„თქვენ ხდებით ის და ის ხდება თქვენ” – ტიბეტელი ბერი სიყვარულის შესახებ


როგორ ხედავს ვიეტნამელი ბუდისტი ბერი, მასწავლებელი, პოეტი და მშვიდობის მოძრაობის აქტივისტი  ჭეშმარიტ სიყვარულს.
ადამიანი, რომელმაც დასავლური ბუდიზმის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა, რომელიც 100-ზე მეტი წიგნის ავტორია, საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს:

„დიდი გულის“ შესახებ

თუკი მუჭა მარილს ჭიქა წყალში გავხსნით, წყლის დალევა შეუძლებელი გახდება. მაგრამ, თუკი მას მდინარეში ჩავყრით,  წყალი,  ძველებურად, სხვადასხვა დანიშნულებით გამოსადეგი იქნება. მდინარე უზარმაზარია და მას შესწევს ძალა, ერთი მუჭა მარილი „მიიღოს“ და შთანთქას.

თუკი ადამიანს პატარა გული აქვს,  მას სხვების შეცნობისა და თანაგრძნობის უნარი შეზღუდული აქვს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები იტანჯებიან. ხშირად, ჩვენ არ გვსურს სხვების არასრულყოფილება მივიღოთ და საყვარელი ადამიანისგან დაჟინებით ვითხოვთ, შეიცვალოს, თუმცა, როდესაც ჩვენი გული „იზრდება“, გვივითარდება უნარი, ვშთანთქათ ურთიერთობის ყველა „მლაშე მხარე“. შესაბამიდად, აღარ გვტანჯავს ძველებური განცდები. თვითოეულ ჩვენგანს შეგნების და თანაგრძნობის უდიდესი უნარი აქვს და ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ სხვები ისეთებად, როგორებიც არიან. ასეთ შემთხვევაში, მათ საკუთარი თავის შეცვლის მეტ შანსს ვაძლევთ.

არარსებული საზღვრების შესახებ

თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის  მჭიდრო ურთიერთობისას “საზღვრები” ქრება. თქვენ ხდებით ის და ის ხდება თქვენ. თქვენი ტანჯვა, მისი ტანჯვაა. როდესაც თქვენ გააცნობიერებთ თქვენი ემოციის მიზეზებს, ამით საყვარელ ადამიანს ეხმარებით ნაკლებად განიცადოს.  შესაბამისად, არც ტანჯვა და არც ბედნიერება, მხოლოდ საკუთარ განცდად აღარ მოგეჩვენებათ. ის, რასაც თქვენი საყვარელი ადამიანი გრძნობს, იგრძნობთ თქვენც.

ჭეშმარიტ ურთიერთობაში არ არსებობს გამოყოფილი სივრცე.  მისი სიხარული, თქვენი სიხარული ხდება და მისი ტანჯვა – თქვენი ტანჯვა. თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ: „ეს შენი პრობლემაა“.

სიყვარულის არსის შესახებ

ჭეშმარიტი სიყვარულის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გაგაჩნდეთ უნარი, საყვარელი ადამიანი გახადოთ ბედნიერი. თქვენ შეგიძლიათ მისთვის სინათლის  სხივად იქცეთ.  ვერასოდეს შეძლებთ, ბედნიერი გახადოთ საყვარელი ადამიანი, თუკი თქვენ თავად არ გაქვთ ბედნიერების განცდა. სწორედ ამიტომ, ააშენეთ მყუდრო სახლი, მიიღეთ საკუთარი თავი და გაზარდეთ ის.  ეცადეთ, იპოვოთ თქვენი ცხოვრების ის მშვენიერი წუთები, რაც სიხარულს განიჭებთ.  იმუშავეთ საკუთარ თავზე, გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება და ეცადეთ, იპოვოთ ყველაფერი ის, რასაც თქვენთვის დადებითი ემოციები მოაქვს.

როდესაც მიხვდებით, რომ საკუთარ თავში იპოვეთ ის, რისი გაზიარებაც საყვარელი ადამიანისთვის შეგიძლიათ,  როდესაც ისწავლით,  როგორ შექმნათ და „გაზარდოთ“ საკუთარ თავში ბედნიერების განცდა, მაშინ ურთიერთობისთვის მზად იქნებით. სიყვარული ხელოვნებაა, ის იარაღია, რაც ჩვენს ბედნიერებას კვებავს.
თუკი სიყვარულის არსი სწორად გესმით, მაშინ შეეცადეთ დღის განმავლობაში თქვენი ცხოვრების ყველა წუთში იპოვოთ სიხარულის თითო მიზეზი, იპოვოთ სასიამოვნო წუთები ყველგან – საუზმის მომზადებისას, ავტომანქანის ტარებისას, ბაღის მორწყვისას…

სხვისი განცდების გაზიარება, მათი შეცნობა და გულთან ახლოს მიტანა, სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი “იარაღი” და გამოხატულებაა. თუკი თქვენ საყვარელი ადამიანის არ გესმით, მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ მის შეყვარებას.

როგორ უნდა გვიყვარდეს

ხშირად ადამიანები  გვიყვარდება არა იმიტომ, რომ ნამდვილად გვიყვარს ისინი და გვესმის ჩვენი გატაცების ობიექტის განცდების, არამედ იმიტომ, რომ გვურს გავექცეთ ჩვენს შინაგან ტანჯვას, ცხოვრებისეულ პრობლემებს, უსიამოვნო ემოციებს.  გვიყვარს, თუმცა ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, როგორ გვიყვარს. ამით ჩვენ ვტკენთ, ვაზიანებთ საყვარელ ადამიანს. იმისთვის, რომ ვიცოდეთ როგორ გვიყვარდეს, საყვარელი ადამიანის უნდა გვესმოდეს.

თუკი თქვენ მისი განცდების  ფესვების შესახებ არაფერი იცით, ვერ შეძლებთ მის დახმარებას, ისევე, როგორც ექიმი ვერ შეძლებს განკურნოს პაციენტი, თუკი მისი დაავადების მიზეზი არ იცის.

თუკი თქვენ გიყვართ ადამიანი, ვალდებული ხართ მას შეუმსუბუქოთ ტკივილი. ეს ურთიერთობის ხელოვნებაა. რაც უფრო კარგად გესმით მისი, მით უფრო შეძლებთ შეყვარებას. ეს ერთი რეალობის ორი მხარეა.  ადამიანის შეცნობის და სიყვარულის უნარებს ერთი და იგივე არსი აქვს.

ურთიერთკავშირი შეყვარებულ ადამიანებს შორის

როდესაც ჩვენ საყვარელ ადამიანებს ვეუბნებით „მე შენ მიყვარხარ“, აქცენტს ვაკეთებთ სიტყვა „მე“-ზე, ამ დროს, არც კი ვფიქრობთ თავად სიყვარულზე, რომელსაც საყვარელ ადამიანს ვუზიარებთ. არ ვფიქრობთ, რამდენად ღრმაა ეს გრძნობა.  ეს იმიტომ, რომ ხშირად ჩვენი „ეგოს“ ტყვეები ვართ. საკუთარ თავს მოვიაზრებთ „ცალკე“ აღებულს,  თუმცა, ამ დროს,  ვერც კი ვხვდებით, რომ სამყაროში არ არსებობს „ცალკე“ ადამიანი.

წარმოიდგინეთ ყვავილი, ის თითქოს ერთი მთლიანია, მაგრამ ამავდროულად, ქლოროფილის, მზის სხივისა და წყლის განუყოფელი ნაწილია. თუკი მას ამ ყველაფერს ჩამოვაშორებთ,  ყვავილისგან არაფერი დარჩება.

მცენარეს არსებობა მხოლოდ ჩვენს, ამ გარემოში შეუძლია, ის სამყაროს განუყოფელი ნაწილია და ყოფიერებასთან მუდმივ ურთიერთკავშირშია. ასეა ადამიანიც.

ჩვენ არ შეგვიძლია ვიარსებოთ ჩვენით. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომლის შემადგენელი ნაწილი ვართ და მასთან მუდმივ კავშირში ვიმყოფებით.  ჩვენი არსებობა დამოკიდებულია მიწაზე, ჰაერზე,  მზეზე, წყალზე, მშობლებზე, წინაპრებზე…

ჭეშმარიტ სასიყვარულო ურთიერთობაშიც, თუკი თქვენ გექნებათ უნარი, საყვარელი ადამიანი და თქვენი თავი სამყაროს განუყოფელი ნაწილის ჭრილში დაინახოთ, თუკი თქვენ იგრძნობთ, რომ მისი განცდები თქვენი განცდებიც არის,  თუკი სიხარულს და ტკივილს ერთნაირად ინაწილებთ, ასეთი ხედვით, თქვენ მის მიმართ სხვაგვარი, ნამდვილი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ.

ეს არის ის, რასაც ჭეშმარიტ სიყვარულს უწოდებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები