაფერი, რაც უფლებას შეერთსიტყვება. ( თავის, ხელის და ა.შ). “იო მოდო”, ციალა, შენ არ ხარ თავისუფალი, რადგან არ გაქვს არჩევანის ალტერნატივა. ეს მხოლოდ შენი არა, ჩვენი – ყველას ბრალია… ჰო, ყველას ბრალია ის, რომ მუსტაფ-ფამუქები საკუთარ მიწაზე მონებს, თავიანთ მიწაზე კი წურბელებს გვეძახიან. “იო მოდო”, მწვანე გამგებელო, მადლობას გადაგიხდიდით, ჩვენი საახალწლო ნათურები რომ ხინოს მთაზე დაგემალათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ქობულეთი არ არის კტოგრადი და ნათურები უბრალოდ „მწვანეებად“ გადაიქცა. ნათურებით თუ უნათუროდ, ასორმოცდაათლარიან თუ „მწვანეებიან“ სუფრაზე, მუსტაფასთან თუ ციალასთან – ახალი წელი ერთნაირად მოვიდა. იმ ღამეს ქალაქმა ბევრი ითოვა, ითოვა მეორე დღესაც … ზღვაც უჩვეულოდ მშვიდი იყო…
ქრისტი რომანაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები