თუ ჩვილი ხელიდან გაგივარდათ ან საწოლიდან ჩამოვარდა: “არ მისცეთ ბავშვს დაძინების საშუალება” – ნევროლოგის რჩევები

ბევრი მშობლისთვის ჩვილის ხელიდან გავარდნა ძალიან სტრესულია და ეს შესაძლოა გადაღლილობის, უძილობის ფონზე, სრულიად შემთხვევით მოხდეს. ჯანმრთელობის დაზიანების რა რისკები არსებობს ამ დროს და შესაძლებელია თუ არა, ბავშვმა სერიოზული ტრავმა მიიღოს, ასევე როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება – თემაზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე გვესაუბრება:
– მსგავსი შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, საბედნიეროდ, არც ისეთი ხშირია, როგორიც ამის შიში გვაქვს. რაც შეეხება ჯანმრთელობის რისკებს, მაღალია, რადგან ახალშობილის და ჩვილი ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, თავის ტვინი და შინაგანი
ორგანოები, არასრული სიმწიფიდან გამომდინარე, უფრო მოწყვლადია, ვიდრე შედარებით ზრდასრული ბავშვების.
– როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი მსგავსი შემთხვევის დროს ექიმთან უნდა წაიყვანოს? რა ნიშნებია განსაკუთრებით საყურადღებო?
– ახალშობილი და წლამდე ასაკის ჩვილი, ნებისმიერი ტიპის ტრავმის შემთხვევაში სასურველია, რომ მოკლე პერიოდში ექიმმა გასინჯოს. წინასწარი შეფასებისთვის შეიძლება მივმართოთ ოჯახის პედიატრს, ან ტრავმის ხასიათიდან და ხილული დაზიანებიდან გამომდინარე, შესაბამის სპეციალისტს – ტრავმატოლოგს, ნევროლოგს, ქირურგს.

პატარა ბავშვის პირველი და ბუნებრივი რეაქცია ტრავმის დროს არის ტირილი. თუმცა, თუ ბავშვი მშობლის ან ოჯახის წევრის ჩახუტების, მოფერების ფონზე ადვილად მშვიდდება, არ აქვს გარეგნული დაზიანების რამე ნიშანი – სიწითლე ან სილურჯე, კოპი, ჭრილობა ან დაჟეჟილობა, პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, ბავშვი ხომ არ იღებს იძულებით პოზას, ხომ არ ზოგავს რომელიმე კიდურს, განსაკუთრებით ხომ არ ჭირვეულობს ან ტირის კონკრეტულად რომელიმე უბანთან შეხებისას, თუნდაც გარეგნულად დაზიანება არ ვლინდებოდეს.

განსაკუთრებით საშიში სიმპტომებია თუ ტრავმის ფონზე თუნდაც ხანმოკლედ მოხდა გონების დაკარგვა, ან ბავშვი ტრავმის მერე არის არაბუნებრივად მოთენთილი, გაბრუებული, ან ძილიანი, ან პირიქით არაბუნებრივად აგზნებულია. ასეთ შემთხვევაში დროის დაკარგვის გარეშე უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება, ან ჩვენი ძალებით გადავიყვანოთ ბავშვი კლინიკაში.
– ამ დროს როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება, რა უნდა გააკეთოს მშობელმა ექიმთან მისვლამდე?
– პირველი და უნივერსალური რეკომენდაცია ყველა კრიტიკული მდგომარეობის დროს არის ის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. პანიკა საქმეს მხოლოდ გაგვირთულებს.
თუ ბავშვი სიმაღლიდან გადმოვარდა, ან თუნდაც უხერხულად დაეცა, პირველი დათვალიერება და შეფასება უნდა ჩაუტარდეს იმ მდგომარეობაში, როგორც დაეცა. ხელში აყვანამდე აუცილებელია გარკვეული დასკვნების და შეფასების ადგილზევე გაკეთება.
პირველ რიგში, ვაფასებთ ბავშვის ცნობიერებას – კონტაქტურია თუ არა, რეაგირებს თუ არა ჩვენს ხმაზე, შეხებაზე. ხომ არ არის, ან ხომ არ ჰქონდა ადგილი გონების კარგვას. თუ ბავშვმა მყისიერად იტირა და აგრძელებს ტირილს, ტირის კარგი, ძლიერი ხმით, თვალღიაა და გვიყურებს თვალებში, რეაგირებს ჩვენს ხმაზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმ ეტაპზე ცნობიერება შენახული აქვს. საყურადღებოა, თუ ბავშვი არ ტირის, ან კვნესის, ან ტირის სუსტი ხმით, არ ახელს თვალებს და ნაკლებად ან არ რეაგირებს ჩვენს ხმასა და შეხებაზე.
ამის შემდეგ ვიწყებთ ბავშვის დათვალიერებას. იმის მიხედვით, როგორ მოხდა ბავშვის ვარდნა, ჩამოვარდა თუ ჩამოგორდა, დაზიანებული ადგილები შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს განლაგებული სხეულზე. ვიწყებთ ხილული ადგილების დათვალიერებით და ყველაზე ბოლოს ვათვალიერებთ იმ უბნებს, რომლებიც უშუალო შეხებაშია ზედაპირთან. ნებისმიერი მოძრაობა უნდა იყოს ნელი და ფრთხილი.
თუ ბავშვი პოზიციის შეცვლაზე რეაგირებს ძლიერი ტირილით, ზოგავს სხეულის ნაწილს, ან თვალსაჩინოა უხეში ჭრილობა ან დაჟეჟილობა, აჯობებს დაველოდოთ სასწრაფო დახმარებას ან შესაბამისი განათლების მქონე ადამიანმა განახორციელოს ბავშვის გადაყვანა საწოლზე.
თუ ბავშვი ტრავმის მიუხედავად აქტიურია, არ ვლინდება რაიმე ტიპის შეზღუდვა მოძრაობის მხრივ, თვითონვე ცდილობს წამოჯდეს, გეჭიდებათ ხელებზე და თანაბრად ავითარებს ძალას ყველა კიდურში, ტირილის დროს სახე სიმეტრიულია და მიმიკური კუნთები თანაბრად იკუმშება, შეხებით და ჩახუტებით პირიქით მშვიდდება, შეგვიძლია თამამად ავიყვანოთ ხელში და დავამშვიდოთ.
აღნიშნული რისკ ფაქტორების და საყურადღებო სიმპტომების ყოფნა-არ ყოფნა განსაზღვრავს, რამდენად კრიტიკულია დროული კომუნიკაცია ექიმთან. ნებისმიერ შემთხვევაში პირველი 2 საათი არის ძალიან კრიტიკული, განსაკუთრებით თავის ტვინის ტრავმის სიმპტომების გამოვლენისთვის და მიზანშეწონილია ეს დრო ახალშობილმა და ადრეული ასაკის ჩვილმა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაატაროს. შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებს შეიძლება დავაკვირდეთ ბინის პირობებშიც, თუმცა თადარიგი დავიჭიროთ, რომ სიმპტომების აღმოჩენებისთანავე დროულად მოხდეს ტრანსპორტირება. ეს სიმპტომებია არაბუნებრივი მოდუნება, ძილიანობა ან აგზნება, თავის ძლიერი ტკივილი, მეტყველების გაუარესება, მოძრაობის შეზღუდვა, რომელიც შეიძლება ნელა და შემპარავად იწყებოდეს და თანდათან უარესდებოდეს. სასურველია, რომ ამ 2 საათის მანძილზე ბავშვს არ მივცეთ დაძინების საშუალება და რამე მისთვის სახალისო, მაგრამ მშვიდი და ნაკლებად აქტიური თამაშით გავართოთ.
ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ექიმს, არის ტრავმის ტიპი, დეტალები, ტრავმის წინმსწრები აქტივობა, ვარდნის სიმაღლე და ტიპი, იმ ზედაპირის მდგომარეობა, სადაც დავარდა ბავშვი (რბილი ხალიჩა თუ მყარი იატაკი, მიწის გრუნტი, ქვიშა, ბალახი და ა.შ.).
– ახალბედა დედები ხშირად შიშობენ, რომ მათმა შვილმა შესაძლოა წელი, კისერი ,,გადაიქნიოს“ – ეს რეალურად აყენებს ბავშვს ზიანს თუ მითია?
– კარგი და ტიპური განვითარების ბავშვი, როგორც წესი არ გადაიქნევს ისე თავს, ან წელს, რომ ამ მოძრაობით თვითონ რაიმე დაიზიანოს. სხვა საკითხია, რომ ამ დროს შეიძლება უნებურად მიეჯახოს ახლოს მდგარ ავეჯს ან კედელს. ასეთი მკვეთრი მოძრაობები ბავშვებს ყველაზე ხშირად ახასიათებთ, როდესაც გვიპროტესტებენ რაიმეს, ცდილობენ, ხელიდან გასხლტომას. თუ პატარაა ბავშვი, ხელში ჭერისას, სასურველია, რომ კარგად დავაფიქსიროთ წელის მიდამო, რომ მკვეთრი მოძრაობის დროს ვაკონტროლოთ მოძრაობის დიაპაზონი. თუ შედარებით მოზრდილი ბავშვია, რომელიც ასე ერთობა, ან ტანტრუმს აწყობს და ამიტომ აკეთებს მკვეთრ მოძრაობებს, უბრალოდ გავარიდოთ ისეთ ადგილს, სადაც შეიძლება უნებურად მიიღოს ტრავმა.
– როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს, შესაძლოა პერიოდულად დაეცეს, თავი რაიმეს მიარტყას, საწოლიდან გადმოვარდა. ასეთ დროს, რამდენად სერიოზული ტრავმა შეიძლება მიიღოს?
– დიახ, ახალფეხადგმული ბავშვი ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა. საწოლიდან ვარდნის შემთხვევებიც არც ისე იშვიათია – ბავშვებს, ერთის მხრივ, ძალიან იტაცებთ რბილი მატრასის ბატუტად გამოყენება და, მეორეს მხრივ, ძილის მოტორული ფენომების დროს შეიძლება მოხდეს საწოლში ისე გადაადგილება, რომ ბავშვი იატაკზე აღმოჩნდეს. საბედნიეროდ, სტატისტიკურად, ამ დროს მიღებული ტრავმების უმრავლესობა სრულიად უსაფრთხოა, თუმცა რისკები რა თქმა უნდა არის. წესები და პირველი დახმარება იგივეა, რაც სხვა შემთხვევაში და მათზე უკვე ვისაუბრეთ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო: https://www.mshoblebi.ge

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები